Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
25-09-2014, 16:56
ნანახია: 1089

დაკრედიტებული მინისტრები

   როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იუწყება,  რამდენიმე თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ბანკიდან დიდი ოდენობის სესხი გამოიტანა. ამასთან, რიგ შემთხვევაში, სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა თანამდებობის პირების კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი აღემატება კიდეც


 ასე მაგალითად,   ოთარ დანელია 2014 წლის აპრილში მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა,  ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად - 2014 წლის ზაფხულში.ორგანიზაციის ცნობითმ  საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე დანელიას ორი ქონებრივი დეკლარაციაა ხელმისაწვდომი: ერთი 2013 წლის მაისშია შევსებული, მეორე კი - 2014 წლის ივნისში.


   "2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში, დანელიას 200 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც მან 2014 წლის მარტში აიღო. გარდა ამისა, მინისტრს ჯამში სხვადასხვა პერიოდში 70 000 აშშ დოლარისა და 42 500 ლარის ოდენობის სესხები აქვს აღებული.


   იმავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრისა და მისი მეუღლის შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან წინა წლის (2013) განმავლობაში სულ დაახლოებით 120 000. ლარი იყო, ანუ, თვეში დაახლოებით 10 000 ლარი. დეკლარაციაში არ არის მითითებული დანელიას შემოსავალი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, რადგან, დეკლარაცია მის ამ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდებს არ მოიცავს.


   სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანიშვნამდე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და 2013 წელს მისი ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 81 070 ლარი იყო.


   დანელია ოთხი სხვადასხვა კომპანიის მეწილეა, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი დეკლარირებული არ აქვს. მისი დეკლარირებული დანაზოგი შეადგენს ნაღდ ფულს 7000 აშშ დოლარისა და 4000 ლარის ოდენობით და დაახლოებით 6,500 აშშ დოლარი და 1,500 ლარის ოდენობის თანხას საბანკო ანგარიშებზე.


   მინისტრის ქონებას 2014 წელს თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე 161.84 კვ.მ. ფართობის ბინა, დაბა შინდისში 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და 265 კვ.მ. ფართობის მშენებარე სახლი შეემატა.


  "ბანკ რესპუბლიკის" ვებგვერდზე განთავსებული სესხების კალკულატორის მიხედვით, მხოლოდ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხზე მინისტრს თვეში დაახლოებით 2 000 აშშ დოლარის (დაახლოებით 3,450 ლარის) გადახდა უწევს, რაც მისი ყოველთვიური ხელფასის
69%-ია.


   გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს,  2012 წლის ნოემბრიდან  ბანკ "ქართუში" 120 000 აშშ დოლარის სესხი აქვს დამტკიცებული. იმავე წელს მინისტრმა 155 000 ლარის და 55,000 აშშ დოლარის შემოსავალი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიიღო.


  2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, წინა (2012) წლის შემოსავლად კვირიკაშვილს 34 709 ლარი აქვს მითითებული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლო ორ თვეზე ნაწილდება, რადგანაც კვირიკაშვილი 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაინიშნა თანამდებობაზე. ამას გარდა, მინისტრს დეკლარირებული აქვს 9300 ლარი ნაღდი ფული და 3700 ლარი ნაშთი საბანკო ანგარიშზე.


   სესხის გადასახდელად მინისტრს 1 586 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 800 ლარი) აქვს მითითებული, რაც მისი ყოველთვიური ანაზღაურების 56%-ია.
   ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომელიც 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან შინაგან საქმეთა მინისტრია, იმავე თვიდან საქართველოს ბანკში  140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს რეგისტრირებული. "საქართველოს ბანკის" სესხების კალკულატორის მიხედვით, მინისტრს თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარის (დაახლოებით 2 600 ლარი) გადახდა უწევს სესხის დასაფარად, ანუ ხელფასის 52%-ის. 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში, მისი წინა წლის (2013) შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან დაახლოებით 67 000 ლარი იყო, რაც თვეში 5 580 ლარია.


   ჭიკაიძემ 2013 წლის ნოემბერშივე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 293 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინა 169 000 აშშ დოლარად შეიძინა.
  სოზარ სუბარი 2012 წლის ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, 2014 წლის ივლისიდან კი იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრია.


   2013 წლის მარტში სუბარმა "ქართუ ბანკში" 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო და თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე 187 კვ.მ. ფართობის ბინა 190 000 აშშ დოლარად შეიძინა, რომლის მესაკუთრედაც სუბარის მეუღლეა მითითებული.


   მსგავსი ოდენობის სესხზე გადასახადი თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 600 ლარი) უნდა იყოს, ანუ მინისტრის ყოველთვიური ხელფასის 52%. წინა წლის (2012) შემოსავლებში სუბარს და მის მეუღლეს ჯამში 30 527 ლარი აქვთ მითითებული, რაც საშუალოდ, თვეში, 2 543 ლარია. ამას გარდა, მინისტრს და მის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე 7 200 ლარი და 600 აშშ დოლარი აქვთ დეკლარირებული.