ირმა ინაშვილი: დღეს აფხაზეთი დაგვაკარგვინეს!

ირმა ინაშვილი: დღეს აფხაზეთი დაგვაკარგვინეს!

   "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმებას facebook-ის საკუტარ გვერდზე ეხმაურება.

 

  მისი თქმით, აფხაზეთის დაბრუნების შანსი მინიმალურია.


"ხაზს ვუსვამ: მე, მოქალაქე ირმა ინაშვილი ვწერ.
ჭუბერზე რომ მოვდიოდი, მჯეროდა, რომ აფხაზეთი დროებით დავკარგეთ. დღეს კი, ეს ჩემთვის სამუდამოდ მოხდა. აფხაზეთის დაბრუნების შანსი მინიმალურია. იქნებ აღარც არსებობს... ვწეროთ ახლა წერილები... კონკურენცია გავმართოთ ბრიფინგების ჩატარებაში... განვაგრძოთ არაღიარების პოლიტიკა... ვიტყუოთ თავი და ვატყუოთ ერთმანეთი.
ვხედავ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ან შეგუებული იყო ოკუპირებული ტერიტორიების, ანუ ქართული მიწების დაკარგვას და მხოლოდ ცარიელი გულით და სიტყვით ღაღადებდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ან ამ ბოლო დროს შეეგუა, რომ მიწები საბოლოოდ დაიკარგება, მაგრამ ეს მოხდება ნატოში ჩვენი გაწევრიანების ხარჯზე. როდის? ოდესმე!
ხელისუფლებას ჰქონდა მხოლოდ ცალმხრივი და ჯიუტი ხედვა. ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ტოვებს, რომ დარჩა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანერგილი სტერეოტიპის მძევლად,- მხოლოდ დასავლეთი, მხოლოდ ნატო და რისკები? წყალს წაუღია. ჰოდა, წაიღო მტერმა აფხაზეთი. ახლა სასწრაფოდ მიგვიღოს ნატომ სრულფასოვან წევრად და უკან წაიღოს თავისი "ოქროს ბარათი"... აკი, მისი სასწავლო ცენტრების გახსნა იქცა დღევანდელი საბედისწერო შეთანხმების გაფორმების ნამდვილ საბაბად...
დღეს მაინც ვაღიაროთ სიმართლე... დაგვიცვან ახლა ხალიფატისა და რუსული ჯარისაგან, რომელიც ოფიციალურად ენგურთან გამაგრდება. წითელი ნაჭრით დავრბოდით და მხოლოდ ვაღიზიანებდით აგრესიულობით და მტრობით ისედაც ცნობილ მეზობელს. პოლიტიკურ დიალოგზე, კონსტრუქციულობაზე, ლავირებაზე და დიპლომატიაზე საუბარი ქვეყნის ღალატად ითვლებოდა (აბაშიძე კინაღამ აკუწეს) და, აჰა, ვინაა ახლა მოღალატე: ვინც დაუშვა აფხაზეთის დაკარგვა, თუ ის, ვინც ამბობდა, რომ ნატოს სასწავლო ცენტრების გახსნა (ამ ეტაპზე) უაღესად დიდი რისკის შემცველია და ეს პროექტი დროებით მაინც უნდა გადაიდოს?! მიგვიღეთ ახლა ნატოში და მოგვეცით ჩვენი უსაფრთხოების რეალური გარანტიები! ისე კი არა, ჯოხზეჩამოცმულ მამალოს შორიდან რომ გვაჩვენებთ...
დღეს ყველა ნორმალური ქართველის გული ტირის. სხვას ელოდით რუსეთისგან? არა. უარესს ველი... მაგრამ მე ჩვენი უგუნურობა და სიჯიუტე მაგიჟებს. ყველა შანსს ვკარგავთ, რომ სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე ვილაპარაკოთ. ვიოცნებოთ. ვიმოქმედოთ. ყოვლისმცოდნეები მგზნებარედ გლოვობენ სოხუმს და, მეორეს მხრივ, მიწებს ჩვენს თვალწინ კარგავენ... მაკკეინი, იმედია, კმაყოფილია... სააკაშვილს რუსეთთან ახალი პიარ- ბრძოლის თემა აქვს... გულში გახარებულია. რუსებმა "ტოპკა" აუწიეს, კიდევ დაეხმარნენ... ლავროვიც არ უნდა იყოს უკმაყოფილო... წესით, საღადმოაზროვნე აფხაზები უნდა ტიროდნენ... გისამძიმრებთ ყველას, ვინც ზუსტად გაიგეთ, რა დავწერე - დღეს აფხაზეთი დავკარგეთ. დაგვაკარგინეს... და ჩვენც დავთმეთ, ასე გამოვიდა?!" - წერს ირმა ინაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: