ბაჩო ახალაიასთან ადვოკატები შევიდნენ

ბაჩო ახალაიასთან ადვოკატები შევიდნენ

გლდანის №8 სასჯელასღრულების დაწესებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში ბაჩო ახალაიას მოსანახულებლად მისი ადვოკატები - იოსებ ჯანაშია და ბაჩუკი ყურაშვილი შევიდნენ. 

 

როგორც ადვოკატებმა შესვლამდე განაცხადეს, ისინი დაწესებულებაში ახალაიას დღეს პირველად მოინახულებენ და ისაუბრებენ გეგმებზე, მათ შორის სააპელაციო საჩივრებზე, რომლებიც ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოამზადეს. 

 

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არაკანონიერად მოახდინა. როგორც ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განმარტა, საფუძველი, რომლითაც ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, არ არის არგუმენტირებული, რადგან იგივე ბრალდებებით დაკავებულ გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას გირაო დაეკისრათ. 

 

ამასთან, ადვოკატების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ისინი ითხოვენ, რომ შეიცვალოს საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიება ბაჩო ახალაიას მიმართ და იგი ჩანაცვლდეს გირაოს თანხით ან თავდებობით.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: