ზაზა ხატიაშვილი: "თქვენ მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა უნდა დაგეკისროთ"

ზაზა ხატიაშვილი: "თქვენ  მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა უნდა დაგეკისროთ"

"ბიძინა ივანიშვილი თავის განცხადებაში არ გულისხმობდა მხოლოდ კახა კოჟორიძეს, ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას, ქვეტექსტებში იკითხება ხელისუფლების მხრიდან მთელი არასამთავრობოების კონტროლის მცდელობა ", - აღნიშნულით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"თავის ბოლო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა მორიგ სკანდალს დაუდო საფუძველი. კერძოდ, მისი არასამთავრობო ორგანიზაცია კახა კოჟორიძის, ეკა გიგაურის და ნინო ლომჯარაისთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.

საერთოდ, ბიძინა ივანიშვილი თავის განცხადებაში არ გულისხმობდა მხოლოდ კახა კოჟორიძეს, ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას, ქვეტექსტებში იკითხება ხელისუფლების მხრიდან მთელი არასამთავრობოების კონტროლის მცდელობა და კუდიანებზე ნადირობა. ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ არასამთავრობო სექტორში არ საქმიანობს და ის არის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ეს დაადასტურა რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა მინისტად მისი დაცვის ყოფილი წევრის დანიშვნამ. საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე დაადასტურა, რომ ქვეყანა კულუარებიდან იმართება, რაც არის ამ ქვეყნის ფეოდალიზმში დაბრუნება.

მინდა ვთხოვო ივანიშვილს, რომელსაც ხელი მიუწვდება ნებისმიერ ინფორმაციაზე. ვფიქრობ, ჩემნაირად მას არავიან არ აკრიტიკებს. ჩაატაროს კვლევა ჩემზე, თუ მქონია ოდესმე შეხება ან სააკაშვილის რეჟიმთან ან ივანიშვილის ფეოდალურ ხელისუფლებასთან. მე მინდა მას შევახსენო, რომ მე არანაირი შეხება მის ხელისუფლებასთან არ მქონია, მაგარამ თვითონ "ქართული ოცნება" ცდილობდა ჩემს გადაბირებას, ჩემს დაუკითხვად როცა გაავრცელა განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით, თითქოს ზაზა ხატიაშვილი კენჭს ვიყრიდი "ქართული ოცნებიდან" სიღნაღში. ეს ახსოვს მთელ საქართველოს. ბიძინას ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლება, ამ ქვეყანაში იყო ადამიანი, რომელიც გაბედავს და მის შეთავაზებაზე იტყვის უარს. გამოდის, რომ თუ ბიძინას თამაშს თამაშობ, კარგი ადამიანი ხარ და თუ გაბედავ და დიდ ბიძინას გააკრიტიკებ, მტერი? ეს არ არის წესეირება.

მინდა ბიძინა ივანიშვილს ვთხოვო, თავი დაანებოს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას და მიხედოს მისი ხელისუფლების მიერ გაუბედურებულ ქვეყანას, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. არც ერთ ქვეყანაში ავტოკრატიული ქვეყნების გარდა, არ არსებობს სახელმწიფო, სადაც პირად მცველს დანიშნავენ შინაგან საქმეთა მინისტრად, მეორე პირად მცველს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად, პირად ექიმს ჯანდაცვის მინისტრად (კიდევ კარგი სერგეენკომ გაამართლა) პირადი ბანკის თანამშრომლებს პრემიერმინისტრად, ეკონომიკის მინისტრად და ა.შ. ეს ნამდვილად შეიძლება იყოს კვლევის საგანი და საინტერესო იქნება აღნიშნული შედეგების ნახვა.

ბატონო ბიძინა, მინდა გთხოვოთ, კვლევის ჩატარება თქვენ მიერ განხორციელებულ საოცრებებზე.

თქვენი პრემიერობის დროს, მთავრობის,  2013 წლის 3 ივლისის სხდომაზე, მიიღეთ გადაწყვეტილება და მიმართეთ პარლამენტს, რათა პარლამენტმა შეიტანოს ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვის გადავადების თაობაზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა. სამართალდამცავ ორგანოებში მოწმედ დაბარებული ნებისმიერი უდანაშაულო მოქალაქის წამების გამო, თქვენ უნდა დაგეკისროთ მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა.

ტელევიზიის საშუალებით მთელმა საქართველომ იხილა, სამართალდამცავებმა როგორ დაადეს ბორკილები მოწმის სტატუსით გამოძახებულ მერიის თანამშრომლებს, რომლებიც შემდეგ დაკითხვის გარეშე გაათავისუფლეს. თქვენ, პრესკონფერენციაზე საჯაროდ დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომ ეს იყო დაკავება. მაშინ გამოდის, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო დაკავებას, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე. საქმეზე არ ჩატარდა გამოძიება, ვინაიდან თქვენი ფავორიტი ფარცხალაძე მონაწილეობდა, სავარაუდოდ, აღნიშნული უკანონო ქმედებების განხორციელებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა, სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში გაუგონარი ძალადობა ჩაიდინა და "ოპერაცია გირგვლიანი 2" გაიმეორა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 18 დეკემბერს საქმეზე "დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოიტანა და ერთსულოვნად დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი - "წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა" დაირღვა. მომჩივანი რევაზ დვალიშვილი, 2005 წლიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი გახდა წამების მსხვერპლი წყალტუბოს რაიონის პოლიციის მუშაკების მხრიდან. რევაზ დვალიშვილი 2006 წლიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ის დაზიანებები, რომლებიც მას აღმოაჩნდა სამედიცინო დასკვნის შედეგად, უშუალოდ პოლიციაში წამების შედეგად აქვს მიღებული. კერძოდ, წყალტუბოს პოლიციის მუშაკებმა რევაზ ქობულიამ, მალხაზ მჟავიამ, ბადრი ღაჭავამ, ზვიად აფციაურმა და გამომძიებელმა მერაბ ქორიძემ იგი პოლიციის განყოფილებაში დააგდეს, ფეხებით შესდგნენ, წიხლებით სცემდნენ და ხელის თითებს უჭეჭყავდნენ. შემდეგ ფეხებით დაკიდეს ზევიდან ქვევით, დაასხეს "კოკა-კოლა" იატაკზე და ენით აალოკინეს. როგორც საქართველოს სინამდვილეში ხდება, საქართველოს პროკურატურამ გაამართლა მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რევაზ დვალიშვილმა დაზიანებები მიიღო უშუალოდ დაკავების პროცესში, მიწაზე ერთჯერადი დაცემით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რევაზ დვალიშვილმა 2012 წლის 19 თებერვალს მიმართა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და მოითხოვა პოლიციის მუშაკების რევაზ ქობულიას, მალხაზ მჟავიას, ბადრი ღაჭავას, ზვიად აფციაურის, მერაბ ქორიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მისი წამების, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ფაქტი, რომ წყალტუბოს პოლიციაში რევაზ დვალიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა "ოპერაცია გირგვლიანი 2" და რევაზ დვალიშვილის მთავარი მწამებელი-რევაზ ქობულია 2013 წლის ივლისში დანიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსად.

აღნიშნულის შემდეგ, თქვენ ირაკლი ღარიბაშილი დაგვინიშნეთ პრემიერმინისტად, რასაც არცერთი მმართველი არ გააკეთებდა.

ბატონო ბიძინა, არასამთავრობო ორგანიზაციებზე დარტყმების ნაცვლად სჯობს მიხედოთ ქვეყანას, რომლის მოსახლეობა ლარის კურსის ცვალებადობის გამო გაღატაკდა. ასევე, დაგვეხმარეთ თქვენ მიერ აშენებული იმ 100 ქარხნის მოძიებაში, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვერ ვპოლულობთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: