თბილისის მერია მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დღეა ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაფიცული არიან, მათ მოთხოვნათა გრძელი სია აქვთ. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქში ავტობუსების მოძრაობა დღეს უნდა აღდგეს. 

 

თბილისის მერია, ავტობუსების მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ. 

 

"ბოდიშს ვუხდით თბილისელებს, რადგან მძღოლების გაფიცვის გამო ქალაქში ავტობუსით მგზავრობა დროებით შეფერხებულია. მძღოლების მიერ წარმოდგენილია 16-პუნქტიანი მოთხოვნა, რომელთაგან 15 ტექნიკურ ხასიათს ატარებს და სატრანსპორტო კომპანია აკმაყოფილებს მათ. გადაუწყვეტელი რჩება მოთხოვნა, რომელიც მძღოლების ხელფასის გაორმაგებას ეხება.

 

გვინდა გაცნობოთ, რომ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების ხელფასის ზრდა მიმდინარე წლის ივლისში განხორციელდა. მძღოლები თვეში 12 დღის განმავლობაში მუშაობენ და თვიურ ანაზღაურებას პატარა ავტობუსზე მომუშავე მძღოლები 800 ლარს, ხოლო დიდ ავტობუსზე 900 ლარს იღებენ. მეტროს მემანქანეები კვირაში 35 საათს მუშაობენ და მათი ხელფასი თვეში 1150 ლარია.

 

რაც შეეხება მძღოლების მოთხოვნას ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების გამო, მიმდინარე წელს ვერ განხორციელდება. ხოლო 2013 წელს ხელფასების გაზრდის საკითხი დამოკიდებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე, რისი განსაზღვრის შემდეგაც შესაძლებელი გახდება აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლება.

 

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მძღოლების დღევანდელი მოთხოვნა, დაკავებული თანამდებობებიდან გადადგნენ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ გამოიყენებენ მძღოლებს პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან ამით მხოლოდ და მხოლოდ თბილისელები ზარალდებიან.

 

ასევე მოვუწოდებთ მძღოლებს, განაახლონ კომპანიის მენეჯმენტთან კონსტრუქციული დიალოგი, დაიწყონ მუშაობა, რათა თბილისელებს გადაადგილების პრობლემა აღარ შეექმნათ".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: