ივანიშვილის უგუნური პოლიტიკა-მითი თუ რეალობა?!

ივანიშვილის უგუნური პოლიტიკა-მითი თუ რეალობა?!

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. როგორც ამბობენ გომელაურმა, სამინისტროს იმ თანამშრომელთა სია მოითხოვა, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში თუნდაც ირიბად მონაწილეობდნენ და ასევე, ვისაც აქვს კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასთან".  მიიყვანს თუ არა გომელაური ბოლომდე დაწყებულ საქმეს დატოვებენ თუ არა წინა ხელისუფლების დროინდელი კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროს? საინტერესოა, შეძლებს თუ არა ახალი მინისტრი კოჰაბიტაციის ბურუსიდან გამოსვლას? რა თქმა უნდა შეძლებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამაში ბიძინა ივანიშვილმა მწვანე აუნთო. მწვანე შუქის ანთების ალბათობა კი დიდია ქვეყანაში შექმნილი ფორს მაჟორიდან გამომდინარე. მართალია ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ მოცემულობიდან გამომდინარე კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი თუმცა, ეს უფრო პოლიტიკურ პარანოიაში მყოფი ადამიანის გამოსვლას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფერადი სათვალიდან მომზირალი ადამიანის აზრებს. ძალიან საეჭვოა, რომ ხიბლში ჩავარდნილი ივანიშვილი კარგად ვერ წონიდეს ქვეყნის და პირველ რიგში საკუთარ მდგომარეობას, ვერ ხედავდეს მის გარშემო მოფუსფუსე, აფთრების ხროვას, რომლებიც მის წაფორხილებას უკვე მოუთმენლად ელიან. 

 

ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გატარებული უგუნური პოლიტიკით შესაძლოა ქვეყანაზე პოლიტიკური გავლენა დაკარგოს და საბოლოოდ ისტორიის ფოლიანტებს არა ქველმოქმედის, არამედ ჩვეულებრივი გაიძვერა და არშემდგარი პოლიტილკოსის სტატუსით შეუერთდეს ამის ალბათობა დიდია. ადამიანი, რომელიც უპრეცედენტო მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში და ასევე არნახულად მოკლე დროში მოახერხა სრული ელექტორატის დაკარგვა, მას  სხვა პერსპექტივა უბრალოდ არ აქვს. 

პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების ვარაუდებს რომ თავი დავანებოთ და ჩვეულებრივ მოკვდავთა ენაზე რომ ავხსნათ ივანიშვილის ქმედება, ერთ დასკვნამდე მივდივართ-ეს იყო პოლიტიკური თვითმკვლელობა, რატომ? ამის ასახსნელად მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს;  პირველი- ეს იყო პოლიტიკური უმეცრებით ჩადენილი, და მეორე- ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშის, ერთი პატარა დეტალია, რაც "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

 

რა თქმა უნდა ამაში ბევრი არ დამეთანხმება მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ დიდი პოლიტიკა მხლოდ დიდი ადამიანების დიდ გეგმებს ემსახურება და პაიკების ვიწრო პოლიტიკური თვალსაწიერი, კი მათი გეგმების წარმატების საწინდარია.  ეს თითქმის იგივეა, როდესაც ათი წლის მანძილეზე ვერ გაურკვევია საზოგადოებას ექსპრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური ორიენტაცია, თუ ვის ემასახურება სააკაშვილი რუსეთს თუ დასავლეთს? 

 

ის, რომ საკუთარი გუნდისგან იმედგაცრუებული ივანიშვილი ახალი მოთამაშეების შემოყვანას ცდილობს უკვე რეალობაა. საზოგადოება კიდევ ერთი შეფარული პოლიტიკური თამაშის მოწმე გახდა, პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავითარი ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია, უცბად მრავალათასიანი მიტინგის სათავეში აღმოჩნდა. ეს რა თქმა უნდა სულაც არ იყო იმ კონკრეტული პარტიის დამსახურება, ეს იყო იური ვაზაგაშვილის და იმ უსამართლოდ დაჩაგრული ხალხის დამსახურება, ვინც მესამე წელია სამართლიანობის აღდგენას ტყუილად ელოდება. პოლიტიკის სიბინძურეზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს ისედაც ცხადია,  თუმცა ცხადია ამ მიზნის მიღწევაში ყველაზე რთული ადამაინების და მოვლენების ეფექტურად გამოყენება კი არა, ადამიანური სახის შენარჩუნებაა. 

 

ასე, რომ მითები, ივანიშვილის პოლიტიკურ უგუნურებაზე, ნელ-ნელა შედის საზოგადოების აზროვნებაში და მყარდება. რისი იმედი უნდა ჰქონდეს ივანიშვილს? ის, რომ ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს, ეს ანდაზა ამ შემთხვევაში ვეღარ იმუშავებს, ივანიშვილის ფულმა ერთხელ უკვე გაანათა ჯოჯოხეთი და მეორე შანსი უკვე აღარ იქნება. გაამართლებს თუ არა ივანიშვილის ბოლო ცდა, ეს მასზეა დამოკიდებული- შედეგებზე კი მისი ბიზნესის მომავალი.

 

თაია ესაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: