გოგი ლორთქიფანიძე:-"ეს არის პოლიტიკური სისტემის პრობლემა, რომლის სიმახინჯეც ყველაზე მტკივნეულად შსს–ზე აისახება"

გოგი ლორთქიფანიძე:-"ეს არის პოლიტიკური სისტემის პრობლემა, რომლის სიმახინჯეც ყველაზე მტკივნეულად შსს–ზე აისახება"

  მოქალაქე მოდებაძემ პოლიციის განყოფილებაში თვითდაზიანება მიიყენა. ინციდენტი ტყიბულში მოხდა.

  აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამართალდამცველებმა მოდებაძე გადამოწმების მიზნით გააჩერეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გასწია, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

   როგორც შს სამინისტროში ირწმუნებიან, მოქალაქემ გადაყვანის პროცესშიც გასწია წინააღმდეგობა, ასევე პოლიციის განყოფილებაში დააზიანა ინვენტარი და მიიღო მსუბუქი თვითდაზიანება.

   "გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მოქალაქეს ადგილზე გაეწია დახმარება. სასწრაფომ შესთავაზა საავადმყოფოში გადაყვანა, თუმცა მან თავადვე განაცხადა უარი",– განაცხადეს შსს–ში.

 

   ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უმეტესი მათგანი პოლიციისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებელი იყო. გასაკვირი არც არაფერია, რადგან ბოლო ხანების განმავლობაში საკმაოდ გახშირდა შს სამინისტროს თანამშრომლების და განსაკუთრებით მინისტრის კრიტიკა. ამ თემაზე "ივერიონი" "სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ცენტრის" დამფუძნებელს გოგი ლორთქიფანიძეს გაესაუბრა.

 

   -როგორ ფიქრობთ, რატომ წამოიწია წინა პლანზე პოლიციელების ქმედებებმა და რა ნახა საზოგადოებამ ახალი, თუ გავიხსენებთ 2012 წლის არჩევნების პერიოდის პოლიციას, რომლებიც ყველაფერზე მიდიოდნენ და თუნდაც პლაკატის გაკვრისთვის აპატიმრებდნენ მოქალაქეებს, თუნდაც ჟურნალისტების მიმართ ახორცილებდნენ ზეწოლას, რატომ უნდა გაგვიკვირდეს პოლიციის ახლანდელი ქმედება, ეს ხომ იგივე პოლიციელები არიან, ოღონდ ჩინ-მომატებულნი? რას ხედავთ ყოველივე ამის უკან და თუნდაც, რატომ არ უნდა დააკავოს პოლიციამ ქუჩაში მოჩხუბარი და საქმის გამრჩევი ახალგაზრდები? ხომ არ გგონიათ, რომ ღარიბაშვილმა, როგორც შს მინისტრმა შეცდომა დაუშვა, როცა არჩევნების შემდეგ გათავისუფლებული პოლიციელები ისევ დააბრუნა განყოფილებებში და მეტიც, დააწინაურა კიდეც ისინი. ხედავთ თუ არა პოლიციელების დღევანდელ ქმედებაში საბოტაჟის ნიშნებს?

 

   -მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ... აქ პიროვნებები არაფერ შუაში არიან... ცუდი და კარგი პოლიციელი ყოველთვის იყო და იქნება ყველა ქვეყანაში... ასევე ცუდი და კარგი მინისტრი. ეს არ არის შსს–ს პრობლემა, ეს არის პოლიტიკური სისტემის პრობლემა, რომლის სიმახინჯეც ყველაზე მტკივნეულად შსს–ზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე, აისახება ყველაზე მეტად. თუ დალაგდება სისტემა, დალაგდება ავტომატურად შსს–ც. სხვა ყველა სახის მსჯელობა, დისკუსია ამ საკითხზე აზრს კარგავს და ვერც კოსმეტიკური ცვლილებებით ან კადრების ცვლილებით პრობლემა არ მოგვარდება. ახლა დამისვამთ კითხვას- ეს ახალ კადრები საიდან უნდა მოიყვანონ?

 

  - სწორედაც, საიდან?

 

   -მოკლედ ცუდ დღეში ვართ და ცუდ ფაზაში შევდივართ... თებერვლის ბოლო იქნება ნიშნული თუ რა გზით წავა ჩვენი პოლიტიკური ვნებათაღელვები 2016–მდე...

 

   -აი, თუნდაც ამ საღამომდელი ფაქტი-მთელი სოციალური ქსელი მოიცვა ტყიბულში ვინმე მოდებაძის მიერ თვითდაზიანების მიყენებამ. როგორც შსს ამბობს, სამართალდამცველებმა მოდებაძე გადამოწმების მიზნით გააჩერეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გასწია, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც შს სამინისტროში ირწმუნებიან, მოქალაქემ გადაყვანის პროცესშიც გასწია წინააღმდეგობა, ასევე პოლიციის განყოფილებაში დააზიანა ინვენტარი და მიიღო მსუბუქი თვითდაზიანება. საზოგადოება კი ისევ პოლიციას ადანაშაულებს

 

   -მასე იქნება სულ და არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი.. ყველგან ეგრეა... აი, ეხლაც საფრანგეთის მოვლენების ფონზე, საფრანგეთში "აჟანები" ანუ ჟანდარმები არიან ყველაზე საძულველი სახელმწიფო მოხელეები... მაგრამ იქ სისტემა მუშაობს და ამ საძულველი სამინისტროს მიერ ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებს არავინ არ აყენებს ეჭვს ქვეშ.

 

   -ბოლოს მივედით იმ აზრამდე, რაც უკვე ფეხმოკიდებულია საზოგადოებაში-სისტემა უნდა შეიცვალოს! და როგორ უნდა შევცვალოთ? არჩევნების გზით, იმ საარჩევნო კოდექსით წარმოუდგენელია რაიმე ახალი მივიღოთ.

 

   -სულ ვიბრძოდი... მაგრამ ეხლა ხანდახან მეც მიწყდება იმედის ძაფი.. მზა პასუხი არა მაქვს... ერთადერთი არ უნდა ჩამოუშვა ხელები და უფალი გამოგიჩენს საშველს.. სხვა მართლა აღარ ვიცი რა ვიფიქრო...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: