კოტე კუბლაშვილი: "უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კორუფციისგან თავისუფალ სისტემას მიიღებს"
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კორუფციისგან თავისუფალ სისტემას მიიღებს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ათწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კუბლაშვილმა ათი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს ეთანხმება სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებაში.
"პოლიტიკოსები ხშირად აცხადებენ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. მე ამ შეფასებაში მათ ვეთანხმები, თუმცა არის გარკვეული ხარვეზებიც – 5-10 პროცენტი, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი, - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისი თქმით, ათი წლის განმავლობაში კანონში განხორციელდა უამრავი ცვლილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაიქცა ადმინისტრიაციულ ორგანოდ.
კუბლაშვილის თქმით, იუსტიციის სკოლის ფარგლებში ხდება მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, რაც ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისი თქმით, შეიქმნა ახალი საპროცესო კოდექსები, რაც ასევე მნიშვნელოვანია და სასამართლო აღიჭურვა ტექნიკური ბაზით, მათ შორის, თითქმის ყველა შენობა საქართველოს მასშტაბით გარემონტდა.
კუბლაშვილმა დღეს მედიის შეკითხვებსაც უპასუხა და პრესკონფერენციის ბოლოს, ჟურნალისტებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.
კონსტანტინე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.