წმიდა დიდმოწამე ბარბარე
ბარბარობა — ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).
ივერიონი
გილოცავთ ბარბარობას.
წმინდა ბარბარეს მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.
ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.
ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.
ა მ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია და ოჯახებში ლობიანებს აცხობენ, თუმცა მას, ისევე როგორც ამ დღის ბედობასთან კავშირს, ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
წამებულის წმიდა სხეული კი ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.
დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ, კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ, ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა.
ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.
წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.