სოსო ცისკარიშვილი: გიგი უგულავა, "დავაი დასვიდანია"!
გუშინ, 9 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის გიგი უგულავას სახელმწიფო კანცელარიაში მისვლის შეფასება "ივერიონმა" დამოუკიდებელ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს სთხოვა.
"ჩემი აზრით, გიგი უგულავას მხრიდან ელემენტარული ეტიკეტის დარღვევის მომსწრენი გახვდით. როდესაც მთავრობის სხდომაზე მიდიხარ, სადაც არავინ გელოდება, ამას შეჭრა ჰქვია, მაგრამ მას საკუთარი თავი თბილისის მერად კი არა, თბილისის ხაზინად მიაჩნია და ვერც კი წარმოუდგენია, რომ მთავრობისთვის რაიმე სხვა საკითხი უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდეს.
ამიტომ პასუხი, რომელიც მერმა მიიღო, სრულიად ადეკვატური გახლდათ და როგორც ყველასთვის ცნობილ ვიდეოკლიპშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა "დავაი დასვიდანია", პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, რომ უგულავა იქაურობას დიდი ხნით დაემშვიდობა", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი ჩვენთან საუბრისას.
დამოუკიდებელი ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აქვე დასძენს: "კი, მართალია, იმ პრობლემების წინაშე მრავალი ათასი ადამიანი დგას, მაგრამ არა გიგი უგულავა. მას ამ საკითხზე მაშინ უნდა ეფიქრა როცა ვანო მერაბიშვილთან ერთად შეთქმულებით, დანაშაულებრივი გზით "ჭრიდა და კერავდა" სახელმწიფო ბუჯეტს და მას ამხელა ვალდებულებები აჰკიდა. ამიტომაც ვამბობ, რომ გიგი უგულავას გუშინდელი შეჭრა მთავრობის კანცელარიაში პროვოკაცია იყო და მეტი არფერი!".