რატომ ედო ტაბუ საზოგადოებრივ მაუწყებელს?!

რატომ ედო ტაბუ საზოგადოებრივ მაუწყებელს?!

გუშინ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში გეგმიური შემოწმების მოტივით საგადასახადო სამსახური შევიდა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ტელეკომპანიას ბიუჯეტში გადასახდელი 3.5 მილიონი ლარი დავალიანება დაუგროვდა და ერთ –ერთი მოტივი სწორედ ეს იყო.


როგორც გაირკვა, საზოგადოებრივ არხს მხოლოდ სახელმწიფო აუდიტორები ამოწმებდნენ. ეტყობა, აუდიტის დასკვნა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, თორემ ასეთი სოლიდური დავალიანება არ უნდა დაგროვილიყო. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი არხი არა საზოგადოების, არამედ უფრო ხელისულფლების სამსახურში იდგა, ეტყობა, ცივ ნიავს არ აკარებდნენ.


გვახსოვს, ლამის რევოლუციით დასრულდა 2001 წლის შემოდგომაზე უშიშროების სამსახურის ვიზიტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისში. ტელეკომპანიიის ხელმძღვანელის ეროსი კიწმარიშვილის სატელეფონო ზარი იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანაისთან, საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი საქართველო ფეხზე დამდგარიყო "თავისუფალი სიტყვის დასაცავად".


მართალია, გამარჯვებული ხალხის ტელევიზია მაშინ რევოლუციის მებაირახტრე ვერ გახდა, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლება ხერხემალში მაინც რომ გადატეხა, ფაქტია. აღნიშნულ ინციდენტს შევარდნაძის გამოკლებით თითქმის მთელი ხელისუფლება გადაჰყვა-მათ შორის გენპროკურორი და პარლამენტის თავჯდომარეც. ზურაბ ჟვანიას ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა-  თამაშიდან უნდა გასულიყო "რკინის კაცად" წოდებული მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელიც შევარდნაძის ხერხემალს და საქართველოში რუსეთის საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდა.


თარგამაძის მოშორებით კი ხელ-ფეხი ეხსნებოდა შევარდნაძის მაშინდელ ოპოზიციას, ე.წ "ახალგაზრდა რეფორმატორებს" ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება და შევარდნაძე "დამსახურებულ პენსიაზე" გაემგზავრებინათ. ასეც მოხდა_ "რუსთავი 2"-მა თავისი მისია სანახევროდ, მაგრამ მაინც შეასრულა და 2003 წლის ნოემბერში დააგვირგვინი კიდეც.
მიუხედავად დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიციის, ანუ "ნაციონალური მოძრაობის" დემარშისა, რომელიც საზოგადოებრივ არხში საგადასახადო სამსახურის შესვლას აპროტესტებს, არამგონია, მაშინდელივით ამან ქუჩაში ხალხი გამოიყვანოს და საპროტესტო ტალღის მოწმენი გავხდეთ. რაც არ უნდა იძახონ პავლე კუბლაშვილმა და ნაცების სხვა ოდიოზურმა ფიგურებმა, რომ ეს არის "დაბალანსებული ტელეკომპოანიის" პოლიტიკური ანგარიშსწორება, საგადასახადო სამსახურმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს!
ეტყობა, ენას ძვალი მართლაც არ აქვს, თორემ კუბლაშვილის განცხადება, რომ ეს ღონისძიება საზოგადოებრივი არხის გაუქმებას, ან მის "მე-9 არხთან" შეერთებას ითვალისწინებს, სრული აბსურდია. არ გაგივათ ეგ ნომერი, ბატონებო!


კოლეგიალობა კოლეგიალობად, მაგრამ საზოგადოებრივი არხი საზოგადოების ჯიბიდან ფინანსდება და იგივე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად წავიდა მისი ჯიბიდან ამოღებული ფული.

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: