გიორგი მღებრიშვილი: "ცვლილებები სხვა დაწესებულებებსაც შეეხება"
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის #3 დაწესებულების დირექტორის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გეგმაზომიერ საკადრო პოლიტიკას ანვითარებენ და ცვლილებები სხვა დაწესებულებებსაც შეეხება.
"დღეს #3 დაწესებულების თანამშრომლებსა და საზოგადოებას ახალი დირექტორი წარვუდგინე. ჩემი მთავარი პრინციპია, დავამსხვრიო სტერეოტიპი, რაც მუდმივად პრობლემა იყო ამ სისტემის - ჩაკეტილობა, გაუხსნელობა, დაფარული ინფორმაციები. ისე ინიშნებოდნენ და იხსნებოდნენ დაწესებულების დირექტორები, რომ ამას ვერავინ ვერ იგებდა. მინდა, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალეები ვიყოთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისი თქმით, პატიმარების პრობლემების შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნობა.
"ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ყოველთვის მივანიშნებთ და ვაღიარებთ, რომ არის პრობლემები. ჩვენ გეგმაზომიერად ყველა პრობლემას ვაგვარებთ. დაახლოებით 200-მდე პატიმარი იხდის სასჯელს ამ დაწესებულებაში. პატიმრებს შევხვდები და მოვისმენ მათგან იმ პრობლემების შესახებ, რაც აწუხებთ. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვუგვაროთ ყველა პრობლემა. პატიმრებს უნდა მივაწოდოთ ის, რაც მათ ეკუთვნით, ასევე უნდა მივიღოთ მათგან ის, რაც გვეკუთვნის", - განაცხადა მღებრიშვილმა.