ანა ნემცოვა: მარგველაშვილს არცერთი პარტიის ლიდერობა არ სურს და არც პოლიტიკური ამბიციები გააჩნია!

ანა ნემცოვა: მარგველაშვილს არცერთი პარტიის ლიდერობა არ სურს და არც პოლიტიკური ამბიციები გააჩნია!

„საქართველოს პრეზიდენტს რბილი, მაგრამ აკადემიკოსის დამარწმუნებელი ხმა აქვს. თითქმის ერთი წლის შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დაწყებიდან, უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ჯერ კიდევ შეუძლია „სახიფათო“ შეკითხვებს გულწრფელი ღიმილით უპასუხოს“, - წერს ჟურნალისტი ანა ნემცოვა, რომელიც პრეზიდენტს 28 სექტემბერს შეხვდა და ესაუბრა.
პუბლიკაციაში გადმოცემულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თვალსაზრისი როგორც შიდაპოლიტიკურ, ასევე საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ა) შიდაპოლიტიკური საკითხები
„პრეზიდენტი გულწრფელი იყო საქართველოში ერთ-ერთ მგრძნობიარე თემაზე ლაპარაკის დროსაც: მის დაპირისპირებაზე ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანთან - ბიძინა ივანიშვილთან. კონფლიქტი დრამატიზებულია ამ ორი ადამიანის „გეოგრაფიული მდებარეობითაც“ კი: პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სასახლე პირდაპირ უყურებს „ქართული ოცნების“ დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილის ულტრათანამედროვე სასახლეს. მარგველაშვილის თქმით, თავის ყოფილი მფარველი უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავს, მათ ტელეფონითაც კი არ უსაუბრიათ...
პრეზიდენტობა გიორგი მარგველაშვილისათვის ცხოვრების ბედნიერი ეტაპი არ არის. ბიძინა ივანიშვილმა, როცა იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, ჯერ მხარი დაუჭირა მას არჩევნებში, მაგრამ მოგვიანებით მილიარდერმა აღიარა, რომ გიორგი მარგველშვილის გაპრეზიდენტებით მან შეცდომა დაუშვა, „იმედი გაუცრუვდა“. ისინი ვერ შეთანხმდნენ სასამართლო რეფორმის ასპექტებზე, ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელების მიმართ სამართლებრივი დევნის საკითხებთან დაკავშირებით. მილიარდერი განსაკუთრებით გაღიზიანებული გიორგი მარგველაშვილის ღია უთანხმოებით მთავრობასთან, რასაც პრეზიდენტი „დემოკრატიული სახელმწიფოში ნორმალურ მოვლენად“ მიიჩნევს. ბიძინა ივანიშვილმა ამასწინანდელ ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტს უსაყვედურა, რომ მისი მოქმედება მთავრობისადმი კონკურენციას ჰგავს და რომ ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
ბიძინა ივანიშვილს ადრეც ხშირად გამოუთქვამს პოლიტიკაში მონაწილეობისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. ამიტომაც, როცა იგი შეწუხდა ხშირი  პოლიტიკური შეხვედრები და საერთაშორისო ვიზიტების მჭიდრო გრაფიკით, ივანიშვილმა გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლების გადასაცემად გამოეყენებინა მისთვის, ვისაც იგი ენდობოდა. რასაკვირველია, მილიარდერი კმაყოფილი არ იქნება იმით, რომ მისი რჩეული ადამიანი საკვანძო საკითხებში მის პოზიციას არ იზიარებს. „პრეზიდენტმა ამოიოხრა, როცა ჩვენ ყველაზე გავლენიანი კაცის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ მკვეთრ კრიტიკაზე ვსაუბრობდით“, - წერს ავტორი.
გააჩერეთ რომელი თბილისელიც გნებავთ ქუჩაში და შეეკითხეთ, რომელი ლიდერი მოსწონს - ივანიშვილი, მარგველაშვილი თუ ღარიბაშვილი. პასუხად ბევრი გეტყვით, რომ მოსწონს პრეზიდენტი, მაგრამ მას რეალური ძალა და უფლებები არ აქვსო. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ამასწინანდელი გამოკითხვის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი 69%-ია, გიორგი მარგველაშვილისა კი - 56%.
გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ ამბიციები არ აქვს. საუბრისას იგი ამბობს, რომ მას არცერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა არ სურს, მას უფრო მეტად ის უნდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის ჯანსაღი ატმოსფერო შეიქმნას.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეებისადმი სამართლებრივი დევნის საკითხს: განა ეს საქართველოსთვის საზიანო არ არის? პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, თუმცა მას სჯერა, რომ „საქართველო ამ რთული სიტუაციიდან ღირსეულად და ამაყად, გამარჯვებული გამოვა“. არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის თემა გახდეს.
ბ) საგარეო-პოლიტიკური საკითხები
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთს თავის გვერდით სტაბილური მეზობლების არსებობა უნდა აინტერესებდეს. მე შევეკითხე, რატომ არაა რუსეთის საელჩო თბილისში. მან მიპასუხა, რომ „საქართველოს არ შეუძლია ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, სანამ მოსკოვი არ აღიარებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ნაწილებია... ჩვენ მუდამ ვფიქრობთ ჩვენს მოქალაქეებზე სოხუმსა და ცხინვალში, მუდამ ვფიქრობთ საქართველოს გამთლიანებაზე“.
საუბარი სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტსაც შეეხო: პირდაპირი ხაზით საქართველოსთან ერაყი უფრო ახლოა, ვიდრე ყირიმი. „პრეზიდენტთან საუბრამდე ერთი დღით ადრე მე პანკისის ხეობაში ვიყავი, სადაც ძირითადად ეთნიკური ჩეჩნები ცხოვრობენ. გიორგი მარგველაშვილს მოვუყევი პანკისელებთან საუბრის თაობაზე, რომლებიც აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ იმ ახალგაზრდა მუსლიმანებზე, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოში“ წავიდნენ და „გმირი ჯიჰადისტების სახელით“ იბრძვიან. პრეზიდენტმა ფილოსოფიურად ამიხსნა, თუ რატომ უნდა მოეკიდოს სახელმწიფო ფრთხილად ამ პრობლემას: მისი თქმით, საბოლოო ჯამში საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, კანონის გამკაცრება კი შეიძლება მხოლოდ მოკლევადიანი გადაწყვეტილება იყოს“.
ამას წინათ ნატოს ექსპერტების ჯგუფი საქართველოს ეწვია, გაიმართა მოლაპარაკება თემაზე, რომელიც პრეზიდენტმა ასე მოიხსენია: „მეტი საქართველო ნატოში, მეტი ნატო საქართველოში“. პრეზიდენტი ემზადება აგრეთვე ლექციის წასაკითხად ქართველთა თვითმყოფადობის (იდენტურობის) შესახებ.

„ფორინ პოლისი“ (აშშ), 17 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.foreignpolicy.com/articles/2014/10/17/the_complicated_life_of_georgias_philosopher_president

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: