ლია რუსიაშვილი:-"ცოდვის შედეგი გარდაუვალი საზღაურია"

ლია რუსიაშვილი:-"ცოდვის შედეგი გარდაუვალი საზღაურია"

   "დამაფიქრებელი ფაქტია, რომ სადღეისო პრობლემას წარმოადგენს ერის ცალმხრივი, ოდენ დიდაქტიკური (ქადაგება, შეგონება, გაფრთხილება) დაკვალიანება, ხოლო თეოლოგიური გაცნობიერება კი მეტნაკლებად უგულებელყოფილია; შესაბამისად, ადამიანები ვერ ერკვევიან თვით კატეხიზმოს ელემენტარულ საკითხებში, რომ აღარაფერი ვთქვათ თეოლოგიის უფრო ღრმა სფეროებზე. ზუსტად, ამ სინაკლულით სარგებლობენ ჩასაფრებული ლიბერალები და თავიანთი "ქრისტეზე კეთილი" (სინამდვილეში კი ქრისტესმოძულე ანუ ქრისტემტყუვრული) "სწავლებებით" აბნევენ უმეცარ ადამიანებს. 

   ქრისტეზე "კეთილად" თავის მოჩვენების ხერხი ლიბერალებს ასე აქვთ მორგებულ-დამუღამებული:--" ღმერთი კაცთმოყვარე და მიმტევებელია და შეუძლებელია, რომ ის ამავდროულად დამსჯელიც იყოს, როგორადაც ფუნდამეტალისტები წარმოგვიჩენენო"... (არადა, ისიც გასაპროტესტებელია, თუ რატომაა ფუნდამენტალიზმი სალანძღავი სიტყვა? იმიტომ, რომ რელიგიის საზღვრებს იცავს წუთისოფლის სულისაგან?!...)

   გადავხედოთ ისტორიას, მართლა ასეა, როგორც ლიბერალები ასწავლიან—"რაც გინდა ჩაიდინე, იცოდვილე, ფეხქვეშ გათელე ღმრთაებრივი ცნებები და კაცთმოყვარე ღმერთი, მაინც, "მამობრივი სიყვარულით" ისეთს ჩაგიხუტებს, როგორიცა ხარ??? " 

   აბა, შევამოწმოთ, რა იგულისხმება ეკლესიური სწავლებით მომაკვდინებელ ცოდვებში: --ღვთისგმობა, მწვალებლობა, განდგომილება, ჯადოქრობა, კაცისკვლა, მრუშობა, ქურდობა, ამპარტავნება, მამათმავლობა, სასოწარკვეთილება, თვითმკვლელობა, სიძვა, მკრეხელობა, კაცის კვლა, ძარცვა, ქურდობა, მევახშეობა.... 

და რა ხდება ამგვარი ცოდვების არდატევებისას? 

   წმიდა ოქროპირი:-" როდესაც ამბობ, ღმერთი კაცთმოყვარეა და ამიტომ არ დაგვსჯის, მაშინ, შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ თითქოს ის კაცთმოყვარე აღარ იქნება, თუკი დაგვსჯის"...

   წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი:-"მომაკვდინებელი ცოდვა ართმევს ადამიანს ღვთიურ მადლს და კლავს სულს. თუ სათანადოდ არ შეინანეს, მომაკვდინებელი ცოდვა სამუდამო ტანჯვის მომტანია .

   წმ. მოციქული იაკობი:"-ჩადენილი ცოდვა შობს სიკვდილს. ესე იგი სასიკვდილოა ყოველი მოუნანიებელი ცოდვა, განსაკუთრებით, როდესაც იგი ხშირად მეორდება..."

"წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

   -"ღვთის სასჯელი ცოდვილს ზოგჯერ უმალ ეწევა, რათა ცოდვილი დააშინოს და მართალს მხნეობა შესძინოს. ზოგჯერ მოგვიანებით, მაგრამ მოულოდნელად, რათა ცოდვილმა იცოდეს, რომ უფალი არაფერს ივიწყებს..."

   -"ვინც რითი სცოდავს, უმეტესწილად იმითვე ისჯება; ზაქარიამ ბაგეებით შესცოდა, ამითვე დაისაჯა... (ლუკა 1, 20). 

