თინა ხიდაშელი:"ამ თემაზე არ მოგასვენებთ და ვერ დავასრულებ. ვიცი, ვიცი, ცერცვი ბევრი მაქვს მომარაგებული!"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, საკრებულოს დეპუტატებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატების დარიცხვას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
" რამდენიმე კითხვა კიდევ დამრჩენია
ამ თემაზე არ მოგასვენებთ და ვერ დავასრულებ.
ვიცი, ვიცი, ცერცვი ბევრი მაქვს მომარაგებული
1. განაკვეთური შრომის საათები დამიზუსტეთ პატივცემული საკრებულოს წევრებო. კანონის და კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების მითეთებით. რომელი საათიდან რომელ საათამდე შეიძლება შეგაწუხონ ამომრჩევლებმა ან დანარჩენმა სამყარომ რომ შემდეგ დამატებითი ანაზღაურება არ მოითხოვოთ?
2. ამ საათებს რომ დამიზუსტებთ და ჩამოვყალიბდებით იმაზე განაკვეთურია თქვენი შრომა თუ ზეგანაკვეთური, მერე ისიც დაგვიზუსტეთ თქვენი უფროსი ვინ არის? აი ის დამსახურების შესაბამისად რომ უნდა დაგაჯილდოვოთ. აქაც ზეგანაკვეთურად შეწუხდით და კანონის მუხლები მიმითითეთ თქვენი უფროსის და წარმომადგებლობით ორგანოში უფროს-უმცროსობის შესახებ.
3. ამ ორ ამბავს რომ გავარკვევთ, მერე ასევე კანონით მიმითითეთ როგორ, რომელი კრიტერიუმებით, რომელ კანონებზე და მუხლებზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს ჭიჭიკომ მეტი იშრომა, თუ ბიჭიკომ. მით უფრო ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გირჩევთ ტაბელი გააკეთეთ და ხელი მოაწერით გამვლელ-გამომვლელს, განსაკუთრებით ქუჩაში და უფროსს მიუტანეთ ბეჯითი შრომის დასტურად, რომ მოწყალება გაიღოს, ვინაიდან იმას რაც თქვენ გუშინ მიიღეთ სწორედ რომ მოწყალების გაღება ქვია
კიდევ შეგეხმიანებით"- წერს ხიდაშელი.