ალექსი პეტრიაშვილი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მუქარის შემცველია!

ალექსი პეტრიაშვილი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მუქარის შემცველია!

 ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა, თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი ცენტრი განთავსდეს და როგორი ფორმით ვიზრუნოთ რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში ჩვენი წვლილის შეტანაზე, - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო გახსნის თაობაზე.

  "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს] ეს განცხადება ყველაფერია, გარდა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებასა და შენარჩუნებაში დაინტერესებული სახელმწიფოს გამოხმაურებისა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ის წარმოადგენს მუქარის შემცველ გაფრთხილებას იმ სახელმწიფოსი, რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, არაფრად აგდებს საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართლის ნორმებს და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ყოველმხრივ ხელს უწყობდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ექსტრემისტებისა და კრიმინალებისთვის ე.წ. "უსაფრთხო სამოთხის" შექმნას. ცინიზმია და სხვა არაფერი, რომ მაშინ, როდესაც თავად ეს სახელმწიფო ახდენს 21-ე საუკუნეში სუვერენული უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ღია აგრესიას მის წინააღმდეგ, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, შეწუხებით და მზრუნველობით საუბრობს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე სამხრეთ კავკასიაში. ვადასტურებ რა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად არ განიხილება სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი, მოვუწოდებ რუსულ მხარეს, თავად გადააფასოს საკუთარი ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე სეპარატისტებისთვის ხელშეწყობა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო აღიარება და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე გადაწყვეტილება", - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: