რატომ გაცეცხლდა ლია გიგაური?!
გვესაუბრება პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.
- როგორც გახსოვთ, 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგთა ნაწილმა როდესაც გამოაქვეყნა კრიტიკული წერილი მასწავლებლების დისციპლინარულ გადაცდომასთან დაკავშირებული სახდელების დაწესების გამო, განათლების სამინისტროში ამ სკოლის დირექტორს ერთი ამბავი დააწიეს. სანიკიძემ კი უარყო, მსგავსი რამ არ მომხდარაო, მაგრამ ვის სჯერა ახლა მაგის. მთელმა თბილისმა გაიგო, რომ დირექტორიც დატუქსეს და მერე რამდენიმე მასწავლებელს იძულებით დააწერინეს განცხადება - მხარს არ ვუჭერთ ჩვენი კოლეგების კრიტიკულ განწყობასა და კრიტიკულ წერილსო... ასევე, იცის თქვენმა მკითხველმა, რომ ამ ზეწოლის შესახებ რომ შევიტყვე, როგორც პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა და როგორც პედაგოგმა ვალდებულად ჩავთვალე თავი,სოლიდარობის წერილი გამევრცელებინა.
”ივერიონმა” გამოაქვეყნა ეს წერილი. სანდო წყარომ მაცნობა, რომ ჩემს სოლიდარულ წერილს ძალიან დაუფაცურებია სამინისტროს მაღალჩინოსნები. მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ისტერიკებში ჩავარდნილა, შეუკრებია შიდა აუდიტის თანამშრომლები და უცხადებს თურმე, აბა ჩქარა შეცვივდით 32-ე სკოლაში, სანამ ფერაძე მოგასწრებთ და მთელ სკოლას ააბუნტებსო...
- საინტერესოა, რა დავალება მიიღო აუდიტმა?
- ჩვეულებისამებრ, აუდიტი ჩაუჯდებოდა სკოლის, პედაგოგების დოკუმენტაციას და როგორც იცით სამინისტრო ამ ”ჩაჯდომის” ბერკეტს ძალიან ბინძურად იყენებს ხოლმე თავის სასრგებლოდ. აუდიტის შეგზავნა იქნებოდა ერთგვარი ”პრევენცია”. რომ მასწავლებლები კიდევ უფრო მეტად დაშინებულიყო. იქნებ და აპირებდნენ, რომ მე რამე საპროტესტო აქციის ორგანიზებაში დავეხამარებოდი. ჰოდა აუდიტისგან დაშინებულები აღარ მოისურვებდნენ ჩემთან კონტაქტს (თუმცა, ზოგადად, ჩემთან კონტაქტი პედაგოგებს ზოგიერთი დირექტორისგან ისედაც აკრძალული აქვთ).
- თუ გიგაურმა დაავალა, რატომღა არ შევიდა აუდიტი 32-ე სკოლაში?
- იმიტომ, რომ აღარ დაუჯერეს გიგაურს. ჯერ ერთი, კრიტიკის ქარცეცხლი ისედაც აუდიტის წარმომადგენლებს ხვდებათ ხოლმე და გიგაურს რომ მათი ხელით მოუნდა სიბინძურის წამოწყება - მიუხვდნენ. სამინისტროშიც იღვიძებს საღი აზრი და ნელ-ნელა ხვდებიან გიგაურისა და სანიკიძის ნამდვილ სახეს. მეორეც: სკოლაში აუდიტის გამოჩენა ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა. ამას შეიძლება უფრო უარესი შედეგი მოეტანა სამინისტროსთვის. ასე გადარჩა 32-ე სკოლა სადამსჯელო ექსპედიციას (ჯერ-ჯერობით მაინც).
- როგორღა დაშოშმინდნენ სკოლის პედაგოგები, ზეწოლა რატომ არ გააპროტესტეს?
- სამინისტროსგან განხორცილებული ზეწოლის ჩაყლაპვა და შიშის გამო ნათქვამის უკან წაღება უკვე სხვა თემაა და თან არც ახალია. ეს შიში ხომ მასიურადაა მოდებული სკოლებში და ბოლომდე ვერც ვამტყუნებ პედაგოგებს. უამრავი ბერკეტია მასწავლებლის წინააღმდეგ ჩართული. თუმცა, მე ვიძლევი გარანტიას, სადაც მე ვიქნები იქ ყველა ბინძური ბერკეტი უძლური იქნება.
ამიტომ, ვურჩევდი ყველა პედაგოგს, რომ ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდნენ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს... 32-ე სკოლაში კი რა მოხდა: იქ გააგზავნეს განათლების სამინისტროს ფავორიტი პროფკავშირის ხელმძღვანელი და მას დაავალეს სიტუაციის დაშოშმინება. ”დაშოშმინების” ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
- ამბობდით, რომ განათლების სამინისტრო სასამართლოზე ზეწოლას ახდენსო.
- რამდენიმე საჯარო სკოლის დაწუნებულ დირექტორს სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი სამინისტროს წინააღმდეგ. ჩემი ინფორმაციით სამინისტროს მხრიდან მოსამართლეებზე ხორციელდება არნახული ზეწოლა. ზეწოლის შედეგებიც არსებობს: როდესაც უკვე წარმოებაში მიღებული ადმინისტრაციული სარჩელები, რომლებზეც სასამართლო სხდომებიც კი გაიმართა, მოულოდნელად სამოქალაქო წარმოებაში გადაამისამართეს. ინფორმაციაც რომ არ მქონოდა, თვითონ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება - უკვე წარმოებაში მიღებული საქმის სხვაგან გადამისამართება დაადასტურებდა ზეწოლის არსებობას.
ჯერ-ჯერობით ადმინისტრაციული კუთხით განიხილება116-ე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე, თუმცა გვაქვს ინფორმაცია რომ ამ სკოლის გამოც მიდის სერიოზული ზეწოლები სასამართლოზე, მაგრამ მე და 116-ე საჯარო სკოლა ვაფრთხილებთ სანიკიძეს და მის დამქაშებს, როგორც კი ამ სკოლის დირექტორის სარჩელი გახდება სამოქალაქო დავის საგანი, 116-ე სკოლაში ამას მოყვება სრულიად ახალი ტალღა პროტესტისა და ამაში ჩაერთვება მთელი სკოლა, მოსწავლეები და მშობლები. რამდენჯერმე წაიტეხა მინისტრმა კისერი ამ სკოლასთან დაკავშირებით და რატომღა მიდის გამოწვევებზე, გაუგებარია!
- რა მნიშვნელობა აქვს რომელი კუთხით განიხილება დირექტორთა საქმე, ანუ რატომ უნდა უნდოდეს სამინისტროს რომ საქმემ სამოქალაქო განსჯადობა მიიღოს?
- იმიტომ, რომ დირექტორი ჩივის, უკანონო დაბლოკვისა და დირექტორად არ წარდგენის გამო. ადამიანს აქვს მიღებული დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი, არის იმ პროფილის სახელმძღვანელოს ავტორი, რაზეც გასაუბრება თითქოსდა ვერ გაიარა. ანუ უკანონოდ არ წარუდგინეს სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად. სარჩელი შეტანილია ამაზე. მიღებულია განიხილავს ადმინისტრაციული სასამართლო. პროცესი დაწყებულია და ამ დროს სამინისტრო უცებ აპროტესტებს და მოითხოვს საქმეს ადმინისტრაციული დავიდან მისცეს შრომითი დავის ფორმა. თუ შრომითი დავა დაიწყება, სასამართლო მომჩივანის სასარგებლოდაც რომ დასრულდეს, სანიკიძეს მაინც მიეცემა საშუალება,ისევ გამოიყენოს დისკრეციის უფლება და 116- სკოლაშიც დანიშნოს სასურველი დირექტორი.
- გამოდის, რომ სამინისტროს არ სურს კრახის აღიარება?
- კი, ეს ასეა. დამარცხების აღიარება არ სურს, მაგრამ აქედანაც არის გამოსავალი. მას შეუძლია ითხოვოს მორიგება, სასამართლო დავის შეწყვეტა და მოდავე დირექტორობის კანდიდატი დიმიტრი მეჭურჭლიშვილი სკოლის სამეურვე საბჭოს წარუდგინოს დასამტკიცებლად. აი, ვთავაზობთ გამოსავალს და სიტუაციიდან ღირსეულ გამოსვლას. ეს მოხსნის დაძაბულობასაც და ეს იქნება ჩემ მიერ დაანონსებული საპროტესტო ტალღის აცილების პრევენციაც.
- სამინისტროში ყოველთვის უარყოფენ ამ ბრალდებებს.
- მე პროკურორი არ ვარ და ბრალს არ ვუყენებ, მე ვავრცელებ ინფორმაციებს ან სავარაუდო ინფორმაციებს, ან გამოვხატავ აზრს. ფაქტებზე დაყრდნობილ ინფორმაციებს, ცხადია ვერ უარყოფენ, მაგრამ სავარაუდო ინფორმაციების მხოლოდ უარყოფა არაა საკმარისი, მოიყვანონ არგუმენტები და დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე. რისთვის უხდიან ფულს შესაბამის სამსახურს? მხოლოდ იმისთვის, რომ მედიას ყველა შეკითხვაზე უპასუხონ, ფერაძეს არ ვეთანხმებითო? მარტო ამის თქმაადვილია.
- რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „ტაბულა“-ს გადაცემაში თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს თამარ სანიკიძის გაღიზიანება მოჰყვა?
- იმ ეთერში მარტო მე არ ვყოფილვარ, თუმცა არა მხოლოდ იქ გაკეთებულ, არამედ ყველა ჩემ განცხადებაზე ღიზიანდება ეგ ქალბატონი. ეს არ არის ახალი. რაც შეეხება ამ შეკითხვას, რამდენადაც „თეორემას“ წამყვანის მიერ პირად ფეისბუქზე დადებული პოსტიდან ვიცი, ტაბულას ჟურნალისტს ეჩხუბა თურმე და დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცეოდა!
- მარტო გაღიზიანებით თუ შემოიფარგლა არა უშავს.
- არა, არც ეგრეა საქმე. ახალ გზებს ეძებს ჩემზე და ჩემს სკოლაზე ზეწოლისთვის და ამ ფაქტებსაც, ალბათ, მალე გავახმაურებ, თუმცა მანამდე ერთხელ კიდევ ვაფრთხილებ სანიკიძეს: სჯობს შეეშვას თითის ქნევით ლაპარაკს და ე.წ. მონიტორინგის სცენარების დადგმას, კიდევ უფრო უარესად ნუ სვრის ლაფში ისედაც უავტორიტეტო სახელს. მის თანამშრომლებს კი ვურჩევდი, გამოიჩინონ სითამამე და როგორც გიგაურის შემთხვევაში იყო, ამის მერეც ნუ დაემორჩილებიან სანიკიძის პიიროვნულ ხუშტურებს.
ესაუბრა ანდრია ლისაშვილი