მარიამ რამინაშვილი: "საატესტატო გამოცდები გაუქმდება და მოსწავლეები მის გარეშე ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში"

მარიამ რამინაშვილი: "საატესტატო  გამოცდები გაუქმდება და მოსწავლეები მის გარეშე ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში"

"ივერიონს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის" თანათავმჯდომარე განათლების სისტემაში მოსალოდნელ სიახლეზე  ესაუბრა

-ქალბატონო მარიამ, რატომ გახდა აუცილებელი ერთიანი  ეროვნული და საატესტატო გამოცდების ფორმისა და შინაარსის ცვლილება?

-იქიდან გამომდინარე, რომ ორივე გამოცდის არსებობა მშობლებშიც პროტესტს იწვევდა, რადგან ე.წ. რეპეტიტორთა ბაზარი ფართოდ დაკანონდა. ეს ცვლილება ქართული განათლების ევროპულ ყაიდაზე გადასვლამ გამოიწვია. საატესტატო გამოცდები გაუქმდება და მოსწავლეები მის გარეშე ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში. 

-თქვენი აზრით, იყო თუ არა ხარვეზიანი  საატესტატო გამოცდები?

-საატესტატო გამოცდები ბოლო დროს ფიქცია გახდა. ეს არის მეთოდი, რომელიც მოსწავლის რაოდენობრივ ცოდნას ამოწმებს, თუმცა საშუალო საფეხურის მოსწავლე  მხოლოდ ამით ვერ შეფასდება. ის უნდა შეფასდეს შერწყმული ქულით-ესაა საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი, რომელიც რაოდენობრივ ცოდნასაც მოიცავს და ანალიზის უნარსაც. ფაქტობრივად, საატესტატო გამოცდა გახდა სასკოლო ბარიერის გადალახვა-ვერგადალხვის მექანიზმი. ანუ ის მხოლოდ ერთ ფუნქციას ატარებდა, გაცემულიყო თუ არა საშუალო საფეხურის ატესტატი. ისე, საატესტატო გამოცდებმა ბევრი მოსწავლე შემოაბრუნა სკოლისკენ. 

-ვინ იმუშავებს ახალ საგამოცდო რეფორმაზე და ჩაერევა თუ არა ამ პროცესებში თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია?

-ეს საკითხი ჯერ ბუნდოვანია, არც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იცის რაიმე ამის შესახებ, მხოლოდ მინისტრის განცხადება ვიცით.  რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერევით ამ პროცესში, რათა სამართლიანობა და ობიექტურობა იყოს გამჭვირვალე, ხოლო  კორუფცია და ნეპოტიზმი არ იქცეს უმაღლეს სასწავლებლებში მიღების იარაღად. 

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: