საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც  3 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მომხდარ ინციდენტს განმარტავს.
   "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტებას აკეთებს დღეს, 3 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. კერძოდ, ადმინისტრაციის თანამშრომლის ლაშა წურწუმიას მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციის უფროსის, ქალბატონის სიტყვიერი შეურაცხყოფის და შეფურთხების ფაქტს.


  ლაშა წურწუმიას აგრესია იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მან მიიღო შეტყობინება 6 ოქტომბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ წურწუმიას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი და თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.

  ლაშა წურწუმია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მობილური მომსახურების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2013 წლის ივლისიდან მუშაობს. ბოლო პერიოდში წურწუმიას მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისადმი აგრესიული ქმედებების გამოვლენას. შექმნილი სიტუაცია უარყოფითად აისახებოდა ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე და პრობლემებს უქმნიდა თანამშრომლებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

  ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან უშედეგო აღმოჩნდა წურწუმიასთან ურთიერთობის დარეგულირების არაერთი მცდელობაც. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ ლაშა წურწუმიას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

  3 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის გამო საჭირო გახდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში საპატრულო პოლიციის გამოძახება. პოლიციის მიერ დაიკითხა ინციდენტის მონაწილე ყველა მხარე", - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: