რატომ აპირებდა ჯონ კენედი ფიდელ კასტროს მოკვლას?!

რატომ აპირებდა ჯონ კენედი ფიდელ კასტროს მოკვლას?!

რობერტ კენედის ათასობით დოკუმენტმა დღის სინათლე იხილა. აშშ-ის ეროვნული არქივისა და ბოსტონის ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ იმ 2 700 გვერდიანი დოკუმენტის ზოგიერთი ნაწილი გამოაქვეყნა, რომელსაც 1961-64 წლებში იუსტიციის მინისტრი  აგროვებდა.


რობერტ კენედი მის ძმას, ჯონ კენედის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო, აძლევდა რჩევას, რომ ცივი ომის პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირმა კუბაში რაკეტები განალაგა, მას კუბაზე თავდასხმა განეხორციელებინა.


ამერიკული გამოცემის "ფორინ პოლისის" ბლოგერი, ჟურნალისტი მაიკლ დობსი წერს: "პრეზიდენტი ყველაზე მეტად მის ძმას ენდობოდა."


გამოქვეყნებული დოკუმენტები შეიცავს ტელეგრამებს, მოხსენებებს, შეხვედრების ჩანაწერებს და ასევე კენედის მიერ ხელით გაკეთებულ ჩანაწერებს. "ეს ყველაფერი ძალზე ღირებული მასალაა, რადგან კარგად გვახედებს კენედის შინაგან სამყაროში და გვაგებინებს, თუ რა აზრები ტრიალებდა მის გონებაში." -ამბობს მაიკლ დობსი.


ყველაზე ყურადსაღები ამ დოკუმენტებში ისაა, თუ როგორ ცდილობდა ამერიკის ადმინისტრაცია მაფიასთან კავშირის დამყარებას და ფიდელ კასტროს მკვლელობის მოწყობას, რისთვისაც იმ დროისათვის სოლიდური თანხა 150 000 აშშ დოლარი იყო გათვალისწინებული.


1964 წელს "კუბიდან დევნილი პატრიოტები" საბოლოოდ შეჯერდნენ 100 000 აშშ დოლარზე ფიდელ კასტროს მკვლელობისთვის, 20 000 აშშ დოლარზე მისი ძმის, რაულ კასტროს, 20 000 აშშ დოლარზე რევოლუციონერ ერნესტო  ჩეგევარას მკვლელობისთვის. ამასთან, დამატებითი ხარჯებისთის 2 500 აშშ დოლარი იყო გათვალისწინებული.


ისტორიკოსებისათვის ეს დოკუმენტაცია, ამერიკის ახლო წარსულის უფრო კარგად შესწავლისა და კენედის პიროვნების უკეთ შეფასებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: