ლევან ალაფიშვილი:-"ფრთხილად, ქვეყნის გარეთ საქართველოსთვის სახიფათო პროცესებს ჩვენვე არ მივცეთ საწყისი"
იურისტი ლევან ალაფიშვილი უკრაინაში ქართველთა დანიშვნებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს:
-"უკრაინაში ქართველთა დანიშვნებზე ჩვენი პოლიტიკოსების გადაჭარბებული და გაუაზრებელი მსჯელობა-შეფასებები სახიფათო ხასიათს იძენს.
თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად მიანიჭებენ მოქალაქეობას, ის მოქალაქე ავტომატურად მოიპოვებს უკრაინის მფარველობას როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე ისე მის ფარგლებს გარეთ. უკრაინის მოქალაქეობა და მფარველობა მოიცავს როგორც მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებას თუ შესაძლებლობას, ასევე სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის დაუშვებლობასაც. სხვათაშორის ეს ყველაფერი ჩვენშიც ანალოგიურადაა (ეს ისე, ცნობისათვის).
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის რეაქცია, როდესაც მას საზღვრისმიღმიდან სთხოვენ (თუ მოსთხოვენ) თავისივე მოქალაქის რაიმე თანამდებობაზე არდანიშვნას. წესით, ასეთივე უნდა იყოს ჩვენი პოლიტლიდერის რეაქციაც.
ჰოდა ეს მარტივი საკითხები იქნებ ჯერ უკრაინის კონსტიტუციიდან და მოქალაქეობის კანონიდან გაგვერკვია და მერე გვესაუბრა თუ ჭკუა დაგვერიგებინა მათთვის.
უკრაინა, მოლდოვა და საქართველო არის ერთი გუნდი ევროასოცირების გზაზე. ამ სამეულს არა ცალ-ცალკე, არამედ მხოლოდ ერთად/ერთიანად განიხილავს ევროპა თავის ოჯახში - პოლიტიკური პროცესი ასე წარიმართება. ამ ერთობის დაშლა თავისთავად ნეგატიურად იმოქმედებს ევროასოცირების პროცესსა და პერსპექტივაზე და ამის გაუთვალისწინებლობა შეცდომაა, ცალ-ცალკე განწირულნი ვართ წარუმატებლობისთვის.
ეხლა კარგად დავფიქრდეთ, ჩვენი მეცადინეობით უკრაინის ლიდერებთან და გმირ ხალხთან გაუაზრებელი ქმედებებითა თუ განცხადებებით, ჩვენვე ხომ არ შევუწყობთ ხელს გუნდის/სამეულის დასუსტება-დაშლას და საკუთარი ქვეყნის ევროპაში დამკვიდრების პერსპექტივას მხოლოდ ოცნების საგნად ხომ არ ვაქცევთ.
დღეს თუკი რამეზე უნდა ვესაუბროთ უკრაინის ლიდერებს, ერთად დგომით წინააღმდეგობების დაძლევაზე და ლელოს გატანაზე, ევროპაში ერთად დამკვიდრებაზე უნდა ვესაუბროთ.
შეგნებულად ბევრს არაფერს ვამბობ უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა თუ საბრძოლო მოქმედებებისადმი, დამპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მიმართ გამოხატული პოზიციის თაობაზე. ეს გაუაზრებელი და მავნებლური პოზიციაა.
ფრთხილად, ქვეყნის გარეთ საქართველოსთვის სახიფათო პროცესებს ჩვენვე არ მივცეთ საწყისი.