საია: ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების კონკურსზე დარღვევები რეგიონებში გამოვლინდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ატესტაციებისა და კონკურსების მიმდინარე გასაუბრების ეტაპის დაკვირვება განახორციელა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მათ შესაძლებლობა არ მისცეს დაკვირვებოდნენ უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე მათივე ინფორმაციით, ზოგიერთმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უარი უთხრა გასაუბრებაზე დასწრებაზეც. საიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ რეგიონებში დარღვევებიც გამოვლინდა.
"კომისიებმა თანხმობა განაცხადეს დავსწრებოდით მხოლოდ გასაუბრების პროცესს, ხოლო მონაწილე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესს არ დაგვასწრეს. ზოგიერთმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ საერთოდ უარი გვითხრა და არ მოგვცა გასაუბრებაზე დასწრების შესაძლებლობა.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიების აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა ჩვენთვის, რათა განგვეხორციელებინა პროცესის სრულყოფილი დაკვირვება და მთლიანობაში შეგვეფასებინა გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მუშაობა.
გასაუბრების პროცესის დადებით მხარედ უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ საიას წარმომადგენელთა ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები მიუკერძოებლები იყვნენ და კონსტრუქციულ და პროფესიულ მიდგომას იჩენდნენ კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ.
დაკვირვების შედეგად, ხარვეზები ძირითადად დაფიქსირდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე კონკურსის გასაუბრების პროცესზე. საიას წარმომადგენელთა ინფორმაციით მონაწილე პირებს უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელიც შეეხებოდა მონაწილე პირების ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას და არ იყო პირდაპირ კავშირში მათ პროფესიულ გამოცდილებასა თუ უნარ-ჩვევებთან. ხარვეზები დაფიქსირდა ასევე ბათუმის მერიის მოხელეთა გასაუბრებისას კომისიის მუშაობის ორგანიზებულობასთან და პროცესისადმი საქმიან მიდგომასთან დაკავშირებით, ხოლო ქალაქ გორის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკონკურსო - საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში წევრის სახით წარმოდგენილ იყვნენ ამავე მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის თანამშრომლები, რაც ბადებს ლოგიკურ კითხვებს ერთის მხრივ, რეგიონის დონეზე ასეთი მაღალი თანამდებობის პირების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკადრო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობისა და მეორეს მხრივ, მუნიციპალიტეტების დონეზე საჯარო მოხელეთა შერჩევაში ასეთი მონაწილეობის აუცილებელი საჭიროების შესახებ. საიას წარმომადგენლებმა გარკვეული ხარვეზები დააფიქსირეს ქალაქ ოზურგეთის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობაშიც.
ატესტაციებისა და კონკურსების გასაუბრებაზე დაკვირვების შედეგად, საიამ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს გასაუბრების პროცესისა და ზოგადად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობის ეფექტურობის ზრდას. ეს რეკომენდაციები ეხება კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დაკომპლექტებას, ასევე კონკურსისა და ატესტაციის პროცესის დაკვირვების სტანდარტსა და წესს",-აღნიშნულია საიას განცხადებაში.