პაატა ბაირახტარი:-"მთავრობამ აბსოლუტურად სწორად განსაზღვრა სტრატეგია პენსიებთან მიმართებაში"

პაატა ბაირახტარი:-"მთავრობამ აბსოლუტურად სწორად განსაზღვრა სტრატეგია პენსიებთან მიმართებაში"

   სახელმწიფოს სტრატეგიას პენსიების ზრდასთან მიმართებაში დღეს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  მთავრობამ აბსოლუტურად სწორად განსაზღვრა სტრატეგია პენსიებთან მიმართებაში.

 

   "საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერის შეხვედრის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა პოზიცია შეიცვალა და პენსიის ყველასათვის გაზრდა გადაწყვიტა. ნოდარ ხადურმა ამჯერად განაცხადა, რომ სექტემბრიდან პენსია ყველა პენსიონერს გაეზრდება. შესაბამისად, 100 ათასის ნაცვლად, ამჯერად პენსია 700 ათასს ადამიანს გაეზრდება, თუმცა შედარებით ნაკლები დოზით. სოციალურად დაუცველებისთვის თუ 25 ლარი იყო განსაზღვრული, ახლა ყველას ერთად 10 ლარს დააჯერებენ.

 

   მთავრობამ აბსოლუტურად სწორად განსაზღვრა სტრატეგია პენსიებთან მიმართებაში, აქცენტი კეთდება კერძო საპენსიო დაგროვებითი სისტემის ჩამოყალიბებაზე. დღევანდელი საპენსიო სისტემა ფაქტობრივად ასაკობრივია და არსებითად სოციალურ დახმარებას წარმოადგენს. ამიტომ თანდათან იგი უფრო პროგრესულმა და ღირსეულმა სისტემამ - კერძო საპენსიო სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს.

 

   ამ ეტაპზე მთავრობის მიდგომა - პენსია ორიენტირად ობიექტურ სარსებო მინიმუმს ითვალისწინებდეს, სწორად და მართებულად მიგვაჩნია თუმცა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდიკა კრიტიკულ განხილვას უნდა დაექვემდებაროს.

 

   პრემიერის ინიციატივა იყო რომ სექტემბრიდან ყველას მოემატება პენსია 10 ლარით. "ახალგაზრდა ფინანსისტები" მიესალმებიან ამ ინიციატივას, ვინაიდან პენსიის რაღაც დოზით მატება ყველა პენსიონერისთვის აუცილებელია. პენსიის მატების ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდება. შეიძლება, არ არის საკმარისი ეს მატება,  მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ პენსია დამოკიდებულა ქბეყნის ბიუჯეტზე, ბიუჯეტი კი, მოგეხსენებათ, შეზღუდული რესურსებისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ მარტო 10 ლარზე არ არის საუბარი - 10 ლარი დაემატება 150 ლარს. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერებსაც და დანარჩენ მოახლეობასაც ბევრი ხარჯი მოაკლდა, თუმდაც ჯანდაცვაში გასაწევი.

 

   პენსიების ზრდის საკითხი ალბათ ყველაზე ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების თემა, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით. თუმცა, ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელსაც შედარების დროს უშვებენ, ეს არის პენსიის ან მისი მატების ნომინალურ გამოსახულებაში შეფასება, ანუ არ ხდება ფასების დონის ზრდის გათვალისწინება. ამ მხრივ კი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები იკვეთება:

 

   1) პენსიის ზრდის "ნაციონალური" ტემპი

 

   "ნაციონალური მოძრაობის"  ხელისუფლებაში მოსვლის დროს პენსია  შეადგენდა 14 ლარს, ახალმა მთავრობამ დაიწყო პენსიების ეტაპობრივი ზრდა და წლების მიხედვით პენსიის ოდენობა შემდეგნაირი იყო: 2004 წელს - 14 ლარი, 2005 წელს - 28, 2006 წელს - 38, 2007 წელს - 62,5, 2008 წელს - 77,6, 2009 წელს - 87,1, 2010 წელს - 87,4, 2011 წელს - 107,5, 2012 წელს - 112 ლარი (მართალია, 2012 წელს პენსია 122 ლარი გახდა, თუმცა 1 სექტემბრიდან, შესაბამისად საშუალო წლიური მაჩვენებელი 112 ლარია). დროის იმავე პერიოდში, ანუ 2004 წლიდან 2012 წლამდე ლარის მსყიდველობითი უნარი პენსიონერებისთვის დაეცა 40%-მდე, ანუ თუ 2004 წელს პენსიონერს 10 ლარით მაგალითად 10 პურის ყიდვა შეეძლო, იმავე თანხით 2012 წელს 4 პურს იყიდდა. შესაბამისად, მსყიდველობითი უნარის ცვლილების გათვალისწინებით, ანუ რეალურად პენსია 2012 წლისთვის შეადგენდა 44,8 ლარს, ანუ "ნაციონალურმა" მთავრობამ პენსია 9 წელიწადში 3,2-ჯერ გაზარდა, ანუ წელიწადში საშუალოდ 0,35-ჯერ.

 

   2) პენსიის ზრდის ,,საოცნებო" ტემპი

 

   რაც შეეხება "ქართული ოცნების" მთავრობას. მათ წინამორბედისგან პენსიის 122 ლარიანი ნიშნული 2012 წლის ბოლოს "გადაიბარეს", რომელიც პირველ ეტაპზე 150 ლარამდე გაზარდეს (თუმცა, 150 ლარი გახდა 2013 წლის სექტემბრიდან და ამიტომ, წლიურ ჭრილში პენსია თვეში საშუალოდ 131 ლარს შეადგენდა), ხოლო 2015 წლისთვის კიდევ 10 ლარით ზრდიან. ეს ნომინალურად, ახლა კი ვნახოთ, რა ვითარებაა ფასების დონის ცვლილების გათვალისწინებით. 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,8%-ით გაიზარდა, წლის ბოლომდე სურათის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, ხოლო 2015 წლისთვის მთავრობას და ეროვნულ ბანკს ინფლაციის მაჩვენებელი 4%-ის დონეზე აქვთ დაგეგმილი, ანუ ამ სამწლიან პერიოდში ფასები დონის ზრდა დაახლოებით 8% იქნება, შესაბამისად, ნომინალური პენსია 2015 წლისთვის, ანუ 160 ლარი, რეალურად იქნება 147,2 ლარი. თუმცა, ვინაიდან მატება 2015 წლის 1 სექტემბრიდან მოხდება, საშუალოდ რეალური პენსია 2015 წელს თვეში 142 ლარი იქნება. ანუ, "ოცნების" მთავრობამ პენსია 3 წელიწადში 1,1-ჯერ გაზარდა, ანუ წელიწადში საშუალოდ 0,37-ჯერ.

 

   ამდენად, ახალი მთავრობა მის წინამორბედს პენსიების ზრდის ტემპით მცირედით, თუმცა მაინც სჯობია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პენსიონერების რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ასევე, მნიშვნელოვანია ბაზაც, საწყისი წერტილი, როცა ბაზა არის 14 ლარი, ზრდა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ხოლო 122 ლარიდან სწრაფი მატება გაცილებით რთულია. პენსიონერების სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით აღსანიშნავია ისიც, რომ პენსიის გარდა თითოეული პენსიონერი ჩართულია საყოველთაო დაზღვევის სისტემაში", - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: