ინგა ჟღერია: როდესაც მამაკაცი თავის სიმაღლეზე არ დგას, ყველაფერი თავდაყირა დგება!

ინგა ჟღერია: როდესაც მამაკაცი თავის სიმაღლეზე არ დგას, ყველაფერი თავდაყირა დგება!

რატომღაც დღევანდელ დღეს სახარებისეული ვალდებულებების მხოლოდ ნახევარი აწყობს საზოგადოებას, სადაც წერია, რომ ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ხოლო ის ნაწილი, სადაც მოხსენიებულია, რომ ქმარს ისევე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც თავი თვისი და უნდა იყოს ოჯახის უფროსი და პასუხისმგებელი - ეს იგნორირებულია. უწმინდესი მოუწოდებს მანდილოსნებს მათი მეორე ნახევრების მიმართ მორჩილებისკენ, მაგრამ ამავდროულად გულისხმობს იმასაც, რომ წამყვანი ფიგურა და პასუხისმგებელი ოჯახში გახლავთ პირველ რიგში მამაკაცი, რომელსაც ოჯახის რჩენის გარდა ევალება ცოლ-შვილის დაცვის ფუნქციაც. ახლა მივყვეთ ლოგიკას - თუკი მამაკაცები ხელყოფენ მეუღლეების სიცოცხლეს მისი დაცვის ნაცვლად, ღირსია კი ასეთი ქმარი მეუღლის მხრიდან მორჩილებისა? აქვე მინდა დავძინო - ადამ და ევას შემთხვევაში რატომღაც ყველაფერი მხოლოდ ევას ბრალდება (მავანთ თვალში რა თქმა უნდა), არადა, უფალთან ურთიერთობა და მისგან შეგონებების პირდაპირი აღება მხოლოდ ადამს ხელეწიფებოდა, ევა კი ადამისგან იღებდა ამ ინფორმაციებს. ესე იგი, ადამის მცირედმორწმუნეობა გახდა ამ ცდუნების მიზეზი, რამაც საბოლოოდ ორივეს გამოძევება გამოიწვია სამოთხიდან. ასეა ოჯახშიც, როდესაც მამაკაცი თავის სიმაღლეზე არ დგას, ყველაფერი თავდაყირა დგება, არც ერთ ქალს არა აქვს ბუნებრივად იმის მოთხოვნილება, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღოს, მაგრამ ძლიერი დედობრივი ინსტინქტის გამო იძულება დადგა, რომ ყველაფერი მხოლოდ თვითონ იტვირთოს... ბოროტმაც აღარ დააყოვნა და ნელ-ნელა ემანსიპაციაც შემოგვაპარა, რაც აშკარად ცოდვის შვილია, უფლის მცნებების ცხოვრებაში არგატარების და მათი გაუკუღმართებული წარმოდგენის შედეგია. ასე რომ შეცდომების გამოსწორება უნდა დაიწყოს ყველამ საწყისიდან, უნდა აღმოიფხვრას მიზეზი და არა-შედეგი. როგორც ექიმია ვალდებული, ჯერ დასვას სწორი დიაგნოზი და შემდეგ უმკურნალოს პაციენტს, ასევე ვალდებულია საზოგადოება იმსჯელოს ცოლ-ქმრული გაუკუღმართებული ურთიერთობის გამომწვევ მიზეზებზე, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც შევეჯახეთ ტრაგიკულ სტატისტიკას - მამაკაცების მხრიდან ძალადობას მეუღლეებზე. დასკვნა ერთია-ჩვენი ურწმუნოება. ქართველი ერი ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა მართლმადიდებლობასთან, დღეს თალიბანის ელემენტებიც უკვე ჭარბადაა შემოჭრილი, რისი ბრალია ეს? პირველ რიგში იმის, რომ მომაკვიდნებელმა ცოდვამ - ამპარტავნობამ დაგვრია ხელი, მხოლოდ საკუთარ ,,ეგო“-ს და პრინციპებს ვუფრთხილდებით, ხოლო უფალი ყველას გადაგვავიწყდა, ერთმანეთის მიმართ დათმობა გვმართებს პირველ რიგში უფლის სიყვარულით და არა მონური ბუნების გამო, ამას თუ გავითვალისწინებთ, აღარ გვექნება საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება და ამაყად თავაწეულები ყელ-ყელაობასაც მოვეშვებით პირადი ნაკლის დაფარვის მიზნით. ასე რომ, პირველ რიგში მივმართავ მამაკაცებს - დადექით თქვენი სულიერი და მორალური მოწოდების სიმაღლეზე და ვეღარ გეყოლებათ მკლავჭიდელი ენატლიკინა მეუღლეები. ცოლების ქალურობა და სინაზე თქვენი ვაჟკაცობიდან მომდინარეობს. ერთი მეორეზეა გადაბმული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: