მდინარე მესტიაჭალაზე ჰესის მშენებლობის მიზნით 45 მილიონი ინვესტიცია განხორციელდება
საინვესტიციო კომპანია "GALT AND TAGART"-მა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, კერძოდ კი კახა კალაძემ,ასევე ავსტრიულმა კომპანია "RP GLOBAL"-მ სასტუმრო "რადისონში" ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმადაც მდინარე მესტიაჭალაზე ჰესის მშენებლობის მიზნით 45 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.
აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო კომპანიებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით.
საინვესტიციო კომპანია "გალტ ენდ თაგარტმა", "RP GLOBAL" -თან ერთად სპეციალურად შექმნილი კომპანია "სვანეთის ჰიდროს" მეშვეობით, მდინარე მესტიაჭალაზე 30-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას განახორციელებს. ეს იქნება არაკაშხალური ტიპის მომდინარე წყალზე დადგმული ჰესი, რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მილიონ კილოვატ საათზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ჰესის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და პროექტის ძირითადი დიზაინი დასრულების სტადიაშია. მშენებლობა მდინარე მესტიაჭალაზე 2015 წლის გვიან გაზაფხულზე იგეგმება.
კალაძის განცხადებით, ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული მეზობლებზე. მისი თქმით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ჰიდრორესურსების ათვისება.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.