დავით ზურაბიშვილი პრემიერს:-"თქვენ თავად განაცხადეთ, რომ მინისტრიც შეწუხებულია და მას არ გაუჭირდება შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა"
დავით ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმიანებს და წერს:
-"დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის " სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით." მან ასევე განაცხადა, რომ ის ესაუბრა თავდაცვის მინისტრს და ამ უკანასკნელს "არც ეუხერხულება და არც არაფერი"
რამდენადაც მე ვიყავი ერთ–ერთი პირველი, ვინც ის განცხადება ძალიან მკაცრად შეაფასა, მინდა გამოვეხმაურო პრემიერის გამოსვლას და ვიკითხო:
უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს "არ ეუხერხულება"? თქვენ თავად ბრძანეთ ორი დღის წინ, რომ არ მოგეწონათ სამინისტროს განცხადება. ისიც განაცხადეთ, რომ მინისტრიც შეწუხებულია და მას არ გაუჭირდება შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა.
ახლა კი რა გამოდის? დღეს თუ არ არ ეუხერხულება თავდაცვის მინისტრს ის ცნობილი განცხადება, გუშინწინ რაღაზე იყო შეწუხებული და რას აგზავნიდა თავის მოადგილეს საბოდიშოდ? ნაცმოძრაობის ისტერიას უხდიდა ბოდიშს?
ხოლო "შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი თავდაცვის სამინისტროსთვის" , როგორც თქვენ ბრძანებთ, არის არა იმ განცხადების გამო ატეხილი აჟიოტაჟი, არამედ იმ განცხადების შინაარსი. ამიტომ კეთილი უნდა ინებოს მინისტრმა და საჯაროდ განმარტოს: რაში იყო საქმე, რა მოხდა და პასუხისმგებელი პირიც დაისაჯოს.
მაღალი თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის პირისგან მხოლოდ ასეთი რეაქცია იქნება სწორი და მართებული".