მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოხატავენ

მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოხატავენ

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N 19 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


განცხადების მიხედვით, დეპარტამენტის თანამშრომლები 2 ნოემბერს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნენ.


მსჯავრდებულები ჩივიან, რომ მათ ჯანმრთელობას არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება. ისინი არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო მედიკამენტებით, მათ შორის ღვიძლის და სხვა ორგანოების დამცავი პრეპარატებით, რაც აუცილებელია ტუბერკულოზის მკურნალობისას.


მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ N19 დაწესებულების მთავარი ექიმი, ოთარ ტრაპაიძე არ ასრულებს თავის მოვალეობებს, კერძოდ, არ ინტერესდება ავადმყოფების მდგომარეობით, მიზანმიმართულად არ ახდენს მძიმე ავადმყოფების წარდგენას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მიზნით, ხოლო თუ ავადმყოფი პატიმარი თავისი ხარჯებით ჩაიტარებს ექსპერტიზას, ოთარ ტრაპაიძე სასამართლოს არწმუნებს, რომ თვითონ შეძლებს მის განკურნებას N19 დაწესებულებაში.


განცხადებაში მოყვანილია ცხრა მსჯავრდებულის გვარი, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში ამგვარი გულგრილი დამოკიდებულების გამო გარდაიცვალნენ და აღნიშნულია, რომ ეს სია საბოლოო არ არის.

გარდა ამისა, N19 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ უკანასკნელ ხანებში საგრძნობლად გაუარესდა კვება.


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, შეისწავლოს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და მოახდინოს სათანადო და დროული რეაგირება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: