თემურ შაშიაშვილი: საქართველო ივანიშვილის ფულსა და ბიზნესს ემსხვერპლა!

თემურ შაშიაშვილი: საქართველო ივანიშვილის ფულსა და ბიზნესს ემსხვერპლა!

“ივერიონს“ პარტია “თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი  ესაუბრა.

- ბატონო თემურ, როგორ შეაფასებთ ქარტულ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებს, რას იტყვით პრემიერ-მინისტრის გარემოცვაზე, რომლებმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვეს თანამდებობები?!

- პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის მძიმე პერიოდში დაეთანხმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას. მეორე, განსაკუთრებით მაშინ  სუსტდება ხელისუფლება, როცა მთავრობის მეთაური მინისტრებს მხოლოდ პირადი ერთგულების ხარისხით არჩევს!

ბატონი ბიძინა ვერ იტანდა ზოგიერთ პოლიტიკოსს, პარტიას თუ მის ლიდერს, მაგრამ თავის შერჩეულ გარემოცვაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დასავლეთის მომზადებული ავანტიურისტები სჭარბობენ. რეგიონებშიც, ყველგან, შევიწროებულია ეროვნული კადრები და თავისუფლების ინსტიტუტისა და NDI-ის კადრებით არიან ჩანაცვლებული.

ერთხელ შევარდნაძემ  სახელმწიფო მინისტრობა შემომთავაზა, მინისტრები უკვე დანიშნული ჰყავდა. არ დავეთანხმე და ეს შეთავაზება არასერიოზულად შევაფასე,  რადგან მერჩია,  მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაც ჩემთვის მოენდო. ამით იმის თქმა მინდა, რომ სკამისკენ ცქერას  ყოველთვის არ მოაქვს შედეგი. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, რომ ღარიბაშვილი მზად ყოფილიყო პრემიერ-მინისტრობისთვის და მინისტრთა კაბინეტიც თვითონ შეერჩია.

შეიძლება ღარიბაშვილი ყოველი გადაწყვეტილების წინ არ ურეკავს ივანიშვილს, მაგრამ იმას კი ფიქრობს, რა მოეწონება მას და რა არა. ასეთი შინაგანი კონტროლია თითოეულ მინისტრშიც.

პრემიერი დასუსტდა იმ ავანტიურიზმის გამოც, რაც სააკაშვილმა ჩადო თავის დროზე პრემიერ-მინისტრის ვალდებულებაში. ახალმა ხელისუფლებამ ეს სისტემა სათავისოდ ვერ აამოქმედა - დღეს ერთი მინისტრიც რომ მოხსნას ღარიბაშვილმა, შეიძლება თვითონ გადაჰყვეს ამას!..

დღეს არსებული სისტემითაა პრემიერი დასუსტებული და გაძლიერებულია მორჩილი მინისტრობა, მათ იციან, რომ ვერ მოხსნიან, რადგან ამით პრემიერსაც ექმნება საფრთხე...

ჩემი აზრით, პრემიერს ერთი შანსი აქვს, გადადგას ვაჟკაცური ნაბიჯი და დაითხოვოს მინისტრთა კაბინეტი.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ღარიბაშვილი არ არის ცუდი პიროვნება, მაგრამ, სააკაშვილის ლანძღვის გარდა, საქმეც უნდა აკეთოს!..

-როგორ შეაფასებთ პრეზიდენტისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევის ალბათობას?

-საქართველოში ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი უუფლებოა და კიდევ უფრო ასუსტებენ. ვეტოს უფლებას ვერ ჩამოართმევენ -ამას დღევანდელი “უმრავლესობა“ ვერ შეძლებს, მაგრამ პრეზიდენტი რომ ჩასაფრებულია, აშკარაა! ივანიშვილი ჩემზე ამბობდა, რა უნდა ამ შაშიაშვილს მარგველაშვილისგანო, მაგრამ დღეს ჩემზე მწარედ ლაპარაკობს მასზე!..

-რა მოხდება მომავლში?

-დავით საგანელიძე წერს, რომ შეიძლება “რესპუბლიკელები“  “ნაციონალებს“ შეუერთდნენო და მერე, რა მოხდება პარლამენტში? აი, ასეთი სცენარის შესაძლო განვითარებაზე  ვლაპარაკობდი ადრე, ეს ელემენტარული ანალიზი იყო. ეს განა ბიძინამ არ იცოდა? იცოდა, მაგრამ ვერ წავიდა “მათ“ წინააღმდეგ. საქართველო ყოველთვის “ვიღაცის“ მიერ იმართებაოდა და იმართება დღესაც -შევარდნაძე იმართებოდა 60-70%-ით, ასლან აბაშიძე - 100%-ით, სააკაშვილი - 110%-ით, ბიძინა ბობოქრობდა, მაგრამ უთხრეს, შენი ფული ჩენჩად გექცევა, თუ არ დაგვემორჩილებიო და ვართ ასე... ვემსხვერპლეთ მის ფულსა და ბიზნესს!

-როგორ შეაფასებთ უკრაინის მთავრობაში ქართველების დანიშვნის პროცესს?

-არც ერთი ქართველი კადრი უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის რეკომენდაციით არ დანიშნულა. პირიქით, ისინი, თავის დროზე, სააკაშვილსაც დაუნიშნეს თავის მთავრობაში. როგორც ცირკში წვრთნიან ლომებს, მელიებსა  და ძაღლებს, ასეა გაწვრთნილი ეს უეროვნებო, საერთაშორისო სექტანტური ჯგუფების მიერ მომზადებული ქართველი კადრები. იცოდეთ, ასეთები საქართველოში ყველაზე ბევრია!

პოროშენკო არ არის მათი გაწვრთნილი და ამიტომაც არ ენდობიან და ბევრ ასეთ ქართველს თუ არაქართველს მოახვევენ თავზე.  საერთაშორისო სექტური ჯგუფების მიერ გაწვრთნილი კადრია სააკაშვილი, რომელსაც პოროშენკოზე მეტად ენდობიან.

საქართველო დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია და, შეიძლება თქვას, ივანიშვილს ამაში სააკაშვილზე მეტი წვლილი მიუძღვის!

                                          ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: