ვინ დაგწყევლათ ასე მწარედ, ვაი-პატრიოტებო?!
საჭიროდ მივიჩნევ, გამოვეხმაურო ბოლო დროს აგორებულ ახალ არაკეთილსინდისიერ პროპაგანდას, რომელიც ყველაზე უფრო აუცილებელ ადამიანურ გრძნობაზე - მადლიერებაზე ახდენს აპელირებას.
საუბარი მაქვს 1992-1993 წლებში აფხაზეთში ქართული შენაერთების მხარეს მებრძოლ უკრაინელებზე, რომელთა ღვაწლი ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაახსენდათ საქართველოში ზოგიერთებს (ამ დროს კი აფხაზეთის ომის ქართველი ვეტერანების დიდი ნაწილი უკიდურეს გასაჭირშია და ეს არავის ახსოვს). ამ ზოგიერთების აზრით, ქართველებმა სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ კიევს და თვალები დავხუჭოთ ყველაფერზე, მათ შორის, სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებისათვის უკრაინაში სასათბურე პირობების შექმნაზე. მეტიც, რუსეთი ხომ ჩვენი "მტერია". უკრაინელები, მაშინ, ჩვენთან ერთად თურმე "რუსეთს ებრძოდნენ".
საქმეც სწორედ ეს არის - ისინი რუსეთს ებრძოდნენ, რუსეთთან საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულნი. საქართველოს ბედი, როგორც ასეთი, მათთვის არ იყო საინტერესო. აფხაზეთის ომში მონაწილეობდა რამდენიმე (ან რამდენიმე ათეული) უკრაინელი ნაციონალისტი, რადიკალური "უნა-უნსოს" წევრი. ისინი არასოდეს მალავდნენ, რომ რუსეთის დასასუსტებლად იბრძოდნენ. სხვათა შორის, იგივე "უნა-უნსო" მოგვიანებით ჩეჩნების მხარესაც ომობდა - იმ ჩეჩენი ბოევიკების მხარეს, რომლებსაც იმავე აფხაზეთში მშვიდობიანი ქართველების სისხლში ჰქონდათ ხელები ნაბანი.
ინტერნეტში ვრცელდება აფხაზეთში 1992 წელს დაღუპული 19 წლის უკრაინელი მებრძოლის დაკრძალვის კადრები, რომელსაც მამამისი დასტირის. ამ ფაქტს დასავლეთის მიერ მართული პროპაგანდა ქართველებში ანტირუსული და უკრაინელი ნაციონალისტების სასარგებლო განწყობების გასაღვიძებლად იყენებს. ვიდეოკადრების ავტორი მოუწოდებს ქართველებს, სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინელ ხალხს, რადგან უკრაინელები თურმე გასაჭირის დროს დაგვეხმარნენ.
კეთილი და პატიოსანი. მეც მივიჩნევ, რომ მიუხედავად "უნა-უნსოს" წევრების კონკრეტული მოტივისა, ეომათ აფხაზეთში, ჩვენ გულწრფელად მადლიერები უნდა ვიყოთ მათი, რადგან ისინი ქართველების მხარეს იდგნენ. ეს მართალია. ოღონდ არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესები დავუქვემდებაროთ ემოციებს. მაგრამ ესეც არ არის ახლა მთავარი. თუკი მორალის კატეგორიებით ვიმსჯელებთ, მაშინ მივმართავ ქართველ ვაი-პატრიოტებს, რომლებიც უკრაინისადმი სოლიდარობას ითხოვენ რამდენიმე დაღუპული უკრაინელი ნაციონალისტის გამო და ამ დროს უზარმაზარი ღვაწლი, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ორასი წლის მანძილზე გასწიეს საქართველოს ისტორიაში, დავიწყებული აქვთ.
იცით, რამდენი რუსი ჯარისკაცი შეეწირა სამცხე-ჯავახეთის გათავისუფლებას?! იცით, რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიხოცა აჭარის და ტაო-კლარჯეთის გამოსახსნელად?! სხვა თუ არაფერი, სწორედ რუსი ჯარისკაცის დამსახურებაა დასავლეთ საქართველოში მონობით ვაჭრობის - სამარცხვინო "ტყვის სყიდვის" ამოძირკვა! ქრისტიანობა და ქართველობა სწორედ რუსეთის მეშვეობით გადარჩა - ილია ჭავჭავაძის "ასის წლის წინათ" მაინც წაგეკითხათ, ფარისევლებო!
არ იცით და არც გინდათ, იცოდეთ! ეს კი უდიდესი უმადურობაა. თქვენისთანების გამო არ უნდა რცხვენოდეს ქართველ კაცს რუსების წინაშე, არ უნდა გვქონდეს უმადური ხალხის სახელი! ამიტომაც გეკითხებით: ვაი-პატრიოტებო, ვინ დაგწყევლათ ასე მწარედ, რომ ამხელა უმადურობას ავლენთ?!
ქართველი ხალხი მადლიერია, არ დაივიწყებს არავის ღვაწლს. სწორედ ამიტომ შეუწყო ჩვენმა ორგანიზაციამ ხელი აჭარაში, სოფელ ხუცუბანში, სააკაშვილის ავად სახსენებელი რეჟიმის დროს იავარქმნილი საძმო სასაფლაოს რეაბილიტაციას, სადაც ციხისძირის ბრძოლაში (1878 წლის იანვარში) დაღუპული, აჭარის გათავისუფლებას შეწირული რუსი ჯარისკაცები განისვენებენ. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ აჭარის, ისევე როგორც მანამდე სამცხე-ჯავახეთის გათავისუფლებისას, ქართული შენაერთები რუსების გვერდზე მამაცურად იბრძოდნენ. ისინი ერთგულნი იყვნენ რუსეთის იმპერატორისადმი მიცემული ფიცისა, ამავე დროს კი სამშობლო-საქართველოს ინტერესებს იცავდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ეს გენეტიკურად ახსოვს ნამდვილ, ხალას ქართველ კაცს, როგორებიც მე მრავლად ვნახე ხუცუბანში და მეგულება საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა ქალაქსა და სოფელში.
ახლა იმასაც იტყვიან: თუკი უკრაინელი ნაციონალისტები რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაშინ რუსი ჯარისკაცებიც რუსეთის იმპერიისთვის და არა საქართველოს სიყვარულით იბრძოდნენო. მათ ვუპასუხებ: დიახ, იმპერიის ინტერესებისათვის იბრძოდნენ, მაგრამ, ჯერ ერთი, რუსი, (ისევე როგორც უკრაინელი და ნებისმიერი სხვა), არ არის ვალდებული, იბრძოლოს ნაციონალისტურად გაგებული საქართველოს ინტერესებისათვის, და მთავარი: ამ იმპერიის იდეალები იყო ქრისტეს სჯული და მართლმადიდებელი ხელმწიფის ერთგულება, რაც სავსებით მისაღები იყო (და უნდა იყოს!) ყველა ნორმალური ქართველი ადამიანისათვის. დაბოლოს, აჭარაც და სამცხე-ჯავახეთიც, როგორც ვიცით, საქართველოს დარჩა, იგი არც იმპერატორს წაუღია იმქვეყნად, არც ლენინსა და სტალინს.
გულბაათ რცხილაძე.