ავარიული სახლების გამაგრეითი სამუშაოები მალე განახლდება

ავარიული სახლების გამაგრეითი სამუშაოები მალე განახლდება

  ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მალე განახლდება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

  "ბოლო დღეების განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან ხშირად ისმის კითხვა ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებთან დაკავშირებით. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, ამჟამად გამოცხადებულია ტენდერები, რის შემდეგაც უკვე დაიწყება ამ სახლების გამაგრება-გაძლიერება. პროგრამა შეეხება უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაში მყოფ მრავალსართულიან, მრავალბინიან კორპუსებს, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. ჯამში, მიმდინარე წელს 46 ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები დაიწყება.

  აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის წინა ხელისუფლების მიერ ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე გამოცხადებული 12 ტენდერიდან ახალ ადმინისტრაციას 9 ტენდერის შეწყვეტა მოუხდა, ვინაიდან ტენდერი შემსრულებელ კომპანიებს, პრაქტიკულად, არანაირ მოთხოვნებს არ უყენებდა. ეს კი, საბოლოო ჯამში, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, არაეფექტიანად დახარჯულ საბიუჯეტო სახსრებსა და მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა.

  სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების პირობებში მეტი სიცხადის, მხარეთა ვალდებულებების მკაფიოდ განსაზღვრისა და პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ:

  გაიზარდა კომპანიის მხრიდან ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხს აამაღლებს.

  კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესასრულებელ სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი.

  დაიხვეწა საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები.

  კომპანიები ვალდებული გახდნენ, სამუშაოთა შესრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, წარმოადგინონ საექსპერტო დასკვნა.

  გაიზარდა მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა.

  დაიხვეწა ანგარიშწორების პირობები.

  სამუშაოთა შესრულების დროს შემსრულებელი ვალდებული გახდა, მასალების გამოცდისათვის საჭირო სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ჩაატაროს გამოყენებული ძირითადი მასალების ხარისხის ყველა საკონტროლო გამოცდა; ამასთან, შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ლაბორატორიული დასკვნები.

  ზემოაღნიშნული ცლილებების შესაბამისად, გადაიხედა და დაიხვეწა ყველა ტენდერის ტექნიკური დავალება. შეწყვეტილი ტენდერებიდან დღეისათვის განმეორებით გამოცხადებულია 3 ტენდერი 8 ავარიული სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე. მომდევნო კვირას დამატებით გამოცხადდება 5 ტენდერი 15 ავარიულ სახლზე, ხოლო დანარჩენი შეწყვეტილი ტენდერები 13 ავარიულ სახლზე თვის ბოლომდე განმეორებით გამოცხდდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება",-ნათქვამია  განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: