სტუდენტებმა საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტთა გამოსვლები გრძელდება. სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 14-პუნქტიანი მოთხოვნების სია წარუდგინეს.
სტუდენტები მოითხოვენ რიგგარეშე სტუდენტური არჩევნების ჩატარება, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციასა და სტუდენტურ თვითმმართველობაში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდას.
გაფიცული სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტები განათლების სამინისტროს მიმართავენ, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის შესწავლა.
სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ' კორპუსთან სტუდენტებმა 8 კარავი გაშალეს.
"სტუდენტთა დამოუკიდებელი ასოციაციის" ლიდერმა ლექსო კობაიძემ განაცხადა: "ჩვენ ორ დღეს ვაძლევთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რათა ჩვენი მოთხოვნები დადებითად გადაწყვიტონ. ჩვენი შემდეგი ქმედებები მათ პასუხზე იქნება დამოკიდებული."
მისივე განცხადებით, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს ის 4 ადამიანი, ვინც მისი და კიდევ რამდენიმე სტუდენტის გატაცებაშია ბრალდებული.
აქციის მონაწილე სტუდენტები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ და მოუწოდებენ სხვა სტუდენტებსაც, შეუერთდნენ მათ აქციას.