Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
17-11-2014, 10:44
ნანახია: 1939

მიხეილ სააკაშვილის ტოტალური სიყალბე

როგორც სამოქალაქო განათლების ლექსიკონი განმარტავს, ტერმინი ეტატიზმი გულისხმობს – "სახელმწიფოს უხეშ ჩარევას ყველა სეგმენტში, საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებაში, სამეცნიერო და სხვა საქმიანობაში".


იგი მასების პოლიტიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც მართველი აპარატის პოლიტიკა რაციონალური ურთიერთქმედების ზღვარს სცდება და ცდილობს სათავისოდ განსაზღვროს ცხოვრების თითოეული სფეროს ფუნქციონირება, რის შედეგადაც ზღუდავს და აფერხებს მას. უნდა აღინიშნოს, რომ სახელდობრ მწვავე ეტატიზმის აპოგეა მძვინვარებდა აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების სამოღვაწეო ასპარეზზეც, რომელმაც ქვეყანაში მდგრადი წონასწორობის შეუქცევადი რღვევა გამოიწვია. ეს კეთდებოდა იმისთვის, რათა ძალმომრეობასა და ტერორში დახელოვნებულ მთავრობას, საკუთარი ქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი სპექტრი და სამოქალაქო სექტორი თავის სასარგებლოდ მოენუსხა და თითოეული მათგანის ოჯახში ზემოქმედების საშუალება ჰქონოდა.


სწორედ ამ მოტივით, მავანმა, საჭიროდ მიიჩნია ტელე-სივრცისა და ჟურნალისტთა კორპუსის (თითქმის სრული შემადგენლობის), ანუ, ე.წ. მეოთხე ხელისუფლების აბსოლუტური კონტროლი და მისი მეშვეობით ყოველდღიური ინტოქსიკაცია ადამიანთა აზროვნებაში.


„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ჩინოვნიკები თუ სხვა და სხვა მაღალი ეშელონების წიაღში დაწინაურებული პირები ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვეთებდნენ ერთ მეტად პოპულარულ, ვითომდა მათი წარმატებების ბარომეტრად ქცეულ ფრაზას: – “როგორც არასდროს, ახლა ისე...! როგორც არასდროს, ახლა ისე...! როგორც არასდროს, ახლა ისე...!“ და ა.შ.


ეს სიტყვები გვესმოდა მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, რომელიც შემდგომში საზოგადოებრივი აზრის შექმნის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზევე, საზოგადოების მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტებული მთავრობა საკმაოდ სერიოზულ უკმაყოფილებას წააწყდა, ფასადურად თუ ბუტაფორიულად, ლობისტების დაუცხრომელი გარჯით, ხელისუფლების რეპუტაცია გარეგნულად მაინც ინარჩუნებდა საგარეო ავტორიტეტსა და ადგილობრივ სიმტკიცეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლარიზაციისა და პროტესტის დიდი ტალღა აგორდა, ხელისუფლების უტაქტო და არამართლზომიერმა პასუხმა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიან მანიფესტაციაზე და ტელეკომპანია „იმედის“ ფუნქციონირებაზე, სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ვარდების რევოლუციის გზით მიღებული „დემოკრატიული“ მონაპოვარი და საერთაშორისო არენაზეც ეჭვებით სავსე შეკითხვები დაბადა, რამაც საგრძნობლად შეასუსტა მანამდე გაცემული ავანსების სიძლიერე.


მოგეხსენებათ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საღამოს, სადამსჯელო ზონდერ ჯგუფებმა დემარშით აიღეს „იმედის“ დამოუკიდებელი ტელევიზია, მოახდინეს ტელე-ეგზეკუცია და უკანონო რეიდი განახორციელეს. არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობითა და იარაღის მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჯურნალისტებსა და იქ მყოფ პერსონალს, ხოლო სატელევიზიო არქივი და ტექნიკა კი სრულიად გაანადგურეს, რაც სამაუწყებლო ლიცენზიის 3 თვით შეჩერებით დაგვირგვინდა.


მას შემდეგ, მოვლენათა დაღმასვლის დინამიკამ უფრო უტიფარი და ავტორიტარული ხასიათი შეიძინა, რაც გამოიხატა კიდეც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელისადმი გამაოგნებლად დამამცირებელი მიდგომით, რომელსაც სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, საკუთარი ტელევიზია ჩამოერთვა. დევნისა და შევიწროვების სერიებს, ცოტა უფრო გვიან, ტელეკომპანია „მაესტროში“ შეჭრაც დაემატა. იგივე ბედი ეწია აჭარის 25-ე არხსაც, რომელსაც მუდმივი შეფერხებისა თუ ხშირი მუქარების ფონზე უხდებოდა მაწყებლობა.


მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მივმართო ამჟამინდელ ხელისუფლებას: დაუყონებლივ ჩაატაროს დეტალური, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციის სპეცრაზმის მიერ ზემოთ ნახსენები ანტისახელისუფლო დემონსტრაციის დარბევისას ძალის გადამეტებისა და ტელეკომპანია„ იმედის“ ვანდალური დახურვის ფაქტზე. ამასთან, მოვითხოვ, რომ გადახედონ ზემოთ ნახსენები სხვა ტელეარხების საქმეებსაც.


ცხადია, რომ ავბედითი 7 ნომებრის შემდეგ, ავტორიტარული წყობის პირობებში, საქართველოს მასობრივი მედია საშუალებები ხელისუფლების მკაცრი ხელის კონტროლს დაექვემდებარნენ. სამწუხაროდ, ამ მოვლენებს თან ერთვოდა კოლაბორაციონისტი და მოსყიდული ჟურნალისტების მხრიდან მეტად სარკასტული დამოკიდებულება საზოგადოებისადმი. დასანანია, რომ ჟურნალისტების უმეტესობამ არ გააკეთა არჩევანი თავისი პროფესიის სასარგებლოდ და სინდისის უარყოფის ხარჯზე, მატერიალურ, დროებით სარგებელს დასჯერდა. ნიშანდობლივია, ისიც რომ ჟურნალისტთა უცოდინრობაც გადაიზარდა საზოგადოებრივ ბოროტებაში, ხოლო მათი არაპროფესიონალიზმი კი მავნებლობაში, რამეთუ თვითდაჯერებული დიქტორების მხრიდან, ყველას კარგად გვახსოვს 9 წლიანი სიყალბის თავსმოხვევა და ამის შედეგად დეპრესიული ფონის კიდევ უფრო გამძაფრება ადამიანებში. ყველა მოვესწარით 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, როცა სამთავრობო ტელევიზიები, იქ გამოსული საჯარო პირები თუ ხელისუფლების წარმომადგენელნი შესაშური დამაჯერებლობით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას ომის წარმატებულ მიმდინარეობასა და მის საბოლოო გამარჯვებაში. საგულისხმოა, რომ რუსეთ–საქართველოს ომის დროს, იმისთვის, რომ ობიექტური ინფორმაცია არ გაჟღერებულიყო, უცხოური ტელეარხების დაბლოკვა და მათი სიხშირის დახშობა ხელისუფლების მყისიერი მოქმედების ნაწილს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ იმავე მეთოდებით ხელმძღვანელობდა XX - საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცრუ ავანტურისტი, ტყუილისა და ილუზიების ოსტატი – პაულ იოზეფ გებელსი, რომელსაც ნაცისტური გერმანიის მთავრობაში პროპაგანდის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მისი ბრძანებით აიკრძალა უცხოური რადიოსადგურების მოსმენა, რაზედაც იგი გამაფრთხილებელი ხმით ამბობდა: „ვინც კი გაავრცელებს ახალ ამბებს, რომლებიც გერმანელი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას ზიანს აყენებს, ციხეში იქნება ჩასმული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სიკვდილით  დაისჯება.“


დამაფიქრებელია ისიც, რომ უამრავი პარალელი და მოქმედებათა ხელწერის საოცარი მსგავსება შეინიშნება ნაციონალური მოძრაობის სახეებსა და ფიურერის ერთგულ ავანტურისტს შორის, რის სანიმუშო მაგალითსაც გერმანიის უახლესი ისტორიიდან ერთ-ერთი ეპიზოდი წარმოადგენს: 1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერმა და მისმა თანამებრძოლებმა მიზანს მიაღწიეს. ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტმა ჰინდენბურგმა ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსკანცლერად დანიშნა. "შA"-ს აღლუმის დროს, ბერლინში, გებელსი ჰიტლერის უკან იდგა. იმ მომენტში, თავის დღიურში მან შემდეგი სიტყვები ჩაწერა: „ახალი რაიხი წარმოიშვა... ჩვენ მიზანთან ვართ. გერმანული რევოლუცია იწყება... აქედან მხოლოდ ჩვენს გვამებს თუ გაიტანენ!“


ხომ არ გაგონებთ ეს სიტყვები თანამედროვე ქართველი ავანტურისტის გამონათქვამებს, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეში შემდეგნაირად გაჟღერდა – „ჩვენ შევქმენით ახალი ტიპის სუვერენული სახელმწიფო... გადაუდებელი რეფორმაცია იწყება... ცოცხალი თავით არ დავტოვებთ არჩეულ კურსს... პირადად მე, ეგღა მაკლია ჩემი აშენებული ქვეყანა ვინმეს დავუთმო!“ – დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, ეს სიტყვები ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.


                                                       * * *
ძალზე საწყენია, რომ ჟურნალისტთა უმრავლესობა აინუნშიც არ აგდებდა რეალობას და ხალხის ნამდვილ გასაჭირს. აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. „ნაც-ჟურნალისტები“ მკაცრად არღვევდნენ პროფესიული საქმიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და ეთიკურ ნორმებს. მათი უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილ რესპოდენტთან საჯარო საუბრისას ყოველთვის უფრო მეტ განცხადებებს აკეთებდა, ვიდრე კითხვებს სვამდა, რაც სრული ნონსენსია.


ზემოთ ნახსენები ჟურნალისტური უპასუხისმგებლობისა და უწესობის გამოხატულება იყო ე.წ. „მოდელირებული ქრინიკა“, რომელმაც ფაქტობრივად შოკში ჩააგდო ქართული საზოგადოება. არადა წესით, მასმედიის ნებისმიერმა წარმომადგენელმა უნდა გაიცნობიეროს საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა - დაიცვას საზოგადოების უფლება იცოდეს სიმართლე. მან აგრეთვე პატიოსნად და კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს პროფესიული მოვალეობანი. იგი ერთგულად უნდა ემსახუროს მორალურ ღირებულებებს. უნდა ითქვას, რომ მოსახლეობა, განსხვავებული აზრის გამო, ხელისუფლებისგან პროპაგანდისტული წნეხით ისჯებოდა, რამაც წარმოშვა მორჩილი (შიშის გამო), მაგრამ აგრესიული ამბოხით განწყობილი საზოგადოებრივი ჯანყი, რაც 9 წლის მანძილზე ქუჩის პერმანენტულ აქციებში ვლინდებოდა. მთავრობის სასარგებლოდ კომპლიმენტს ვიტყოდი, იმასთან დაკავშირებით, რომ უნებლიედ, მათ, საზოგადოების ლუსტრაცია მოახდინეს და ამ ბობოქარ ორომტრიალში წარმოაჩინეს ის ძვირფასი მარგალიტები, რომელნიც თავდადებული სიმამაცითა და ვაჟკაცობით უპირისპირდებოდნენ განუკითხაობასა და სიბინძურეს.


თითქოს, ქართველ ერს ახსოვდაო სახარებისეული სიბრძნე: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მათ. 10,34). – ასე ბრძანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.


გაიაზრეთ ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა“. ალბათ იკითხავთ: რით განკვეთ, უფალო? – სიმართლის მახვილით, თუ ღვთის სიტყვის მახვილით?! რადგან ეს ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს – „მახვილი იგი სულისაი, რომელ არს სიტყუაი ღმრთისაი“ (ეფ. 6,17).


                                                        * * *
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, თუ როგორი ბოიკოტით უარობდნენ უმრავლესობის წარმომადგენელნი ე.წ. ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების შემოთავაზებას პირდაპირ ეთერში სტუმრობაზე. ყველაფრის გათვალისწინებით, ზოგადი სურათი ასე გამოიყურებოდა: – ინფორმაციის სრული თანხვედრა და იდენტურობა, უნისონური სინქრონირება, მოვლენათა ზედმიწევნითი მსგავსებით გაშუქება! - ეს ის მდგომარეობებია, რაშიც ე.წ. "მიშავიზიების" მედია ველი იმყოფებოდა.


ცნობილი ტირანი, სახელად – ლენინი ამბობდა: „თავისუფალი მედია ტოლფასია პოლიტიკური თვითმკვლელობისა“ და ალბათ სწორედ ეს გზავნილი იყო უმთავრესი კრედო წინა ხელისუფლებისთვის, რამეთუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ქართული მედია საშუალებები თუ პრესა, აბსოლუტურ ისტერიასა და გაავებულ ეგზალტაციას მიეცა. ნომენკლატურის დესპოტური ჩექმისგან დატკეპნილი ელექტრონული სივრცე, შემოქმედებითი თვალსაზრისით ბოლომდე დაჩლუნგებული იყო, რასაც განაპირობებდა ტოტალური სიცრუის, ტელდენციურობისა და ცენზურის მკვეთრი კონტური. ამ ფონზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ნეო–ბოლშევიზმთან ერთად ნეო–ბრეჟნევიზმიც სახეზე გვქონდა!


შესაბამისად ხელისუფლების ლაიტ–მოტივი ამგვარად ფორმულირდებოდა – "ყველაფერი რაც კარგი ხდება, მთავრობის დამსახურებაა და რაც ცუდი – ხალხისა და ოპოზიციის ბრალია! ამიტომ უნდა მოკეტოთ ყველამ! იცოდეთ, რომ ვიცხოვრებთ ასე: უფლებები – ჩვენ, ხოლო ვალდებულებები – თქვენ!" სწორედ ამგვარი სისტემით წარმოიშვა ძალადობრივი რეჟიმი, რომლის იდენტურ მოდელზეც, ზემოთ ნახსენები გერმანელი აფერისტი ამბობდა: – „პროპაგანდის მეშვეობით ჩვენ შევქმენით რაიხი".


დიახ, ანალოგიურ რეალობას ადგილი ჰქონდა საქართველოშიც, რადგან ინფორმაციული ომითა და პროპაგანდისტული მეთოდებით შემოსაზღვრეს რეჟიმის დამატყვევებელი გალავანი, სადაც საქართველოს თითოეული მოქალაქე მოექცა. ზემოთ მოხმობილ მიზეზთა გამო, საზოგადოება უიმედობამ მოიცვა. შესაბამისად, იგი ნაღვლიან აპათიასა და ნიჰილიზმს მიეცა, დაბეჩავებულ მდგომარეობაში მყოფს უმოქმედო დუმილი დასჩემდა და სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი აქტივობის ნაცვლად, აპოკალიპტური ეგოიზმის გზა აირჩია. სწორედ ასეთ მდორე საზოგადოებრივ კრიზისსა და ინდიფერენტულობას ამხელდა მარტინ ლუთერ კინგი, (იგი ჰუმანურობითა და საოცარი გმირობით გამოირჩეოდა) რომელიც ამბობდა: "ჩვენი ცხოვრების დასასრული დაიწყება იმ დღეს, როდესაც გავჩუმდებით იმ საკითხების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია!".


ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად მედია-პროპაგანდის დამსახურებაა, როცა ის, რაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს "სჯერა", ეფექტურად იქცევა მთელი საზოგადოების დისკურსად. ჩვენთან ხომ გაავებულმა დემაგოგიამ თავისი წარმატებული კვალი დაამჩნია აქაურ გარემოს, რასაც ადგილობრივ პროვინციებსა თუ რეგიონებში ინფორმაციის ნაკლებობაც დიდწილად ხელს უწყობდა.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზია – ეს იყო ერის ზომბირების, გახლეჩისა და ეროვნული თვითშეგნების დათრგუნვის ტექნოლოგია, რომელიც ძალუმად ცდილობდა მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების მონოპოლიზაციას, მისი მეშვეობით ადგილობრივი ტრადიციების, ქართველი ხალხის ეთნო–ფსიქოლოგიის, ეროვნული სპეციფიკისა და ავთენტიკური იდენტობის, მკვიდრი ღირებულებებისა თუ ზნეობრივი ფასეულობების უარყოფას. ამ ყოველივეს ხარჯზე კი ურცხვად ეწეოდა მასკულტურის წახალისებას, „თავისუფალი ცხოვრების“ – უხამსობის, პორნოგრაფიის, ჰომოსექსუალიზმის და ლესბოსელობის პროპაგანდას. მრავალგზის გვინახავს ტელევიზიით, ამა თუ იმ თოქშოუსა და გადაცემებში გაქილიკებული საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესია, რომელის დისკრედიტაციასაც მიზანმიმართული, გეგმაზომიერი და თანმიმდევრული წიაღ–სვლები ახასიათებდა, სადაც სულიერი ინსტიტუტი წარმოდგენილი იყო როგორც „არქაული, ანაქრონიზირებული, ბნელი და ფუნდამენტალისტური“ ძალა, რომელიც ვითომ და აფერხებდა სახელმწიფოს განვითარებასა და საზოგადოებრივ პროგრესს.


სამაგიეროდ, ხელგაშლილი, ღია და პრივილეგირებული დერეფანი ჰქონდათ სხვა და სხვა სექტის, დენომინაციისა და უცხოული კონფესიის წარმომადგენლებს, რომელთა აპოლოგეტებად „თავისუფლების ინსტიტუტის“ ორთოდოქსოფობი, არათავისუფალი, მკვეხარე, პათეტიკური, ანუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გვევლინებოდნენ. მათი პირიდან, თავიანთი დაყენებული ინტონაციითა და თავდაჯერებული დიქციით, ხშირად გაიგონებდით წარსული საგანძურისა და წინაპართა მემკვიდრეობით გადმოცემული ზნე-ჩვეულებების დაცინვას, სახელოვან მამულიშვილთა დაკნინებასა და პატრიოტი შემოქმედების განკითხვას, რაც იმით აიხსნებოდა, რომ თურმე პლურალიზმისა და ლიბერალური მრწამსისაგან შორს იდგნენ  და აი „როგორც არასდროს, ახლა ისე“, წინ მივიწევთ მსოფლიო ცივილიზაციის ორბიტაზე და შემაფერხებელი იდეალები და ავტორიტეტული ეტალონები არ გვჭირდებაო. კულუარული წყაროებიდან ცნობილია, რომ სახელმწიფო კანცელარიის საიდუმლო ოთახებში ყოველდღიურად, კონსპირაციულ გარემოში მზადდებოდა სხვადასხვა სახის პროვოკაციული და ყალბი გადაცემები, რაც განკუთვნილი იყო საზოგადოების ზომბირებისა და მათში ნერვული აშლილობის გამოწვევისთვის. აშკარად და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად სჩანდა, რომ მთავრობაში წყვეტდნენ ამა თუ იმ სიუჟეტის მთავარი გმირის ვინაობას, ვიზუალს, სინქრონს, სტატისტიკას, ბეგრაუნდსა თუ ნებისმიერ წვრილმან ნიუანსსაც კი. მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“ უღელქვეშ მოქცეული ტელევიზიები, რომელნიც თავიანთი სამოღვაწეო პროფილით სპეცსამსახურებს უფრო წარმოადგენდნენ, 9 წლის განმავლობაში უნამუსობის კარნავალში მონაწილეობით, ისეთ "ბედნიერებასა და წინსვლას" შთაგვაგონებდნენ, რომელიც თურმე ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მანძილზე მანამდე არც ყურს სმენოდა, არც თვალს ენახა და არც გულს შეხებოდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათი მხრიდან ეს ყოველივე იყო არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ სისხლის სამართლებრივი კრიმინალიც!


ძალიან ხშირად, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა უცხოელი პოლიტიკოსების, ექსპერტების, დიპლომატებისა თუ საზოგადო მოღვაწეთა ინტერვიუებს გაყალბებული, სინამდვილისგან სრულიად განსხვავებული თარგმანით აშუქებდნენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მონტაჟით, დაჩეხილი სახით წარმოადგენდნენ მათ, რამაც არაერთგზის, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როგორც რესპოდენტი, ისე თავად გამყალბებელი თარჯიმანიც. თუკი ვინმე გაბედავდა და საქართველოს პრეზიდენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების ან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს გააკრიტიკებდა, იმას მყისიერად რუსეთის აგენტის იარლიყს მიაწებებდნენ და ამით თავისუფლდებოდნენ ზედმეტი, ჟურნალისტური ვალდებულებებისგან, რადგან, "მტერზე" იყო საუბარი და იქ ობიექტურობის დაცვა ხომ არც ღირდა! დასკვნა: ქართული საზოგადოების ინფორმაციული დიაგნოზი ასეთი იყო – ცივი ვაკუუმი და ილუზორული ღრმული, რომელიც ფსიქოზურ ლაბირინთში ექცეოდა! ეს იყო ეპოქა სიყრუისა და სამარისებური უმოძრაობისა, ღირსების დაკნინებისა და ადამიანთა გაბითურებისა, უღმერთობისა და უსამართლობისა!


მიუხედავად იმ საშინელი ქარტეხილებისა და უბედურებისა, რაც ჩვენმა საზოგადოებამ გადაიტანა, ღვთის წყალობითა და მართალი ადამიანების ლოცვით, განგებამ მოხედა ერსა თვისსა და იმედია საბოლოოდ გაანთავისუფლა იგი მტანჯველი ხუნდებისგან. წინანდელ ხელისუფლებაზე კი აღსრულდა ბიბლიური სიტყვების გარდაუვალი ჭეშმარიტება: "ასე ამბობს ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა: რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს. რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ" (ძველი აღთქმა; ამოსი 5, 11-12).


მე მესმის რომ ბოღმა და ღვარძლი ძნელი მოსანელებელია და მარტო ამიტომ მებრალება წინა ხელისუფლების ყველა წევრი, რომელნიც დღეს უმანკო კრავებად ასაღებენ დანაშაულებრივი რეჟიმის კრიმინალური ყოფაქცევით გამორჩეულ პირებს.


შეიძლება ადამიანებმა აპატიონ, შეიძლება ვიღაცამ თვალი დახუჭოს, მაგრამ კანონმა არავის არ უნდა მიუტევოს არანაირი დანაშაული და საზოგადოებრივი ბოროტება, ვინც ის ჩაიდინა განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა თუ პარტიული კუთვნილებისა, რამეთუ სახელმწიფოებრივი მართლწესრიგი და შეგნება, სამართლიანობის ძირითად პოსტულატს ემყარება. და კიდევ მივმართავ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთ – უფლის სამართალს და სინდისს ვერავინ აუვა! შეინანეთ მაინც... თქვენს კისერზე ათასობით უდანაშაულო ადამიანის სისხლი და ტანჯვა–წამებაა... მოეშვით ამორალურ, ცინიკურ რიტორიკასა და უტიფარ დემაგოგიას! დადუმდით მაინც და შეგრცხვეთ! დადუმდით ისე, როგორც სამუდამოდ სიკვდილს მიეცით და დაადუმეთ განწირულთა ბაგეები, რომელთაც საპატიმროებსა და ქუჩებში ასე უმოწყალოდ უსწორდებოდით. კვლავაც მარტინ ლუთერ კინგის დავესესხები: "საბოლოოდ, ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება ძმებო.”

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), პუბლიცისტი.