რომან გოცირიძე: ქართველი ექსპერტი დამცველიცაა, ნახევარმცველიც, თავდამსხმელიც და თუ გაჭირდა, კარში დგომაც შეუძლია! ბატი თუ არწივი?

რომან გოცირიძე: ქართველი ექსპერტი დამცველიცაა, ნახევარმცველიც, თავდამსხმელიც და თუ გაჭირდა, კარში დგომაც შეუძლია! ბატი თუ არწივი?

ამ რამდენიმე თვის წინათ, როდესაც მთავრობაში ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს უხმეს, ერთმა პატივსაცემმა პროფესორმა ქალბატონმა უნივერსიტეტიდან, განაწყენებულმა იკითხა: ნეტავი გამაგებინა, ამ ექსპერტობის ტიტულის მინიჭება როგორ და ვის მიერ ხდებაო!

გუშინ პრეზიდენტთან ეკონომიკურ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, არანაკლებ დამსახურებულმა ეკონომისტმა განაცხადა, ვინ დანიშნა ესენი ექსპერტებადო?!

მეც ვიფიქრე და ასეთი დასკვნა გამოვიტანე:

ქართველი ექსპერტი არის ადამიანი, რომელსაც თითქმის ყველა ეკონომიკურ თემაზე შეუძლია საუბარი. ანუ უნივერსალი, ანუ ეკონომიკური მოვლენენის კომპლექსურად აღმქველი, ანუ იოჰან კრუიფი (დამცველიცაა, ნახევარმცველიც, თავდამსხმელიც და თუ გაჭირდა კარში დგომაც შეუძლია). აბა დაგირეკავს ჟურნალისტი და გკითხავს, რა ხდება უმუშევრობის სფეროშიო და რომ უპასუხებ, დიდი ბოდიში, ვიწრო სპეციალისტი ვარ დარგთაშორისი ბალანსის საკითხებზეო, მეორეჯერ ხომ არ შემოგეხმიანება?

თუმცა მეორეცაა. ცნობილი დაღესტნელი პოეტი, რასულ გამზატოვი ხშირად იყენებდა ავარულ ანდაზას : "უნდა იყო არწივი და არა ბატი"!

ბატი ცოტას დარბის, ცოტას დაცურავს, ცოტას დაფრინავს, ცოტას წაუმღერებს კიდევაც ( ყიყინებს). აი არწივმა კი ერთი რამ იცის და ისიც ძალიან მაგრად! დაფრინავს!

ანუ საქმე მარტივად ყოფილა: უნდა იყოს ბევრი არწივი, რომლებიც თავის "საფრენ ზოლში" იმოძრავებენ და მერე არც ბატები იყიყინებენ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: