რატომ უჩივის როლანდ ახალაია ირაკლი ალასანიას?

რატომ უჩივის როლანდ ახალაია ირაკლი ალასანიას?

როლანდ ახალაია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა მთავარ პროკურორს უკვე მიმართა და ალასანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ურჩია.


როლანდ ახალაია განცხადებაში ამბობს, რომ ალასანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მას  ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უგზავნიდა  მოთხოვნით: მოგებული არჩევნებიდან მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა.


"გაცნობებთ, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი მაჟორიტარ დეპუტატად ზუგდიდის N67–ე საარჩევნო ოლქში. სხვა პირებთან ერთად კანდიდატად წამოყენებული იყო  საქართველოს დღევანდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ალასანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მიგზავნიდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ჯაბა იოსელიანის ახლო მეგობარსა და ხობის რაიონის "მხედრიონის" ყოფილ უფროსს, ადამიანთა გატაცებასა და სხვა სახის დანაშაულზე არაერთხელ მხილებულ პირს თემურ გერგაიას.


ალასანია ჩემგან მოითხოვდა მოგებული არჩევნებიდან მომეხსნა ჩემი კანდიდატურა და გზა მისთვის დამეთმო, თუ არა და დაჭერით მემუქრებოდა. ასევე, მისი წინადადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, იმუქრებოდა ზუგდიდში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებით. ჩემი მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მეორე დღეს, 2012 წლის 3 ოქტომბერს  ალასანიას ხელმძღვანელობით, დაიწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხალხის მასობრივი შემოყვანა და დაპირებისამებრ არეულობის მოწყობის მცდელობა. რომ არა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დროული რჩევა, სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომის პროვოცირება გარდაუვალი იყო", - წერია პროკურორის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში.


 როლანდ ახალაიას აზრით, ალასანიას ქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. "გთხოვთ გამოძიების დაწყებას. აღნიშნულზე გამაჩნია მტკიცებულებები", - აღნიშნავს ახალაია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: