Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
31-10-2014, 12:25
ნანახია: 860

„ალ ჯაზირა“: რუსეთი და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები

ყატარის ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვარდან ოსკანიანის სტატია, რომელშიც იგი აანალიზებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთერთდამოკიდებულებას.
გთავაზობთ შემოკლებით:
ძნელია წარმოიდგინო მსოფლიოს სხვა რეგიონი, სადაც სამი მეზობელი ქვეყანა, რომლებთაც თანაცხოვრების სულ მცირე 70-წლიანი ისტორია აქვთ, პოლიტიკური განვითარების ისეთ სრულიად განსხვავებულ გზას აირჩევდნენ, როგორიც დღეს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ. ამ სახელმწიფოებს ერთმანეთისგან ჰყოფს არა რელიგია, ეთნიკური კუთვნილება, კულტურა, ან ისტორია და ტრადიცია, არამედ პოლიტიკური ხედვა, სხვადასხვა პერსპექტივა, ამბიციები და მისწრაფებები.
თითოეული რესპუბლიკის ოფიციალური საგარეოპოლიტიკური ურთიერთობის ხასიათის მიუხედავად, მოსკოვი კავკასიას მაინც დიდ ჩრდილში ფარავს: რაც არ უნდა გადაწყვიტოს რომელიმე რესპუბლიკამ, მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ „რუსეთის ფაქტორი“, რომელიც გარდაუვლად ახდენს გავლენას სამივე ქვეყნის ორიენტირებსა თუ პრიორიტეტებზე.
ამ სამ სახელმწიფოთაგან რუსეთთან თითოეულს სხვადასხვა დონის ურთიერთობა აქვთ, მაგრამ სომხეთს ყველაზე მაღალი დონის დამოკიდებულება გააჩნია: რუსეთი სომხეთისთვის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ყველაზე მსხვილი ინვესტორი, ბირთვული საწვავის და ბუნებრივი გაზის ერთადერთი მიმწოდებელი. სამივე რესპუბლიკას რუსეთში მრავალრიცხოვანი დიასპორა ჰყავს, რომლებიც ყოველდღიურად სახლებში მილიარდობით დოლარის ფულად სახსრებს გზავნიან, რაც უკიდურესად აუცილებელია მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. მაგრამ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთზე ყველაზე მეტად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არიან დამოკიდებულნი: ეთნიკურ კონფლიქტებში, რომლებიც ამ სახელმწიფოებს აწუხებთ, რუსეთი ან მთავარი მოთამაშეა (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში), ან მთავარი არბიტრი (მთიან ყარაბაღში).
რუსეთი დღეს სერიოზულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პრობლემებს აწყდება, მოსკოვი დასავლეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში იმყოფება, რადგან მას დასავლეთისგან განსხვავებული მსოფლიო წესრიგის თავისებური ხედვა აქვს - უკრაინის, სირიის და სხვა პრობლემების მიმართ. რუსეთი უკვე გრძნობს დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ნეგატიურ შედეგს: ეცემა ვალუტის კურსი, კლებულობს ნავთობის ფასი, ხდება კაპიტალის გადინება... ის, რაც ხდება ნავთობის ფასთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდის სიტუაციას: საჭირო გახდა 1980-იანი წლების შუახანებში ნავთობის იმ დონემდე გაიაფება, რომ ორი წლის შემდეგ  საბჭოთა კავშირი მუხლებზე დაეცა, ბოლოს კი დაიშალა.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციები რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს, კრემლი უკან დაიხევს და დასავლურ მოთხოვნებს დაეთანხმება, მეზობლებზე ზეწოლას შეწყვეტს... მაგრამ ვლადიმერ პუტინს შეუძლია იოლად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ყველაზე სუსტების კონსოლიდაცია მოახდინოს. და თუ რუსეთი საბოლოოდ მართლაც დასუსტდება, რა თქმა უნდა, ეს დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას მოახდენს ისედაც დაყოფილ კავკასიაზე და სამ რესპუბლიკაში ახალ რყევებსა და უბედურებებს გამოიწვევს, - ნათქვამია სტატიაში.


„ალ ჯაზირა“ (ყატარი), 30 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.aljazeera.com/indepth/opinion/2014/10/what-happens-caucasus-when-rus-2014102972425540341.html