ლეოპოლდის სინდრომი საქართველოში და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული დილემა!
2014 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (http://www.parliament.ge/ge/law/7964/16269), რომლის ავტორები განმარტებითი ბარათის მიხედვით არიან საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
იქვე განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი „შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებით შექმნილი საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში“.
შედეგად მივიღეთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის შექმნილ საბჭოს ერთი წლის განმავლობაში ფუნდამენტური რაიმე შედეგი არ დაუდვია მიწასთან დაკავშირებით.მთელი შედეგი ყავლგასულ და მოვლენების განვითარებას ჩამორჩენილ კანონში ცვლილებებია, ისიც ერთადერთი მიზნით: როგორ გაიყიდოს ქართველების წილი დედა- მიწა უცხოელებზე. კანონპროექტი არა მიწების რეგისტრაციის, აღრიცხვის, კადასტრის და უამრავი სხვა საკითხის მოსაგვარებლად, არამედ, მიწების უცხოელებზე გაყიდვის საკითხის გადასაწყვეტად. მიწის საკითხის კომპლექსური სამართლებრივი მოწესრიგება მიწის კოდექსის სახით, ხომ განუხორციელებელი ოცნება იყო წარსულ ხელისუფალთა ხელში და ეტყობა ასეთად რჩება „ოცნების“ ხელისუფლების დროსაც!
ლოგიკურად ისმება კითხვა: საერთოდ უნდა იყიდებოდეს თუ არა მიწა? აქ პრინციპულად უნდა ითქვას - დიახ. მაგრამ თუ როგორ უნდა იყიდებოდეს, როგორი უნდა იყოს მიწის ბაზარი ქვეყანაში, დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ, დემოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ ინტერესებსა და იმ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია: არის ომიანობა, თუ მშვიდობიანობა, რეფორმის, თუ ტრადიციული მეურნეობრიობის ეტაპი, სტაბილურობაა, თუ კრიზისი და ა. შ.
დღევანდელ საქართველოში მიწის უცხოელებზე ფლობის საკითხია მოსაგვარებელი, რადგანაც ბევრი შერეული ოჯახია და რომ მათ არ შეექმნათ ამის გამო პრობლემები. მოსაგვარებელია მემკვდრეობისა და სხვა საოჯახო საკითხები. ამ შეზღუდულ ფარგლებში დასაშვები უნდა იყოს უცხოელ ფიზიკურ პირებზე მიწის ყიდვა -გაყიდვის ურთიერთობებში ჩართვა. შეზღუდვებით შესაძლებელია ეს მოხდეს იმ ფიზიკურ პირებზეც, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიებითა და თანამედროვე მეურნეობის მოსაწყობად ახდენს ინვესტიციებს და არა იმ შემთხვევისთვის, როდესაც მიწის ფასის გამო ჩნდება ინტერესი პირადი მოთხოვნებისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით. („მკვდარი მკვდარს აეკიდას“ შემთხვევა).
ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით წარმოდგენილი კანოპროექტის პოზიცია მისაღებია. თუმცა, შეზღუდვები ფიზიკური პირების მიმართ უნდა დაწესდეს არა მარტო უცხოელებზე, არამედ საქართველოს მოქალაქეებზეც. ის, რაც უფასოდ მიიღო კომლმა სახელმწიფოსგან, თუ ოჯახი არ იქცა ნასახლარად, არ უნდა იყოს ყიდვა-გაყიდვის საგანი, რომ თვიდან ავიცილოთ უმიწო გლეხების წარმოქმნის დაწყებული პროცესის მასობრივ მოვლენად გადაქცევა! ეს ნაკვეთები ყველაზე დიდი დაზღვევაა გადასარჩენად უკიდურესი სიღატაკეში ჩავარდნის შემთხვევაში ოჯახებისათვის, რისი რისკიც ჯერ კიდევ არსებობს!
კანონპროექტის მიხედვით (file:///C:/Users/User/Downloads/file-22012015%20(20).pdf მუხლი 1) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ: „სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს“.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვს „სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს“-ეს ჩანაწერი უნდა დაზუსტდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სამეურნეო ფუნქციები, აქვს შემთხვევები კრედიტებთან, მასში არის ვალაუვალობისა და კომერციულ საწყისებზე ტრანსფორმაციის შესაძლებლობები-ამიტომ, მათ შეიძლება უზუფრუქტით გადაეცეთ მიწები მისი დამფუძნებლების მიერ ამდენად, აქ საკმარისია სახელმწიფოსა და თვითმმართველობის მითითება).
მოქალაქე და კომლი მისაღებია, თუმცა ეს კიდევ არ არის საკითხის გადაწყვეტა. კვლავ განუსაზღვრელი რჩება ვინ არის „გლეხი“, „ფერმერი“ და ა.შ. დღევანდელ სოფელში თვით „სოფლის“ ნორმატიული განმარტების არ არსებობის პირობებში.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვს “საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირს“, ე.ი. საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. ასეთი პირი საქართველოში ათეულ ათასობითაა. ყურადღებას მივაქცევ, რომ საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწაზე! ჩემი აზრით, იურიდიული პირს, თუ ის არ არის სასოფლო-სამეურნეო პროფილის, საქართველოს მოქალაქეების მიერ იქნება დაფუძნებული, უცხოელების მიერ, თუ კიდევ სხვათა მიერ (რომ გაიგებენ საქართველოს ხელისუფლების ამ საქმეებს ისეთებიც გამოჩნდება ჯერ რომ არ გაგვიგია),არ უნდა მიეცეს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება.
კანონპროექტი გვთავაზობს: „უცხოელი მოქალაქის, ასევე უცხოელი მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული იურიდიული პირის შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, არ უნდა იყოს 20 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 200 ჰექტარს“.
არც ერთი სიტყვა იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო პროფილზე. რომელიღაც სავაჭრო, ან სამშენებლო კომპანია, ან სულაც რომელიღაც სექტა მიადგა და შეისყიდა სასოფლო-სამეურნეო მიწები. რატომ ვუშვებთ ამას? რატომ არ წერია ეს ახსნა განმარტებით ბარათში? უცხოელს ექნება საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებისა და მესაკუთრეობის უფლება, მაგრამ თუ მას სურს ისეთი მარშტაბები მისცეს თავის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას საქართველოში, რომ ეს იქნება მისი ცხოვრების საქმე, მაშინ მას უნდა ჰქონდეს სტიმული გახდეს საქართველოს მოქალაქე და სასოფლო-სამეურნეო პროფილის იურიდიული პირის შექმნით მიიღებს ყველა არსებულ უფლებას (საქართველოს მოქალაქეობას საქართველოში ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც ფასი?!).
კანონპროექტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება ენიჭებათ „საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს“.
კანონმდებელი არ ირჯება იმის განმარტებით, თუ ვის გულისხმობს ამ ცნების ქვეშ. უშვებს, რომ ვისაც დასჭირდება ის გაიგებს-ან საკუთარი ცოდნით, ან კიდევ ვინმეს ჰკითხავს. ერთს არ ითვალისწინებს - ამ რჩევისთვის ხელისუფალი დაიქირავა ქართველმა ხალხმა და საორხელოდ არ უნდა ჰქონდეს მას საქმე. ენციკლოპედიურ დონეზე ცნობილია „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“, თუმცა ისიც ცნობილია, რომ მოცემული კანონის მიზნებისთვის შეიძლება იყოს სხვა განსაზღვრება და ამიტომ აუცილებელია კანონში განმარტების არსებობა. ეს ინსტიტუტებია: საერთაშორისო სავალუტო ფონდი (International Monetary Fund, IMF), მსოფლიო ბანკის ჯგუფი (World Bank Group), მათ შორის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (International Bank for Reconstruction and Development), განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (International Development Association, IDA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (international Finance Corporation, IFC), ინვესტიციების გარანტირების მრავალმხრივი სააგენტო (Multilateral Investment Guarantee Agency, MIGA), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, World Trade Organization (WTO). ასეთი ჩანაწერის შემდეგ ძალიან ძნელია კრიტიკა. ერთი კითხვა უნდა დავსვათ: რომელი ქვეყნის კანონში წერია მსგავსი რამ იქნებ ავტორებმა და საქართველოს მთავრობამ მიგვითითონ და როგორ მივიდნენ ამ აზრამდე? ამ ჩანაწერის დაკანონებით რა ელოდებიან? რა მიზნის შესრულებას ისახავენ მიზნად?
კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ ზემოაღნიშნული შეზღუდვა მიწის ფართობებთან დაკავშირებით „არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე“. ამ იურიდიულ პირებს შეუძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს საქართველოში. აქ ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ მიწა შესასყიდად გამოილიოს, მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა მათ გარდა, აღარ დარჩეს საქართველოში. ამით კომერციული ბანკებსა და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებს კანონპროექტის ავტორებმა უბრალო იურიდიული პირების პრივილეგიები არ ამყოფინეს და ის კიდევ უფრო გაუზარდეს.
ისე, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს ეროვნული ბანკი კოორდინირებულად არ მოქმედებენ აქაც ჩანს (ან მოქმედებენ და ასეთ რამეს აკეთებენ -ყველაფერი შეიძლება დაუშვა ამ კანონპროექტის ავტორებისგან). მაშინ როდესაც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუკრძალა (სამომავლოდ, სადაც ვირისა და პატრონის ბედი კიდევ უცნობია როგორ იქნება) კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა, მთავრობა უბიძგებს კომერციულ ბანკებს მიწათმფლობელობისკენ(?!), თუმცა ეს ამბავი არახალია.
უცხოელებზე მიწის ყიდვა-გაყიდვის აჟიოტაჟმა გადაფარა, თორემ 2013 წლის 28 ივნისის ცვლილებით უცხოელთა მიმართ 2014 წლის 31 დეკემბრამდე მიწის მიყიდვის ნორმის მოქმედების შეჩერების გვერდით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება დაშვებულ იქნა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომერციული ბანკებისთვის, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამ ნორმის მოქმედების დროს რაც მოხდა საქართველოში, ჯერ კიდევ შესასწავლი საკითხია. ფინანსურ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ მიცემული დრო გირაოში არსებული მიწების ვალის სანაცვლოდ გასაყიდად, თორემ, უპირობოდ ფლობის უფლება ბანკებისთვის იგივეს გამოიწვევს მიწებთან დაკავშირებით, რაც დღეს ბინებთან დაკავშირებით გვაქვს: ბანკებთან დავალიანების გამო უბინაოდ დარჩენილებს დაემატება უმიწოდ დარჩენილებიც.
სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში გადაცემა სასოფლო-სამეურნეო პროფილის იურიდიული პირების გარდა სხვა იურიდიულ პირებზე ეს იქნება უცხოელების მონაწილეობით, თუ მათ გარეშე, განსაკუთრებით კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებისათვის -არის კატასტროფა, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები საფრთხე ექმნება ქართველი ერის არსებობას!
გადაჭარბებული შეფასებაა?
მოვიტან რამოდენიმე მაგალითს, როგორც საქართველოს, ისე, მსოფლიო ისტორიიდან.
მაგალითი პირველი. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა თავადაზნაურობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დააგირავა თავისი მამულები ბანკებში, ვალები ვერ გადაიხადეს და დარჩნენ უმიწოდ. დაკარგეს რა დასაყრდენი, დაკარგეს საზოგადოებრივი ძალაც და დიდად შეუწყვეს ხელი თავისი სისუსტით იმას, რომ საქართველომ ვერ შეინარჩუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.იმის ნაცვლად, რომ თავიანთი გენეტიკა და ინტელექტი გამოეყენებინათ თუნდაც ილიას გვერდით დასადგომად, მას დაუწყეს მტრობა და მთელი ენერგია შეალიეს „დაგირავებული მამულების გაუსყიდაობის“, როგორც „უმაღლესი ჰუმანიზმისთვის“ ბრძოლას. ამ მოვლენამ „ბანკობიადის“ სახელი მიიღო. შედეგად ქართველები საქართველოში დარჩნენ უმიწოდ. რასაც, როგორც ზემოთ ითქვა, მოჰყვა სახელმწიფოებრიობის დაკარგვა.
მოცემული კანონპროექტი ამ ისტორიის ტრაგიკულად განმეორების საფუძველს იძლევა. თუ მაშინ საქართველოდან მასობრივი წასვლის საშუალება არ იყო, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია - უმიწოდ და უსახკაროდ დარჩენილი სადღაც ბედს ეწევა, მით უმეტეს, რომ შეიძლება იყოს ამ დროისთვის „უვიზო რეჟიმიც“ „გავინაღდოთ“!
მაგალითი მეორე. აფხაზეთ-სვანეთ-სამურზაყანოში, სამაჩაბლოში დაარიგეს რუსეთის პასპორტები და შემდეგ ეს გახდა მიზეზი საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის. დღეს დაპყრობილი ტერიტორია დანარჩენი საქართველოსთვის რა არის? ის რისი დათმობაც არ შეიძლება, თუ მიწა, რომელიც შეიძლება ყველამ იყიდოს? აფხაზეთის ფართობი 8700კმ2, ხოლო სამაჩაბლო 3800კმ2 , ანუ 870000 და 380000 ჰა-ს. იმ ფორმითა და იმ ფასად , როგორც ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო მიწებს ჰყიდდა, და როგორც ეტყობა კანონპროექტის მიხედვით მისი ავტორები იმ პოლიტიკის გაასმაგებულად გაგრძელებას აპირებენ, მთელი ამ 1250000ჰა-ს ფასი არის 1250000000 ლარი, ანუ 1,25 მლრდ.ლარი, ანუ იმდენი რამდენიც ბანკების ვალუტაში მევალეებმა თვენახევარში დაკარგეს ლარის გაუფასურების გამო! ხომ არ ვამზადებთ ამ მიწებს გასაყიდად, თუ გაყიდულია უკვე, და ეხლა გაფორმებაა საჭირო.
მაგალითი მესამე. ბელგიაში იყო მეფე ლეოპოლდ II(1835-1909 წწ), რომელმაც 1876 წელს ბრიუსელში ჩატარებულ გეოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე ცენტრალური აფრიკის დასავლეთის ფასეულობებთან და ცივილიზაციასთან საზიარებლად ჩამოაყალიბა რამოდენიმე არასახელმწიფო ორგანიზაცია („კონფოს საერთაშორისო ორგანიზაცია“,“ზემო კონგოს შესწავლის კომიტეტი“ და სხვ). ამ ორგანიზაციის სახელით ემისრები გაგზავნა კონგოში, რომელთაც ტომის ბელადებისგან ნებაყოფლობით, საფასურით მიღებული მიწები ამ ორგანიზაციების საკუთრებად გადააფორმეს. ამ ორგანიზაციების მესაკუთრე კი იყო ერთი კაცი- ლეოპოლდ II, რომელიც კონგოში არასდროს არ ჩასულა.ასე აღმოჩნდა მის ხელში 2 მლნ. კმ2, ანუ საქართველოზე (დაპყრობილი ტერიტორიების ჩათვლით) 28,5-ჯერ მეტი ტერიტორია.ლეოპოლდ II-მ ამ ტერიტორიაზე საკუთარი სახელმწიფო შექმნა.ის იყო ბელგიის მეფე და კონგოს სახელმწიფოს ყველა მიწის მფლობელი. მას დაეთანხმა 1884-1885 წლებში ბერლინის კონფერენცია. 10 მილიონამდე კაცის სიცოცხლე შეეწირა ტომის ბელადების მიერ მიწების არასამთავრობო, არაკომერციული, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიყიდვას. ლეოპოლდი 1909 წელს გარდაიცვალა, მაგრამ კონგოს მოსახლეობამ თავი მისგან 1960 წლამდე ვერ დაიხსნა, ხოლო ქვეყანა დღემდე ვერ დალაგდა ამ ისტორიული უკუღმართობის გამო.
მსოფლიო აკრიტიკებს ლეოპოლდ II-ს, მაგრამ ბელგიაში მან ბევრი რამ გააკეთა და მას პატივს მიაგებენ ბელგიელები. გამართლება ლეოპოლდს არა აქვს, მაგრამ კონგოელების ტრაგედია მისი ტომის ბელადებშია, რომელთაც არ ეყოთ ჭკუა-გონება, რომ მათთვის შეთავაზებულ წინადადებებში 5 -10 წლის შემდგომი შედეგი დაენახათ!
მაგრამ კონგოელ ტომის ბელადებსაც არ ჩაუდენიათ ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება -„ჩვენი ბელადები“ აპირებენ ამ კანონპროექტით. ისინი აპირებენ მოამზადონ კანონმდებლობა და თვითონ მოძებნონ ლეოპოლდ II , ან ლეოპოლდები( თუ ისინი უკვე მოძებნილი არ არის), რათა მიყიდონ საქართველო.
საყდრისი.....
დედა-სამშობლოს დედა-მიწის გაყიდვა....
შემდეგი ნაბიჯი აღარაა - ფეხქვეშ მიწა დაიწყებს წვას!!!
P.S. უკვე ვიღაცამ ჩართო მანქანა, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს ერთის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. შემდეგ ითქმება, რომ ოღონდ ბიძინა არა და ვინც გინდა ის იყოს. ასე ბევრჯერ მოხდა, ეხლა ხელს რა შეუშლის?!
ამის არ დაშვების შანსი აქვს ივანიშვილს, თუ მას კიდევ დარჩა რეალურად კულისებიდან მართვის რესურსი და თუ მას ამას მის წინააღმდეგ ამხედრების მიზნის მისაღწევად არ მიაწერენ. აგორებულ ტალღაზე მოსაქცევად საუკეთესო საშუალება ამ კანონის ამ სახით დაბლოკვა, მასში ჩადებული აზრების მხილებაა! ბიძინა ივანიშვილმა ლეოპოლდის აჩრდილი უნდა მოაშოროს საქართველოს, ან გაიზიაროს ქართველი ხალხის ტრაგიკული ხვედრი!
მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი