ვანო მთვრალაშვილი: რომ არა ლარის გაუფასურება, საწვავზე ფასი მინიმუმ 30 თეთრით ნაკლები უნდა ყოფილიყო

ვანო მთვრალაშვილი: რომ არა ლარის გაუფასურება, საწვავზე ფასი მინიმუმ 30 თეთრით ნაკლები უნდა ყოფილიყო

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობის ფასის ვარდნა საქართველოს ბაზარზე ადეკვატურად ვერ აისახება. მთვრალაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტოსთან  კომპანიებმა კარგად ითანამშრომლეს, ხოლო რა ვადებში წარმოადგენს კომპანია ანგარიშს, მისთვის უცნობია.


"ასე არაა, აქ არის არასათანადო ინფორმაციები, საკითხების არასწორი ანალიზი. იმიტომ რომ ერთია, როდესაც ჩვენ ვთვლით რაღაცას პასტა-ფურცლით და მეორე, უშუალოდ საქმის, ბიზნესის წარმოება. თუ ვსაუბრობთ არარეალურ ფასებზე, მაშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, სად მიდის ეს ზემოგებები. არც ერთ ანგარიშში წლის ბოლოს არსად არ არის დაფიქსირებული არარეალური და სასწაული ციფრები, ეს  არც ერთი კომპანიის ფინანსურ ანგარიშში არაა. იქ რეალური მოგებები ჩანს, რომელზეც პრეტენზია არავის გაუჩნდება. თუ არარეალურ მოგებებზე გადიან კომპანიები ეს ფინანსურ ანგარიშებში საბოლოოდ ხომ უნდა იყოს ასახული?

კომპანიებმა სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლეს  და აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია რომელიც იყო გამოთხოვილი, მიწოდებულია სააგენტოში",-განაცხადა მთვრალაშვილმა.

მთვარალშვილის განმარტებით, თვლა იმის მიხედვით, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 50 პროცენტით არის შემცირებული და ბრალდება, რომ ამასთან მიმართებით საქართველოში საწვავზე არსებული ფასები არაადეკვატურია, არასწორია.

"აქ საჭიროა ცოტა სხვანაირი მიდგომა. საერთაშორისო ფასი ბენზინზე აგვისტოს თვიდან დღემდე შემცირებულია საშუალოდ 500 დოლარით ტონაზე. ამას თუ გადავიყვანთ ლიტრაზე და ამისთვის უნდა გავყოთ 1300-ზე, მიიღებთ 40 ცენტს, ამას თუ გავყოფთ ლარის კურსზე მივიღებთ სადღაც 80 თეთრს და ნახავთ, რომ 50 თეთრით სადღაც მართლაც შემცირებულია.

ფასი შედგება სხვადასხვა კომპონენტისგან, ეს არის დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზი, ხარჯები, ანუ ფასში საერთაშორისო ფასი ეს არის სადღაც 70 პროცენტი, დანარჩენი სხვადასხვა კომპონენტს უკავია. ამიტომ საჭიროა ბიზნესის არგუმენტებიც გაითავლისწინონ.

ფასის შემცირება დროში არათანხვედრილია, რადგან არ ვართ მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ეს გარკვეულწილად დროზეა დამოკიდებული.

საქართველოში საწვავზე ფასები აგვისტოს თვიდან დაწყებული დღემდე შემცირებულია საშუალოდ 50 თეთრით ლიტრაზე. წლის დასაწყისიდან მოხდა სამჯერ ფასის კორექტირება. მთლიანობაში წლის დასაწყისიდან შემცირებულია 15-20 თეთრით და თუ არა ლარის გაუფასურება, საწვავზე ფასი მინიმუმ 30 თეთრით ნაკლები უნდა ყოფილიყო. ფასის შემცირება აუცილებლად გაგრძლდება მომავალში. დღეს საწვავზე ფასი ბოლო ხუთი წლის მინიმუმზეა საქართველოში.

საქართველოში ფასი დღეს გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, უკრაინაში, ერთადერთი ქვეყანა, სადაც ევროპაში  უფრო იაფია ფასი, არის რუსეთი. ჩვენ მივყვებით საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებას",-განაცხადა მთვარალაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: