დანქინ დონატსი და “სამარცხვინო” ერი!

დანქინ დონატსი და “სამარცხვინო” ერი!

რამდენიმე დღის წინ, თბილისში ამერიკული რესტორების ქსელი, “დანქინ დონატსი” შემოვიდა და კვების პირველი ობიექტი გახსნა. ბრენდი შტატებში, 1950 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო 1955 წლიდან, აქტიურად განავითარა ფრენჩაიზინგი და სწრაფი ტემპით დაიწყო ქსელის გაფართოება სხვადასხვა ქვეყანაში.


“ქართული” დანქინ დონატსი აქციით გაიხსნა, სადაც პირველ 100 მომხმარებელს, 1 წლიანი ვაუჩერი გადაეცა, ინფორმაციის მოძიება, თუ რას გულისხმობს ეს ვაუჩერი, ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ საჩუქარია და ეს საკმარისია მოტივაციისთვის.
 


ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დანქინ დონატსის წინ რიგებთან დაკავშირებით, აქტიურად მხვდებოდა თვალში ფეისბუქ ფრენდების შემდეგი შინაარსის სტატუსები:


•    ყველაზე “ხამი” ერი ვართ;
•    უნახავმა რა ნახაო
•    ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება!


და ჩემმა “აღშფოთებამ” პიკს მიაღწია, როცა ინტერნეტ საიტებმაც განაგრძეს ხალხის კრიტიკა აღნიშნული მიმართულებით, რაც არაპროფესიონალურ ქმედებად მიმაჩნია, შესაბამისად, ფაქტს – გამოვეხმაურები.


მანამ, სანამ გამოვიყენებთ ტერმინს “მხოლოდ საქართველოში”, მინიმუმ რამდენიმე ქვეყანაში მაინც უნდა ვიყოთ ნამყოფი და ვიცოდეთ რა ხდება, ან ელემენტალურად, გუგლში ძებნის ფუნქციის გამოყენება არ უნდა დაგვეზაროს, სადაც მარტივად აღმოვაჩენთ, რომ დონატსი რიგებით გაიხსნა ისეთ ქალაქებში და ქვეყნებში, როგორიცაა: ლოს ანჯელესი, სანტა მონიკა, ვენა, სამხრეთ კორეა და ა.შ.


არავის ვიცავ და როცა საჭიროდ ვთვლი, ქართული მენტალური პრობლემების აფიშირებას არ ვერიდები, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, მაგრამ საკუთარი თავის პროგრესულად წარმოჩენის მიზნით, არ არის მიზანშეწონილი საზოგადოების ისეთი ქმედებებისთვის კრიტიკა, რომელიც მიღებული თემაა, მსოფლიოში.


მაინტერესებს, რამდენი თქვენგანი იტყოდა უარს ერთ წლიან ვაუჩერზე, ეს იქნებოდა საჩუქარი, თუ უბრალო ფასდაკლება?! დიდი სიამოვნებით ჩავდგებოდი აღნიშნულ რიგში, შესაბამისი დრო რომ მქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ “უნახავი” არ ვარ და დანქინ დონატსი ევროპის არაერთ ქვეყანაში, მრავალჯერ დამიგემოვნებია და ისიც ვიცი, რომ განსაკუთრებული და წარმოუდგენელი – არაფერია ამ ობიექტში.

 


რაც შეეხება რიგში დგომის კულტურას, კი ბატონო, ეს ჩვენი ნაკლია და პირადად ჩემიც. 2 კვირის წინ, როცა მილანიდან ვბრუნდებოდი, თბილისის აეროპორტში გავიცანი გოგონა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ქართველობა ჯერ კიდევ მილანში ამოიცნო.


- ჰო, ქართველი ვარ და ვიზუალზეც მეტყობა ალბათ – ვუთხარი ღიმილით;


- ვიზუალით ნაკლებად, უფრო იმით გიცანი, რომ მილანის აეროპორტის რიგში, მოხერხებულად გაძვერი და რიგს თავი აარიდე, მომენტალურად მივხვდი, რომ ქართველი იქნებოდი – მიპასუხა ღიმილითვე.


ვიცი, ეს ჩემი ნაკლია და არც მაქვს პრობლემა, ვცდილობ გამოვასწორო, მაგრამ ამას „ვამართლებ“ დროის უკმარისობით და იმით, რომ ყოველთვის და ყველგან მეჩქარება, კრიტიკაც მისაღებია ჩემთვის ამ თემაზე, მაგრამ ის, რაშიც ქართველები საერთოდ არ ვართ “დამნაშავე” – უნახავი არ უნდა უწოდო.


ელემენტალური, ეს თქვენს ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნას უფრო უსვამს ხაზს, რადგან, როგორც უკვე ვახსენე, გუგლის მეშვეობით მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ სხვა ქვეყნების მაგალითები და “ხამობაში” კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით დაგვადანაშაულოთ. ანალიზი და მით უმეტეს დასკვნა  -კეთდება ინფორმაციის დამუშავების შედეგად, იმ ინფორმაციის, რომელიც თქვენ არ გქონდათ და ჰაერში გასროლილი ფრაზებით, უბრალოდ არაობიექტურად აყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს მოსახლეობას.
 


ნიმუშად, აღარ გაწვალებთ გუგლის ფუნქციების “დამუღამებაზე” და მზა ფოტოებს გიტვირთავთ, დაე შეგრცხვეთ და ნურც ბოდიშის მოხდა მოგერიდებათ საზოგადოებისთვის, ცილისწამებისთვის.


გავიხსენებ, ჩემ საათნახევრიან რიგში დგომას ნიუ იორკში, პოლონელ და ამავე ქალაქში მცხოვრებ ქართველ მეგობართან ერთად, რომელმაც აგვიხსნა, რომ თუ არ ვიცით, სად მზადდება კარგი კერძები, ამის იდენტიფიცირება რიგის მიხედვით გაგვეკეთებინა.

 


 
•    სადაც დაინახავთ რიგს, ჩადექით, ანუ ეს უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს, რომ კარგად ამზადებენ და თან იაფად.


ჩვენც ველოდით, რიგში ვერთობოდით, ვხუმრობდით, ვყვებოდით ისტორიებს და დრო ისე გავიდა ვერც კი მივხვდით.
მაინტერესებს, რატომ ვართ უნახავები და ე.წ. „ხამები“ მხოლოდ იმიტომ, რომ:


•    გვინდა ვაუჩერის მიღება და შეღავათებით სარგებლობა;
•    გვინდა მალევე დავაგემოვნოთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პროდუქცია;
•    ვქმნით მხიარულებას, „მასოვკას“ და ხელს ვუწყობთ ახალ ბიზნესს განვითარებაში, ფეხი რომ არ შეგვედგა არასდროს, ხომ არც დანქინ დონატსი გვექნებოდა, არც ბურგერ კინგი, არც KFC, არც ვენდისი და არც ა.შ.?


რატომ ვცდილობთ დავინახოთ ცუდი ყველაფერში, იქაც კი, სადაც ცუდი და სამარცხვინო საერთოდ არაფერია?!


(ფოტოები: ვენა, სამხრეთ კორეა, ლოს ანჯელესი, სანტა მონიკა… )


გურამ შეროზია, ბლოგერი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: