თენგიზ ფხალაძე: "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება" ხელშეკრულება საფრთხეების შემცველია საქართველოსთვის!

თენგიზ ფხალაძე: "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება" ხელშეკრულება  საფრთხეების შემცველია საქართველოსთვის!

  საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება"  საკმაო საფრთხეების შემცველია საქართველოსთვის.

  მისი თქმით, ეს არის ძალიან საშიში ნაბიჯი და ამ ხელშეკრულების ტექსტი შეიცავს ძალიან სერიოზულ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.

  "მიუხედავად იმისა, რომ აქ არის გარკვეული განსხვავება კონკრეტულად ყირიმის სცენართან შედარებით, იმ კუთხით, რომ ატრიბუტები ე.წ. სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებულია, რეალურად ეს არ ცვლის შინაარს, იმიტომ, რომ აქ არის საუბარი, ფაქტობრივად, ერთიან შეიარაღებულ ძალებზე, ერთიან თავდაცვაზე, ერთიან საფინანსო და საბაჟო ინსტიტუტებზე, რაც პრინციპში, შესაძლებელია, რომ შეფასდეს, როგორც ნაირსახეობა საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ხელყოფისა და მცოცავი ოკუპაციის", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

  მისივე თქმით, ამ ყველაფრის საბოლოო შეფასება უნდა მოახდინოს პარლამენტმა, როგორც საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორგანომ და აქედან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.

  "იმ რეალობაში, როდესაც ასე დრამატულად იცვლება უსაფრთხოების გარემო, მნიშვნელოვანია, რომ პარალამენტმა ჯერ მისცეს შეფასება მიმდინარე პროცესებს და შემდეგ შეიმუშაოს ზოგადი ხედვები, რომლის იმპლემენტაციაც მოხდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
 შეთანხმების პროექტის მე-5 მუხლი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის "გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას აგრესიის მოსაგერიებლად გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ფორმირებას".

  ამავე პროექტით, რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასევე, შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის.

  აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რომელიც ამ შეთანხმების პროექტის დე-ფაქტო პარლამენტში განხილვას დაესწრო, შეთანხმება რუსეთის მხარემ მოამზადა და აფხაზეთში დიპლომატიური არხებით ჩაიტანეს.

  ამ დოკუმენტს ე.წ. აფხაზურ პარლამენტშიც უარყოფითი შეფასება მოჰყვა. აფხაზი დეპუტატები აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმებას "სუვერენიტეტის დაკარგვად" აფასებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: