რეზო ამაშუკელი: ყველაზე რადიკალურ ოპოზიციაში გადავალ და დამიჯერეთ, ძნელი მოსარევი ვიქნები!

რეზო ამაშუკელი: ყველაზე რადიკალურ ოპოზიციაში გადავალ და დამიჯერეთ, ძნელი მოსარევი ვიქნები!

პოეტი რეზო ამაშუკელი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" საშუალებით ეხმინანება და წერს, რომ თუ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის პროცესს არ დაიწყებს, ის ყველაზე რადიკალურ ოპოზიციაში გადავა და მისი მორევა ძალიან ძნელი იქნება.
,,მე ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ, მაგრამ, დღეს პირდაპირ ვაცხადებ, თუ უმოკლეს დროში ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, იმიტომ რომ ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება, მაშინ მე ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას შევუერთდები. ეს ბოლო წვეთია, ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება, როცა მოკლული შვილის საფლავზე წააკლავენ მამას, რომელიც იბრძოდა ამდენი ხანი, დაჩოქილი იხვეწებოდა, სამართალს თხოულობდა. აქედან მე მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც თბილისშია განლაგებული, მობრძანდით ბატონებო და თქვენი თვალით ნახეთ ეს ვარსკვლავთბიჭუნები და აი, ეს ფაშისტები და ძაღლის ნაშობები. ეს იყო სისტემა, რომელსაც თქვენ ხელს აფარებთ. მე მივმართავ ამერიკის ელჩს, ბატონ ნორლანდს, გამობრძანდით ეხლა ბატონო და დადექით ჩვენს გვერდით, თუ თქვენ დემოკრატები ბრძანდებით. არაერთხელ გითხარით, აირჩიეთ ან ეს მკვლელები, ან საქართველო. მაგრამ არ გინდათ თქვენ ამის გაკეთება, რადგან მილიარდები გაქვთ ჩაყრილი და დღეს კიდევ უბიძგებთ, რომ ჩაერიონ უკრაინაში.

ვიმეორებ, ყველაზე რადიკალურ ოპიზიციაში გადავალ და დამიჯერეთ, რომ ცოტა ძნელი მოსარევი ვიქნები. მე ბატონ ბიძინასაც მივმართავ, მე არ მოვსულვარ თქვენთან და არ ჩაგიხტით კალთაში, როგორც ძალიან ბევრი მოტლიკინე ინტელიგენტები გახვევიან დღესაც. გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. და ეს პარლამენტი, რომელიც არის უმეტესობა, მუთაქებივით ყრიან იქა. გაუგზავნოს ეხლა უსუფაშვილმა მისალოცი ბარათი იმას, თავის ჯიშს და ხორცს, ერთნი არიან ეგენი. გამობრძანდეს ეს კარალევა მარგო და ხალხთან ერთად დადგეს. რა პირით აშუქებს ,,რუსთავი 2" ამ ამბავს. სუყველას პასუხს მოგთხოვთ, გაფრთხილებთ და ვაფრთხილებდი ხელისუფლბას ყოველ წუთში. ეხლა არ დამიწყია ზოგიერთებივით მუშტებით ქნევა, ჩემი ცხოვრება შევალიე მაგათთან ომს. ვაფრთხილებდი და უკვე ბოლო წვეთი ჩამოვარდა. ვერ გააჩერებს ამას ვერაფერი, ვერც პოლიცია და ვერავინ.

გამოვიდეს ეხლა ხმალაძე, ფანქარზე წამოგებულ საშლელს რომ ჰგავს და დაიცვას სააკაშვილი კიდე. დიახ, მაგან დაიწყო ომი, მაგის ბრალია ყველაფერი საერთოდ. იმიტომ მოხდა ის აფეთქება, იმიტომ მოკლეს იური, რომ არ გახსნილიყო ბოლომდე. ეს იყო სისტემა, რომელმაც მოუწყო ტერორი თავის საკუთარ ხალხს",- წერს ამაშუკელი.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: