ვაზაგაშვილი იმ ადამიანებმა მოიშორეს, ვისაც გამოძიების შედეგების ეშინოდა

ვაზაგაშვილი იმ ადამიანებმა მოიშორეს, ვისაც გამოძიების შედეგების ეშინოდა

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მისი შვილის გარდაცვალების საქმესთან არის დაკავშირებული და ის იმ ადამიანებმა მოიშორეს, ვისაც გამოძიების შედეგების ეშინოდა.

 

გამოძიების ვერსიებზე უმრავლესობის დეპუტატებმა, გიგლა აგულაშვილმა და ნუკრი ქანთარიამ ილაპარაკეს.

 

"როცა ვერსიებზე ვფიქრობ, თუ რა მოხდა გუშინ, მიდის იმ მიმართულებით, რომ ის მოიშორეს იმ ადამიანებმა, ვინც ელოდებოდა ზუსტად, საფრთხეს მართლმსაჯულების მხრიდან, რომ იური ვაზაგაშვილი არ აპირებდა შეგუებოდა ვინმეს უმოქმედობას," -  განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

 

ნუკრი ქანთარიას თქმით, კი 2004 წელს კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიება, რომლის დროსაც იური ვაზაგაშვილის შვილი, ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპა, დასასრულისკენ მიდიოდა და გუშინდელი ფაქტიც, სავარაუდოდ, ამას უკავშირდება. თუმცა მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება ხელისუფლებისათვის დიდი დარტყმაა.

 

"კვალი მიდიოდა უკვე ზუსტად შემსრულებლებზე, მკვლელებზე; უახლოეს ხანში უნდა მომხდარიყო მათთვის ბრალის წაყენება. საქმე უნდა იყოს მალე გამოძიებული, მაგრამ არა მხოლოდ ეს დანაშაული. ეს არის დარტყმა როგორც ჩემს წინააღდეგ, თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ, ისე ხელისუფლების წინააღმდეგ," - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: