მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისთვის რეგიონებში საგანგებო შტაბები იმუშვებენ

მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისთვის  რეგიონებში საგანგებო შტაბები იმუშვებენ

   ქუთაისში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები, აჭარისა და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ საქართველოს რეგიონებში, სადაც ძლიერი შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, საგანგებო შტაბები შეიქმნება. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მთავრობის წევრები და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები ყველა პოტენციურად საშიშ ზონაში ვითარებას პირადად გააკონტროლებენ.

  როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის სრულად არის მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა; სვანეთის გზაზე და დევდორაკის ხეობაში, სადაც მეწყერული ადგილებია, სპეციალისტების 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული.

  "სხდომის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები რეგიონებში - ზუგდიდსა და ანაკლიაში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმსა და სარფში განაწილდნენ.

  დავით შავლიაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე ზუგდიდიში გაემგზავრნენ. ისინი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გაფართოებულ თათბირს გამართავენ, არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ და მხარეში განსახორციელებელ ღონისძიებებს დაგეგმავენ.

  ოზურგეთსა და ბათუმში ვითარებას აკვირდებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტისა და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ხელმძღვანელები; სარფში გაემგზავრნენ "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" წარმომადგენლები.

  შავ ზღვაზე ისევ შტორმია მოსალოდნელი.

 "28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს.

  ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში.მეტეოროლოგების ვარაუდით აღნიშნული ვითარება 28 სექტემბის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს",-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: