სოსო ცისკარიშვილი: რასმუსენს უჭირს განასხვავოს პოლიტიკოსი კრიმინალისგან!
პრაღაში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა.
" უაღრესად შეშფოთებულები ვართ უკანასკნელ დროს ახალი მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით". მისი ეს განცხადება ცხადია, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. გაჩნდა მოსაზრება, რომ ივანიშვილის მთავრობამ საგარეო პოლიტიკაში პირველი მარცხი განიცადა.
თუმცა პოლიტოლოგები სხვაგვარად ხსნიან რასმუსენის ამ განცხადებას.
"ბატონ რასმუსენს უჭირს განასხვავოს პოლიტიკოსი კრიმინალისგან, ამიტომ ვურჩევ, ჩაუღრმავდეს იმ საკითხებს, რაზეც კომენტარს აკეთებს. თუ ასეთი გაურკვევლობა იქნა საქართველოს მიმართ ნატოს ხელმძღვანელობაში, მაშინ ქართული საზოგადოება დაელოდება იმ დროს, როცა კარგად გაერკვევება ნატოს ხელმძღვანელობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ისწავლის თეთრისა და შავის გარჩევას", - განაცხადა "ივერიონთან" საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში აღარ დარჩა რასმუსენის აზრის მატარებელი და გამზიარებელი ადამინი, რადგან ყველამ კარგად ისწავლა პოლიტიკოსისა და კრიმინალის ერთმანეთისგან გარჩევა.
"ივერიონის" კითხვაზე: რასმუსენის ეს განცხადება ახალ მთვრობას საგარეო პოლიტიკაში პირველ მარცხად ხომ არ ჩაეთვლება? დამოუკიდებელი ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს: "სამართლიანობის აღდგენა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ჩაითვლება საგარეო პოლიტიკის მარცხად, მით უმეტეს მაშინ, როცა საზოგადოება მრავალწლიანი წნეხის ქვეშ იყო და ახლა მიიღო შანსი, აღადგინოს სამართლიანობა".
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოვა დრო და რასმუსენი გონს მოეგება და პასუხს გასცემს იმ მატყუარა საინფორმაციო წყაროს, რომელიც მან სანდოდ ჩათვალა. "თუ რასმუსენი ვერ გაარჩევს თეა წულუკიანსა და ზურაბ ადეიშვილს შორის რა განსხვავებაა, ეს მისი პრობლემაა და ალბათ, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეეცდებიან, თვალი აუხილონ ბატონ რასმუსენს და მოსთხოვენ, გაარჩიოს თეთრი და შავი ერთმანეთისგან", _ ამბობს ცისკარიშვილი.