ლაშა ამირეჯიბი: ბატონო პრემიერო, შექმენით ფინანსური მონიტორინგის კომისია და გააქარწყლეთ თქვენს გარშემო აგორებული ეჭვები!
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ლაშა ამირეჯიბი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ფინანსური მონიტორინგის კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს და გარკვეულ რჩევებსაც აძლევს.
ბატონო პრემიერო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ნიშნული სადღაც ნულიდან ერთამდე მერყეობს, მივესალმები თქვენს იდეას საგარეო პოლიტიკის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. კომისიაში არაერთ საინტერესო ადამიანსაც მოვკარი თვალი, რაც ძალიან სასიხარულოა.
მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი კომისიის შექმნის იდეა, რომელიც საზოგადოებაში მოარულ ეჭვებსაც გააქარწყლებს და საქმესაც კეთილად წაადგება.
გთავაზობთ, თქვენი მეთაურობით შეიქმნას ფინანსური მონიტორინგის კომისია, რომელიც საზოგადოებას გამჭვირვალე ინფორმაციას მიაწვდის სატენდერო პერიპეტიებთან დაკავშირებით. დიახ, აღნიშნული კომისია დაადგენს, თუ რა ხდება გამოცხადებულ ტენდერებში, რამდენად გამართულია იგი და რა ხარისხით მიმდინარეობს სატენდერო სამუშაოები - არსებობს თუ არა დარღვევები, გვაქვს თუ არა საქმე ე.წ. კორუფციულ სქემასთან, რომელზეც ასე აქტიურად საუბრობენ საზოგადოებაში.
აღნიშნული კომსიის სწორი დასკვნა გააქარწყლებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს ე.წ. ტენდერებში თქვენი და თქვენი უახლოესი გარემოცვის ჩართულობის შესახებ.
დიახ, სწორი და გამართული დასკვნა კვლავ მოაბრუნებს საზოგადოებას თქვენსკენ - ხალხს თქვენდამი ნდობა ისევ დაუბრუნდება!
ვფიქრობ, საზოგადოება უნდა დაარწმუნოთ იმაში, რომ თქვენ ბ-ნო პრემიერო, არავითარი კავშირი არა გაქვთ და არც გქონიათ ე.წ. კორუფციულ გარიგებებთან!
კარგად გვახსოვს, თუ რამდენი სახელმწიფო ჩინოვნიკის „თავი გაგორდა“ ამ ბოლო ხანებში. სამწუხაროდ „მოკვეთილი თავები“ თქვენს პერსონასთან იყო ასოცირებული, მეტიც, მას „კახურ ვერტიკალსაც“ კი უწოდებენ.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ კარს მოგვადგა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. „ქართული ოცნების“ კრახის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა თქვენ გაგამტყუნებთ და დღევანდელი ხელისუფლების არასასურველი პოლიტიკური ძალებით ჩანაცვლება ქვეყანასაც არსებით პრობლემებს შეუქმნის.
ბ-ნო პრემიერო, მიიღეთ ჩემი მეგობრული და ამავე დროს კეთილი რჩევა: შექმენით ფინანსური მონიტორინგის კომისია, რომელიც გამოავლენს იმ დარღვევებს თუ დანაშაულობებს, რომელსაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი იმ ყბადაღებულ ტენდერებში და მომავალში მსგავს უწესრიგობებსაც აღკვეთს!
პატივისცემით ლაშა ამირეჯიბი