Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
3-11-2012, 15:33
ნანახია: 1723

ზურაბ ტყემალაძე: თუ დამნაშავე აღმოჩნდა, პრეზიდენტსაც აუცილებლად დავსჯით!

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემელაძე.


_ ბატონო ზურაბ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განწყობაა. მისი ერთი ნაწილი არ მალავს ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილებას. ისინი ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დიდჩინოსანი სასწრაფოდ ციხეში უნდა გავუშვათ. უკაცრავად და, ამას წინასაარჩევნოდ  ოპოზიციაც აცხადებდა, მათ შორის, თქვენი კოალიციის ლიდერებიც. აკი ყველა დანმაშავე უნდა დაისაჯოსო?


_ პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან ორი კვირაც კი არ გასულა და ამგვარი საუბარი არასწორად მიმაჩნია. ერთ კვირაში და თუნდაც ერთ თვეში, ყველა პრობლემა, თანაც ერთბაშად,  ვერ მოგვარდება. ჩვენ რა დაპირებებიც გავეცით, ყველაფერს შევასრულებთ და მოტყუებული არავინ დარჩება.


_ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უკვე აუცრუვდა თქვენზე გული...


_ ეს არის რევანშისტულად განწყობილი მცირე ნაწილი, რომელსაც ყვველაფრის მოგვარება სასწრაფოდ უნდა. მაგრამ, ასე არ გამოვა _ ყველაფერი კანონიერად უნდა გაკეთდეს. არის მეორე მომენტიც, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოების ეს ნაწილი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. ისინი ჩვენთან ურთიერთობაში პატიოსნად არ იქცევიან. კარგად მახსოვს პარლამენტის სხდომა, როცა გამოვიდა გიორგი ღვინიაშვილი და ბრძანა: ხალხს გული აუცრუვდა თქვნზე და მოტყუებულები დარჩნენო. თან ეს პრემიერ-მინისტრის დამტკიცების დღეს გვისაყვედურა. ისიც თქვა, საშემოდგომოდ სოფლის მეურნეობას რიგიანად არ მიხედეთო. დალოცვილიშვილო, მაგათი გასაკეთებელი იყო ყველაფერი სოფელში, სოფლის მეურნეობის საშემოდგომო სამუშაოებიც და დანარჩენიც. გაეკეთებინათ, ვინ უშლიდა? დაავიწყდათ, არჩევნები პირველ ოქტომბერს რომ ჩატარდა და არა პირველ მაისს? აი, ასეთი_ ღვინიაშვილსთანა ხალხის მცდელობაა, პროპაგანდის გზით მოახდინონ ჩვენი დისკრედიტაცია და საზოგადების ნაწილი დაგვიპირისპირონ.


_ კი მაგრამ, მართლა არის საზოგადოების გარკვეული კატეგორია, რომლისთვისაც ერთი თვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიღაცას ამ ერთ თვეში სახლს უყიდიან, ვიღაცას სერიოზული პრობლემები აქვს ციხეში, მავანი უწამლობითა და უსახსრობით კვედება. სწორედ თქვენი კოალიციის წევრთა საარჩევნო რიტორიკის ნაწილი იყო ის, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე ერთ და ორ თვეში უამრავი ადამიანი იგრძნობდა შვებას. წორედ ეს ადამიანები ითხოვენ სასწრაფოდ შვებას და დანაპირების შესრულებას. 


_ კიდევ ვიმეორებ, რომ ერთ და ორ თვეში ვერ აშენდება ეს ქვეყანა. ისიც გავიხსენოთ, "ნაციონალებმა" რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. მართალია, ვიღაცას ძალიან უჭირს, ვიღაცას სახლს უყიდიან, მაგრამ თუ ამ სახლს იმის გამო უყიდიან, რომ ბანკთან ან სარედიტო დაწეებულებასათან  აქვს დავალიანება  და ვერ გადაიხადა, ეს კერძო დავაა და ვარაფრით დავეხმარებით. თუ ვინმეს უსამართლოდ რაიმე წაართვეს და იმას უყიდიან, მაშინ პირადად დამირეკონ ან წერილობით მომმართონ და ამ პრობლემას მოვაგვარებ. ახალმა მინისტრმა ციხეში მდგომარეობა გამოასწორა და კიდევ უფრო უკეთესი სიტუაცია იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყვნენ ადამიანები, რომლებიც უწამლობითა და უსახსრობით დაიხოცებიან!


ეს უმძიმესი მდგომარეობა, იმ ხელისუფლების ბრალია, რომელიც ახლახან შეიცვალა. ცოტა ხანს გვაცალეთ და ყველა იმ საკითხს მოვაგვარებთ, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მოეგვარებინა.


_ ბატონო ზურაბ, "ნაციონალური " მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურებიან. სართოდ, ხშირად აქეთ გიტევენ, თითქოს ამ რვა წლის მანძილზე რაც მათ დანაშაული ჩაიდინეს, თქვენი გაკეთებული იყოს. ჩიორა თაქთაქიშვილი კი ისეთი აღშფოთებული მართავს ბრიფინგებს ოპოზიციის უფლებების დარღვევებზე, თითქოს  ბელგიის პარლამენტის წევრი იყოს და დიდი დროა გასული მას აქეთ, როცა  ეგენი   ოპოზიციონერებს ქუჩაში  იჭერდნენ. რატომ არ მოსთხოვთ პასუხს იმ დანაშაულებებზე, რაც ჩაიდინეს და კუთვნილ ადგილს რატომ არ მიუჩენთ?


_ ძალიან კარგად ვიცი და მესმის ეს ყველაფერი. ამას წინათ გამოვიდა ჩიორა თაქთაქიშვილი და თქვა: ეკა ბესელია ზეწოლას ახორციელებს ფოთის საკრებულოს სხდომაზეო. მე ვნახე ის კადრები, მაგრამ მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე. კაცო, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – პარლამენტის დეპუტატს უფლება აქვს ნებისმიერი სათათბიროს სხდომას დაესწროს, თუ ის დახურული არ არის. ჩიორა თაქთაქიშვილს თუ დავუჯერებთ, ან ეკა ბესელია არ არის პარლამენის წევრი, ანდა მან კანონი არ იცის. არადა, იმავე დღეს, ქუთაისის საკრებულოში,  "ნაციონალმა" დეპუტატმა გიორგი თევდორაძემ,  საკრებულოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო, იქ შეხლა-შემოხლაც იყო, მერე მუშტი-კრივიც გაიმართა... ამ ფაქტზე რატომ არაფერს ამბობენ ქალბატონი ჩიორა და სხვა "ნაციონალი" ლიდერები? ასე, ორმაგი სტანდარტით მიდგომა არ შეიძლება. ესენი ორმაგი სტანდარტით ცხოვრობდნენ დღემდე და იმავეს აგრძელებენ. არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს უკვე მათი ცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობის ნორმაა და მომავალშიც ნებისმიერ მოვლენებს ასე, ორმაგი სტანდარტით მიუდგებიან.


_ ბატონო ზურაბ, წეღან წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე გკითხეთ. ხალხი ითხოვს სასწრაფოდ გასამართლდნენ დამნაშავე მაღალჩინოსანნი. შესაძლოა,  მითხრათ, რომ ეს არის საზოგადოების რევანშისტულად განწყობილი ნაწილი, მაგრამ ამ ხალხს თქვენ სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდით და, სწორედ ამას ითხოვენ.


_ რევანშისტული მიდგომა საზოგადოების ერთი ნაწილისაგან არ არის გამორიცხული და რევანშიზმის რეციდივები თავშივე უნდა აღიკვეთოს. რევანშით სამართლიანობას ვერ აღვადგენთ. კანონის წინაშე ვინც დამნაშავეა, ყველა აგებს პასუხს.


_ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მთავარი პროკურორის სახელზე შეიტანა განცხადება, 2004 წელს, სვანეთში,  სოფელ ეცერში,  აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მოითხოვს გამოძიების განახლებას და  ამ ფაქტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ბარამიძის გასამართლებას. თქვენს გუნდს ეყოფა პოლიტიკური ნება რომ ეს ადამიანები დასაჯოს?


_ სწორედ პოლიტიკური ნების ყოფნა-არყოფნაზე არ უნდა იყოს საქმე დამოკიდებული. სწორედ პოლიტიკური ნება არ უნდა გამოამჟღავნონ იმ ადამიანებმა, ვისი მოვალეობაცაა სამართლის აღსრულება. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვისაც კანონი დამნაშავედ ცნობს და პოლიტიკური მოტივები ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს.


_ სხვაგვარად დავსვამ კითხვას: გეყოფათ გამბედაობა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თუ ის დამნაშავე აღმოჩნდა, დაიჭიროთ?


_ რა შუაშია აქ გამბედაობაზე საუბარი? მართლმსაჯულების წინაშე ყველა თანასწორია _ ქალიც, კაციც, დიდიც, პატრაც, ჩინოსანიც და უჩინოც.


პრეზიდენტი კანონმა თუ დაადანაშაულა, ის აუცილებლად სრული სიმკაცრით დაისჯება.