ვფიქრობთ, საკმარისია...

   თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ საკმარისი არ იქნება ლიბერალებისთვის, რადგან მათი გააფთრებული ბრძოლის ერთერთი სამიზნე გახლავთ სწორედ უდიდეს წმინდანთა სწავლებების ეჭვქვეშ დაყენება, ვითომდა, "თანამედროვეობასთან შეუთავსებლობისა" და "სიძველისგან დრომოჭმულობის" გამო!

თითქოსდა, არ იცოდნენ, რომ უფლისთვის დრო არ არსებობს და ის, რაც სულიწმინდის კარნახით შექმნეს წმინდა სამოციქულო კრებებმა---მუდმივად აწმყოში არსებობს და მოიაზრება!

   მეტიც, ისიც განჭვრიტეს წმინდანებმა, რომ ლიბერალების მსგავსი არაერთი ქრისტესმტყუვარი შეეცდებოდა მათი სწავლებების "გადაფასებას" და ამიტომაც განაჩინეს:

   -"არცა ვის ხელეწიფების მეფესა, გინა მღვდელთ-მოძღვარსა ახლისა რაისამე სჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი ანუ ბეწვი არა შეიცვალების; ხოოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესე ვითარსა მას კათოლიკე ეკლესიაი შეაჩუენებს." (წმ. მაქსიმე აღმსარებელი.).

   -"ეკლესიაში სქიზმა შემოაქვს მას, ვისაც ეკლესიაში შემოაქვს სიახლე". (წმ.ბასილი დიდი)

   გამოდის, რომ ლიბერალები არიან სწორედ სქიზმატები, რამდენადაც მათ შემოაქვთ სიახლე სწავლებათა გაყალბების გზით.

   ამიტომ, გონიერ ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება --ლიბერალებს გაჰყვეს, (რომელთა ცხოვრების წესიც იმთავითვე ააშკარავებს მათსავე წუთისოფლისეულ სულიერებას) თუ სულიწმინდით განბრძნობილ სასწაულმოქმედ წმინდანებს!

   აქვე, თემასთან შესაბამისად, ერთ ისტორიულ ფაქტს გავიხსენებ:

   ექვთიმე ათონელს, სახარების ქართულად მთარგმნელს, ჰყავდა მეგობარი, თესალონიკელი კათალიკოსი, რომელსაც ერთი სჯულისმეცნიერი იუდეველის მოქცევა ეწადა და თანადგომისათვის მიმართა ექვთიმეს. როდესაც საღვთისმეტყველო არგუმენტების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, ებრაელმა დაიწყო ქრისტიანობის გმობა, უდიერი სიტყვების გაგონებით შეძრწუნებულმა ექვთიმემ შერისხა ებრაელი:

    -დაიყავნ პირი შენი, ბილწო ურია!

   და იმ წუთასვე დამუნჯდა იუდეველი. მისი თვისტომნი, რომელნიც თან ახლდნენ სჯულისმეცნიერს, ფეხებში ჩაუვარდნენ ბერს, რათა მიეტევებინა მისთვის. ექვთიმემ უპასუხა:

   -რომელი იგი ჰგმო, მისგან შეინდოს და სარწმუნოებად მოვიდეს, მე შემინდია...

   კათალიკოსიც შეეხვეწა მგმობელის შენდობასა და მისთვის ლოცვას. მართლაც, როგორც კი წმიდა ბერმა ილოცა და ჯვარი გადასწერა, მყისვე აეხსნა ბაგეები იუდეველს და ენა ამოიდგა. იგი ფეხებში ჩაუვარდა ექვთიმეს და ქრისტიანად მოინათლა.

 

   ამგვარივე ამბავი უკავშირდება კონსტანტინეპოლის პატრიარქს, წმინდა ალექსანდრეს: -- როდესაც მის წინააღმდეგ დებატში წარადგინეს საბერძნეთში განთქმული მწიგნობარი, რომელმაც ქრისტეს გმობა დაიწყო, მან მიმართა:

    -ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!

   მწიგნობარს მეყსეულად წაერთვა მეტყველება, ისე, რომ ერთი სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებდა. ამის დანახვაზე ფილოსოფოსები, შიშისა და სირცხვილისგან თავზარდაცემულნი, ერთნი გარბოდნენ, ხოლო, მეორენი ქრისტეს აღიარებდნენ. დამუნჯებული მწიგნობარი კი წმიდა მამის ფეხებთან დაემხო და მინიშნებით უმოწმებდა სახარებისეული რწმენის სიწმიდეს. იგი წმინდა ალექსანდრეს ლოცვით განიკურნა და სხვებთან ერთად მოინათლა...

   გასაკვირია, ამგვარი ფაქტების გაცნობის შემდეგ ასე ჯიუტად რატომ ეწინააღმდეგებიან მართლსწავლებას?!

   რატომ მოსწონთ ცეცხლთან თამაში მაშინ, როდესაც ისტორია ცხვირწინ ულაგებს იმ მაგალითებს, რომელთა მიხედვითაც, აშკარაა, რომ დიახაც, არ რჩება დაუსჯელი არცერთი მკრეხელობა, არცერთი ღვთისგმობა, არცერთი ცოდვა?!

   იქნებ ის მაინც ჰკითხონ საკუთარ თავს "ქრისტეზე კეთილმა" ლიბერალებმა, თუ რატომ დაისაჯა სამივე ჰეროდე თავიანთი სისატიკისა და ღვთისმგმობი ცხოვრების გამო? მათგან პირველმა დაუნდობლად დაახოცინა ბეთლემსა და მის გარემო დაბა-სოფლებში ყრმანი და ამისათვის საშინელი სიკვდილით აღესრულა:--იგი მატლებმა ცოცხლად შეჭამეს...

   მეორე ჰეროდემ, რომელმაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა თავის ცოლის, ჰეროდიადასა და სალომეას თხოვნით, ასევე დაასრულა სიცოცხლე-- იგი ცოლთან ერთად მიწამ ცოცხლად შთანთქა, მანამდე კი მათ ქალიშვილის, სალომიას სიკვდილი საკუთარი თვალით იხილეს-- მდინარეზე გადასვლისას მას ყინული ჩაუტყდა და წყალში ჩავარდა. თავი ყინულს ზემოთ დარჩა, სხეული კი წყალში ჩაეკიდა. უბედური სხეულს ისე ამოძრავებდა, როგორც იმ როკვისას, რის შემდეგაც იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. ყინულის ბასრმა ნატეხმა მას ყელი გადაუჭრა. სხეული წყალში დარჩა, თავი კი, ჰეროდეს და ჰეროდიადას მიუტანეს...

   მესამე ჰეროდე კი, რომელმაც მოციქულ იაკობს თავი მოჰკვეთა--უფლის ანგელოზმა განგმირა...

   იქნებ ზღაპრებია ყოველივე ეს და "მოგონილი", როგორადაც ავრცელებენ ლიბერალები გაუნათლებლობისგან თავგზა აბნეულ ადამიანებში?!

   რით ახსნიან იმ ფაქტებს, რომლებიც ისევ და ისევ ცხადყოფენ იმ ჭეშმარიტებას, რომ მკრეხელობა არავის არასოდეს შერჩენია ამქვეყნადვე?!

   ის მაინც გაიხსენონ, როგორი იყო ღვთისმბრძოლი ლენინის სიცოცხლის ბოლო? წითელი იმპერიის პირველი ბელადი ჭკუიდან გადავიდა და მისი შეშლილობის ამბავს ხალხს დიდხანს უმალავდნენ. მისი გვამი კი დღემდე კრემლის მავზოლეუმშია გამომწყვდეული და მიწას არ მიუღია...

 

   ან გაიხსენონ რომელ "დიდ მწვალებელს" შერჩენია ღვთისგმობა?!

   არიოზი, რომელმაც დაიწყო სწავლება, რომ უფალი იესო ქრისტე არის მხოლოდ პირველი და უსრულყოფილესი ქმნილება ღვთისა და არა თვით ღმერთი, წმინდა მამებმა განკვეთეს ეკლესიიდან. ყველასაგან მოძაგებულმა არ იცოდა, რა ეღონა. და გადაწყვიტა თავი ჭეშმარიტ მორწმუნედ მოეჩვენებინა--მან იმპერატორ კონსტანტინე დიდს სთხოვა რომ ებრძანებინა და კვლავ მიეღოთ ეკლესიის ერთობაში. მშვიდობისმოყვარე ხელმწიფე დაეთანხმა მას, მითუმეტეს, რომ კონსტანტინეს შეკითხვაზე -- თუ გწამს ისე, როგორც ეკლესიის მამებმა დაადგინეს ნიკეის კრებაზეო, არიოზმა ურცხვად მოატყუა და გულზე მჯიღის ცემით მიუგო:

    -დიახ, მეფეო, ასე მწამს!..

   ამ დროს მას მკერდზე, სამოსის ქვეშ დამალული ჰქონდა ქარტია, რომელზეც მისი ცრუ, მწვალებლური სწავლება იყო დაწერილი! იმპერატორმა დაუჯერა მას და დათანხმდა, დახმარებოდა, მაგრამ უფალმა, რომელიც "არა შეურაცხ-იქმნების, რამეთუ რაიცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს" (გალატ. 6, 7), არ დააყოვნა ერეტიკოსის დასჯა. ხელმწიფის ბრძანება, ვითომცდა მონანული არიოზის კვლავ ეკლესიის ერთობაში მიღებაზე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსს, წმინდა ალექსანდრეს უნდა შეესრულებინა. და აი, არიოზის ეკლესიაში მიღების წინადღით, მღვდელმთავარი ალექსანდრე, რომელმაც კარგად უწყოდა არიოზის სიჯიუტე და მზაკვრული ხასიათი, მთელი ღამის განმავლობაში ევედრა უფალს, არ დაეშვა უბოროტესი მტრის შემოჭრა ეკლესიაში. უფალმაც შეისმინა მისი მხურვალე ლოცვა-ვედრება. დილით თავისი მწვალებელი თანამზრახველებით გარშემორტყმული არიოზი ზარზეიმით გაემართა ეკლესიისაკენ, რათა იქ იუდას მუხანათური ამბორით მიეღო წმინდა ზიარება, მაგრამ გზაში ანაზდად მუცლის საშინელი ტკივილი იგრძნო, მიწაზე დაეცა და მთელი მისი შიგნეულობა გარეთ გადმოიყარა...

ან მწვალებელ ნესტორის საზარელ აღსასრულზე რას იტყვით, რომელსაც, თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა 428 წელს მიეცა, როდესაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ამტკიცებდა, რომ მარიამი არის არა ქრისტე უფლის, არამედ, ქრისტე ადამიანის მშობელი...

   მან მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა - მისი ბრძანებით, ანათემას გადასცეს ყველა, ვინც ყოვლადწმიდა ქალწულს ღვთისმშობელს უწოდებდა.

ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრებამ ნესტორიანობა ერესად გამოაცხადა!

   საბოლოოდ, მართლმადიდებელთა სასტიკი მდევნელი უფლის სასჯელს ვერ ასცდა - იგი მღვდელმსახურებიდან განკვეთეს, ლიბიის უდაბნოში გადაასახლეს, ხოლო, ღმრთისმშობლის გმობისათვის საშინელი სატანჯველით აღესრულა - მისი ენა მატლებმა შეჭამეს...

   ამაზე რაღას იტყვიან ლიბერალები?

   თუმცა, ვეჭვობ, რომ სამწუხაროდ, ისინი არ აღიარებენ, რომ 

    -"ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას შევურაცხყოფთ, ბევრად მეტია, ვიდრე - ღვთის სასჯელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ღმერთი, თავისი უდიდესი გულმოწყალების გამო, ყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ..." (წმ. ტიხონ ზადონელი).

მეტიც, დარწმუნებული ვარ, ჟურნალ ჩჰარლიე Hებდო-ში გამოქვეყნებული ამაზრზენი სუპერმკრეხელური (ამ ახალი ტერმინის დაბადებაც კი გახდა საჭირო...) კარიკატურები-- ყოვლადწმიდა სამებაზე, იესუ ქრისტეზე და დედაღვთისმშობელზე, მათ "სიტყვის თავისუფლებად" და თანამედროვე პრესის "გამარჯვებად" მიაჩნიათ, მაგრამ ის შედეგი, რაც იმ უბედურების ცეცხლთან თამაშს მოჰყვა, მათთვის ჭკუისასწავლი, რატომღაც არაა!

რა გაეწყობა, ნათქვამია, სამოთხეში ქეჩოთი არავინ შეჰყავთო...

   არც პირველები არიან ლიბერალები და არც უკანასკნელნი იქნებიან, ვინც ქრისტეს ეკლესიას უპირისპირდება, მაგრამ როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს:-ქრისტიანულ რწმენას თავისი ძალით არაფერი აღემატება. მრავალი მახვილი, მას რომ ებრძოდა, გაცვდა. მეფეებს, მის აღმოფხვრას რომ ლამობდნენ, ბოროტად აღმოხდათ სული. სამეფოები, მას რომ ებრძოდნენ, აღიგავნენ პირისაგან მიწისა. ქალაქები მას რომ უარყოფდნენ, ნანგრევებად იქცნენ. ერეტიკოსები, მის გაუკუღმართობას რომ ლამობდნენ, ანათემას მიეცნენ და სულითა და ხორცით წარწყმდნენ. ქრისტიანული რწმენა კი დღემდე ჰგიებს!"

   მახსენდება იულიანე განდგომილის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის ჟამს: :"შენ გაიმარჯვე, გალილეველო!"

   ამიტომ, მსგავსი ამაზრზენი მკრეხელობის წინაშე, რაც ზემორე ჟურნალმა დაბეჭდა ყოვლადწმინდა სამებაზე და ღვთისმშობელზე, დუმილი ისეთივე დანაშაულია, როგორც პილატეს ის ქმედება, როდესაც მან ხელები წყლით გადაიბანა და თქვა:--"უბრალო ვარ მე სისხლისაგან ამისა..."

   ამაოდ ფიქრობდა პილატე, რომ უცოდველი იყო იესუს წინაშე! 

   ნათქვამია, "ხე ნაყოფით შეიცნობაო" და შედეგად -- პილატემ სიცოცხლე გადასახლებაში თვითმკვლელობით დაასრულა.

   "ქრისტეზე კეთილ" ლიბერალებს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, მოსწონთ მათ ღვთიური სასჯელი თუ არ მოსწონთ, ამით არაფერი არ შეიცვლება, სამყაროში მაინც იმოქმედებს მკაცრი კანონზომიერება: --ვინც რას დასთესს, - იმასვე მოიმკის. ანუ, ვინც ნებაყოფლობით თესავს სიმრუდეს, ცხადია, მოიმკის ბოროტებას, ამ კანონზომიერებაში ღვთის სამართალი უნდა დავინახოთ.  

    "ცოდვის შედეგი გარდაუვალი საზღაურია", ხოლო, სასჯელი რა სახით დაატყდება შემცოდეს, სალომიასავით ყინული მოაჭრის თავს, ტურა-მგლები შეჭამენ თუ თავდამსხმელი დაცხრილავს ავტომატით, ამას რა მნიშვნელობა აქვს ადამიანთათვის?.. მათ ხომ მარტოდენ ის ევალებათ, რომ იფრთხილონ და იფხიზლონ უფლის მუდმივდამკვირვებელი მზერის წინაშე, ვინაიდან, როგორც დაგვანახა ზემორე მაგალითებმა, აქსიომაა რომ ცოდვა თავის საზღაურს აუცილებლად მოიმკის-- მოიმოქმედებენ მას ლიბერალი რედაქციები თუ მათზე თავდამსხმელები. 

   დასასრულ- ქრისტეშობას გილოცავთ! 

   დაე, ამ აღრეულ დღევანდელობაში წმინდა მოციქულ პეტრეს ეს სიტყვები გვქონოდეს სულიერ თანამგზავრად: 

    -"თქვენ კი საყვარელნო, გაფრთხილდით, რომ არ აყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მადლით, ამინ."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: