გენერალ კალანდაძეს ახალი ბრალდება წაუყენეს
გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარედგინა, რომელიც ასევე 333-ე მუხლით არის გათვალისწინებული და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ახალი ბრალდება 2010 წლის 18 თებერვლის ეპიზოდს ეხება. "ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. საქმე ეხება 19 ამბოხებულ ჯარისკაცს, რომელსაც მიუთითეს, რატომ არ ვარჯიშობთო და უნდა ევარჯიშათ. გამოდის, რომ ეს დანაშაულად ითვლება", - განაცხადა ადვოკატმა.
გაბაიძის თქმით, საქმეში, სავარაუდოდ, 16 მოწმის ჩვენებაა, თუმცა, მას ჯერჯერობით არ იცნობს. ადვოკატის განცხადებით, გიორგი კალანდაძე არც ძველ და არც ახალ ბრალდებას არ აღიარებს.