მძღოლების გაფიცვა გრძელდება
ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ. გაფიცულმა მძღოლებმა წუხელ, 12 საათამდე მისცეს მერიას პირობების შესრულებისთვის ვადა, თუმცა ირკვევა, რომ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა.
წუხელ "რუსთავი 2"-ის ეთერში ქალაქის მერმა ახალი ინიციატივა წარმოადგინა. "ჩვენ შემოვდივართ წინადადებით, რომ შპს "თბილისის ავტობუსის" მართველობა მთლიანად გადაეცეს ეკონომიკის სამინისტროს, რადგან მძღოლები უნდობლობას უცხდებენ თბილისის მერიას".
როგორც ამ დილით გახდა ცნობილი, მძღოლები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, მანამ, ვიდრე მათი ხელფასები არ გაორმაგდება.
მათივე განცხადებით, გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ მოატყუა საზოგადოებოება, როცა განაცხადა, მძღოლების ხელფასები 800 და 900 ლარს შეადგენსო. მძღოლების თქმით, მათი ანაზღაურება გაცილებით მცირეა.
დღესვე მერის ინიციატივას ეკონომიკის სამინოისტრო გამოეხმაურა. სამინისტროს განცხადებით, თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია და შესაბამისად, სწორედ მერია არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა თავადვე მოაგვაროს.