ბექა ცხადაძე: „ბატონო ლუკა, შეეშვით კოლეგების დისკრეტიზაციას ეს არც სპორტული, არც პროფესიონალური და არც ადამიანური საქციელია“

ბექა ცხადაძე: „ბატონო ლუკა, შეეშვით კოლეგების დისკრეტიზაციას ეს არც სპორტული, არც პროფესიონალური და არც ადამიანური საქციელია“

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი დაასახელებს იმ სპორტსმენების სახელსა და გვარს ვინც წინა ხელისუფლების დროს ზონდერებად მუშაობდნენ და სპორტული საქმიანობის ნაცვლად არბევდნენ, სცემდნენ ხალხს, თსუ-ს სამართლის სკოლის სტუდენტი ბექა ცხადაძე ეხმაურება, რომელიც კურტანიძეს მოუწოდებს, შეეშვას სპორტსმენების დისკრედიტაციას და ნუ არღვევს მათ უფლებებს.


ცხადაძე ასევე წერს იმასაც რომ თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა იცოდა მსგავსი ფაქტების შესახებ და არ მოახდინა დროზე რეაგირება, ესეც დანაშაულია!


„ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ ბექა ცხადაძის კომენტარს, რომელიც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა.


„ლუკა კურტანიძე იმ სპორტსმენების ვინაობის დასახელებით იმუქრება, რომლებიც მისი განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ზონდერებად მუშაობდნენ.


მისივე განცხადებით, მისთვის ცნობილია სპორტსმენთა ვინაობა, რომლებსაც ზონდერებად არ უმუშავიათ, მაგრამ პასიურობითა და დუმილით ყოფილ მმართველ გუნდს აძლიერებდნენ.


ბატონო ლუკა, თუ გქონდათ ინფორმაცია სპორტსმენთა ნაწილის არასპორტული საქციელის შესახებ და მათ სანქციას არ უწესებდით, უკვე დანაშაულია. გარდა ამისა, შურისძიება უარყოფითად აისახება თქვენს, როგორც პროფესიონალის იმიჯზე. დარწმუნებული ვარ, თქვენი განცხადება კოლეგების თქვენდამი უარყოფით დამოკიდებულებას უკავშირდება.


თქვენ ასევე ახსენებთ სპორტსმენებს, რომლებსაც თქვენივე განცხადებით, ყოფილი მმართველი გუნდისგან გასამრჯელო არ აუღიათ, მაგრამ პასიურობითა და დუმილით მას აძლიერებდნენ.


ბატონო ლუკა, სამოქალაქო აქტივობის გამოჩენა და პოლიტიკური ორიენტაცია ადამიანის ნებასა და სურვილზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით გარანტირებული უფლებაა. შეეშვით კოლეგების ნაწილის დისკრეტიზაციას, ეს არც სპორტული, არც პროფესიონალური და არც ადამიანური საქციელია.“


                                             მოამზადა თაზო ბენიძემ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: