ნიკა რურუა: ლომჯარიას, გიგაურს და კოჟორიძეს რეალობის აცრა არ აწყენდათ
ნიკა რურუა ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობოების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არასამთავრობოების დაშინებას ისახავს მიზნად.
"ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ბუნებრივია, არის დაშინების მორიგი მცდელობა. ამ ადამიანებიდან ზოგიერთზე რატომ არის განსაკუთრებულად გაგულისებული საქართველოს არაფორმალური მმართველი, შემიძლია წარმოვიდგინო – იგი თვლიდა, რომ ისინი მისი ხალხი არიან, რაღაცნაირად უნდა გამოეჩინათ მადლიერება და არ ეკრიტიკებინათ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ეს არასამთავრობოები, როგორც აღმოჩნდა, ასე არ ფიქრობდნენ და მათ გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა ჩვეულებრივად. თუმცა ამ სამ ადამიანს – ლომჯარიას, გიგაურს და კოჟორიძეს ასეთი პატარა რეალობის აცრა არ აწყენდათ, იმიტომ რომ მიხვდნენ ახლა, რა ხალხთან აქვთ საქმე. ისინი მათ ძალიან ექომაგებოდნენ, როდესაც "ოცნება" და ეს ჯგუფები ებრძოდნენ წინა ხელისუფლებას ასეთივე ბიძნური მეთოდებით – ტყუილით, ცილისწამებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად ვამართლებ ამ ადამიანებზე და არასამთავრობოებზე თავდასხმას. ეს აბსოლუტურად არადემოკრატიული გამოხტომა იყო", - აცხადებს ნიკა რურუა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ურჩევს, არ შეშინდნენ და თავიანთი საქმიანობა მშვიდად გააგრძელონ.
მისივე თქმით, ქვეყნის არაფორმალურმა ლიდერმა როგორც თავისი "ბიზნესის პატარა ჭანჭიკები, ისე მიტუქსა არასამთავრობო ორგანიზაციები".
"იგი რუსეთში ჩამოყალიბებული ბიზნესმენია და მისი მენტალიტეტი ვერ იტანს ვერანაირ წინააღმდეგობას. მას უნდა, რომ აკონტროლოს საქართველო, როგორც კერძო კოორპორაცია, რაც, ბუნებრივია, არ გამოუვა", - აღნიშნა რურუამ.
ამასთან, ის გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაზე 200-სერიანი ფილმის გადაღებას, რასაც "ბოდვა" უწოდა.
"ეს არის პარალელური რეალობის შექმნის მცდელობა, სადაც ამ ადამიანს უნდა, თავისი პირადი ხედვა მოახვიოს თავს მოსახლეობას. ეს სამასხარაო გახდება ამ 200-სერიანი ე.წ. პროექტის შექმნელებისა და მონაწილეებისთვის, რომლებიც გამორჩენისთვის და რაც შეიძლება კალორიული პროდუქტების მიღებით არიან დაინტერესებული ამ ფილმის პროდიუსერისგან. ანუ, რეჟისორიდან დაწყებული, მსახიობებით დამთავრებული, აპირებენ ამ ფილმის პროდიუსერის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით "მოწველას", - დასძინა ნიკა რურუამ.