ვინ არის ირაკლი კობახიძე: „ჩვენი დროის გმირი“, თუ „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი გაუგებრობა?!

ვინ არის ირაკლი კობახიძე: „ჩვენი დროის გმირი“, თუ „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი გაუგებრობა?!

ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა მოჰყვა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძის დანიშვნას.

საზოგადოების გაოცების მიზეზი არა იმდენად მისი პოლიტიკური გამოუცდელობა და ახალგაზრდული ასაკი იყო, რამდენადაც ის, რომ იგი ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კობახიძის ვაჟიშვილია.

მართალია, ამ მითქმა-მოთქმას გიორგი კობახიძის (მამის) პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლა მოჰყვა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ახალი აღმასრულებელი მდივნისადმი კრიტიკული დამოკიდებულება ჯერაც არ დამცხრალა!

„კრიტიკოსები“ უკვე ღიად საუბრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მმართველი პარტიისა და ბურჯანაძის ინტერესები შეიძლება გადაიკვეთოს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისინი ან ერთ „უღელში“ ჩაბმულნი ვიხილოთ, ან, როგორც ქართულ პოლიტიკაში ხდება ხოლმე, ბურჯანაძე დღევანდელი კოალიციის (თუ არჩევნებამდე ცოცხალი დარჩა) სატელიტურ პოლიტიკურ ძალად იქცეს!

საზოგადოება უკვე კრიტიკულად აღიქვამს ირაკლი კობახიძის ნებისმიერ განცხადებას. განსაკუთრებული მსჯელობის საგანი ხდება მისი ბოლოდროინდელი „აღიარება“ საჯარო სექტორში  მომრავლებულ არაპროფესიონალ კადრებთან დაკავშირებით.

კობახიძე ხელისუფლების საკადრო სისუსტეს, ზოგადად ქვეყანაში არაპროფესიონალი კადრების დეფიციტით ხსნის და მიაჩნია, რომ მთავრობაში არაპროფესიონალების მომრავლება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს!

ძნელი სათქმელია, შეგნებულად მოუვიდა ახალგაზრდა პოლიტიკოსს ასეთი მძიმე „იაღლიში“, თუ უბრალოდ პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია, მაგრამ მთავრობის უსუსურობა და პროფესიონალი კადრების შერჩევაში პოლიტიკური ნების უქონლობა რომ გააშიშვლა, ფაქტია.

ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით მიგვაჩნია, რომ საქართველოში პროფესიონალი კადრების დეფიციტი ნამდვილად არ არის, მაგრამ კადრების შერჩევის კრიტერიუმები ვერავითარ კრიტიკას რომ ვერ უძლებს, მტკიცება არ სჭირდება!

როგორც ყოველთვის, დღესაც საჯარო სამსახურებში კადრების შერჩევა პარტიული ნიშნითა და ნეპოტიზმით ხორციელდება, რაც თავისთავად გამორიცხავს საკვანძო თანამდებობებზე (თუნდაც დაბალ იერარქიებზე) პროფესიონალების დასაქმებას. საქმე იმაშია, რომ პროფესიონალი, რომელსაც სწორი ხედვა გააჩნია, ძნელად სამართავია, ანუ, ზედმეტი თავის ტკივილი ხდება. ამას თუ პოლიტიკური ნების არქონასაც მივამატებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ პროფესიონალებზე მოთხოვნა მანამ არ იქნება საქართველოში, სანამ პროფესიული ნიშნით შერჩეული პარლამენტი და მთავრობა არ გვეყოლება!

სამწუხაროდ, დღევანდელი ტენდენციები იმაზე ფიქრის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა, რომ ამ თვალსაზრისით სერიოზული გარდატეხა შეიძლება მოხდეს!

ისე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ვინ არის იგი - „ჩვენი დროის გმირი“, თუ „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი გაუგებრობა, რომელიც ბეჭედს უსვამს დრევანდელი მთავრობის არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას!

                      ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: